ფოტოგრაფ ირაკლი ღუღუნიშვილის საბედისწერო გატაცება

ფოტოგრაფ ირაკლი ღუღუნიშვილის საბედისწერო გატაცება

მოტოციკლეტი სულ რამდენიმე თვის წინ შეიძინა და ოჯახის წევრებიდან, ეს მხოლოდ ძმამ იცოდა. 25 წლის ფოტოგრაფის, ირაკლი ღუღუნიშვილისთვის ეს ახალი გატაცება საბედისწერო აღმოჩნდა: 17 ოქტომბერს, ავტოავარიაში მოყვა... ირაკლი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ექიმის თქმით, მას თავის ტვინის, გულმკერდისა და მუცლის ღრუს დახურული, სიცოცხლისთვის შეუსაბამო პოლიტრავმები ჰქონდა...

მარიტა ჯანაშია, მოდელი:

- ძალიან თბილი, დადებითი და კეთილი ადამიანი იყო - სხვას ვერაფერს გეტყვით. ასეთი ადამიანი მეორე არ შეიძლება, ამქვეყნად იყოს... ბოლო წუთამდე არ მჯეროდა მისი გარდაცვალების ამბავი და ახლაც მიჭირს ამის დაჯერება... სისწრაფე ყოველთვის უყვარდა და ამის სულ მეშინოდა...

გიორგი ნაზღაიძე, ტელეწამყვანი, მოდელი:

- ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ირაკლი გამორჩეული ადამიანი იყო. გარწმუნებთ, ის გახლდათ პიროვნება, რომელზეც არასოდეს არავინ ცუდს არ იტყოდა. მესმის, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ არ მახსოვს, ვინმეს მისგან გული სტკენოდა. რაც უნდა დიდი პრობლემა გქონოდა და რთულ მდგომარეობაში ყოფილიყავი, საკმარისი იყო, ირაკლის გაღიმება გენახა, რომ ეს პრობლემები მაშინვე დაგავიწყდებოდა... როცა სოციალურ ქსელში ყველამ მისი ფოტოების ატვირთვა- გაზიარება დაიწყო, დაბადების დღეზე ვიყავი და ვერ გავიგე, რა ხდებოდა. ირაკლი არ გახლდათ ბაიკერი - მოტოციკლეტი მისი ახალი გატაცება იყო... როგორც გავიგე, მოულოდნელად, ავტომანქანის მძღოლი იმ გზაზე შეიჭრა, რომელზეც ირაკლი დიდი სიჩქარით მოძრაობდა და მან დამუხრუჭება ვეღარ შეძლო. ახლა ბევრი წერს, ნათელში იყოს ირაკლის სულიო. დარწმუნებული ვარ, მისი სული ნათელში იქნება. ამქვეყნად დარჩენილებმა ვიდარდოთ, სად მოვხვდებით.

სალომე გოგიაშვილი, ტელეწამყვანი:

-  უკვე აღარც ვიცი, მერამდენე შემთხვევაა, როცა გადაადგილების ამ საძაგელ საშუალებას კარგი ადამიანები ეწირებიან... პირველი არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ირაკლი, მართლაც, განსაკუთრებული, საოცრად თბილი და ყურადღებიანი ადამიანი იყო. ერთხელაც რომ გენახა, დაგამახსოვრდებოდა. კომუნიკაციის საოცარი ნიჭი ჰქონდა და იმ ქვეყნად წასვლით ათასობით ადამიანს ატკინა გული. გამუდმებით ამ ფაქტზე ვფიქრობ. ახლა უკვე აზრი არ აქვს იმაზე ლაპარაკს, რასაც აღარ ეშველება, მაგრამ მინდა მივმართო ყველას, ვისაც ამ ტრანსპორტის მიმართ ინტერესი აქვს: ან საერთოდ შეეშვით ამ გატაცებას, ან ძალიან ფრთხილად იყავით!

სოფო სულაძე, სტუდენტური სახე 2013:

- ირაკლი კონკურსის - "მის სტუდენტური სახე" ერთ- ერთი ორგანიზატორი და ჟიურის წევრი იყო. "ლიგ სტუდიო" ღონისძიების სპონსორი გახლდათ და კონკურსის პერიოდში ფოტოებს ირაკლი გვიღებდა. კონკურსი 14 ოქტომბერს გაიმართა, ეს უბედური შემთხვევა კი 17- ში, საღამოს მოხდა... ირაკლი იყო ადამიანი, ვისგანაც ყოველთვის უზომოდ დიდი სიკეთე, სითბო და სიხარული მოდიოდა. თავისი საქმის პროფესიონალი გახლდათ და ყველაფერს ყოველთვის ღიმილით, სიყვარულით აკეთებდა. ის ჩემთვის მეგობრობის ეტალონი იყო. ამქვეყნიდან ნაადრევი და მოულოდნელი წასვლით საოცარი ტკივილი მომაყენა. მან ძალიან მოკლე დროში შეძლო, ჩემთვის დაუვიწყარი გამხდარიყო... ირაკლის ძმის - ლაშას გარდა, მისი ოჯახის არც ერთმა წევრმა არ იცოდა, რომ მას მოტოციკლეტი ჰყავდა. მის ოჯახთან არ მქონდა შეხება, თორემ ამ ამბავს აუცილებლად ვეტყოდი. იქნებ დაეშალათ მისთვის მოტოციკლეტით სიარული...

ხატია სიჭინავა, ტელეწამყვანი:

- მოტოს აკრძალვის მოთხოვნით გამართულ ნებისმიერი სახის აქციაში სიამოვნებით ჩავერთვებოდი, თუმცა ვიცი, ეს არაფერს მოიტანს, მოტოციკლეტით სიარულს არავინ აკრძალავს. გადაადგილების ამ საშუალებას, პირადად მე, "მოსიარულე კუბოს" ვეძახი. ეს ტრანსპორტი ჩემთვის სიკვდილთან ასოცირდება. სწორედ ახლა, მე და ჩემი მეუღლე ირაკლის პანაშვიდზე მივდივართ და არც კი ვიცი, რა ძალამ შეიძლება, იქ მიმიყვანოს... ირაკლი და მისი ძმა - ლაშა ჩემთვის ყოველთვის პოზიტივთან, სიცოცხლის ენერგიასთან, ხალისთან ასოცირდებოდნენ. ჩვენ ახლო მეგობრები არ ვიყავით, მაგრამ მაინც, ჩემნაირებად ვთვლიდი ორივეს. თუმცა, არ მეგონა, ეს ბიჭი ასე თუ მიყვარდა. მისმა სიკვდილმა შემძრა... არც ვიცოდი, ირაკლის მოტოციკლეტი თუ ჰყავდა, ორივე ძმას მხოლოდ მანქანის საჭესთან ვხედავდი ხოლმე. ირაკლის გარდა, მედარდება ლაშა, რომლისთვისაც ტყუპისცალის დაკარგვა ბუნებრივია, აუტანელი ტკივილია. თანავუგრძნობ მათ ოჯახს. აღმოჩნდა, რომ ირაკლი არა მხოლოდ ოჯახმა, არამედ მთელმა საქართველომ დაკარგა... ჩემი მეუღლის დაბადების დღეს აღვნიშნავდით, როცა რამაზის მეგობარმა დაურეკა და უთხრა: ირაკლი ავარიაში მოყვა და ყველგან გადარეკეთ, იქნებ რამე უშველონო. რამაზი გაიქცა, მაგრამ უკან მალევე, დამწუხრებული დაბრუნდა, - ვერ მოვასწარი, გარდაიცვალაო. მაშინ არ ვიცოდი, რომ ირაკლი ღუღუნიშვილზე იყო ლაპარაკი, მაგრამ მაინც დავითრგუნე. სახლში მისულმა, სოციალური ქსელის საშუალებით შევიტყე, რომ ის ირაკლი, ვის გამოც რამაზს დაურეკეს, ფოტოგრაფი ირაკლი ღუღუნიშვილი ყოფილა...

კახა კუხიანიძე, მომღერალი:

- ზოგჯერ ძალიან უსამართლოა ცხოვრება. უსამართლობაა, როცა ასეთი სიცოცხლით სავსე, უზომოდ კეთილი ადამიანი ტოვებს სამყაროს. ამ ამბავმა ყველას დაგვწყვიტა გული, მაგრამ ბუნებრივია, ახლა ყველაზე მეტად ლაშას სჭირდება მხარდაჭერა და გვერდით დგომა. მათ სამაგალითო, გამორჩეული ძმობა ჰქონდათ.

P.S. "ცხოვრებაში არ ინერვიულო ორ რამეზე: ერთი - რომელსაც ეშველება და მეორე - რომელსაც არაფერი ეშველება" - ეს ფრაზა ირაკლი ღუღუნიშვილმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე, საბედისწერო მოვლენამდე რამდენიმე საათით ადრე დაწერა.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია