ბაჩო ახალაიას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებას ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, დაპირისპირება მოხდა.
საქმის პროკურორს, ლევან ბაჩიაშვილს, რომლის შუამდგომლობის საფუძველზე ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ ბაჩო ახალაიას მხარდაჭერებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც პროკურორის მხრიდანაც პასუხი მოჰყვა. სიტყვიერი შეურაცხყოფების შემდეგ, ფიზიკური დაპირისპირება სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა განმუხტეს.
პროკურორი და ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი მხარდამჭერი მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა სასამართლოს სხვადასხვა დარბაზებში შეიყვანეს.
ცნობილი გახდა, რომ პროკურორთან დაპირისპირებაში მყოფი პირი შეუძლოდ გახდა და ახალაიას ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლოში სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს მომხდარი დაპირისპირების დროს არავინ დაუკავებიათ. სასამართლოს შენობა ყველა პირმა დატოვა.
ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პროცესის განმავლობაში საქალაქო სასამართლოს ეზოსა და დერეფანში მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია..
დაპირისპირამდე, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ბრალდების მხარის პროკურორმა ლევან ბაჩიაშვილმა. მისი თქმით, სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება.
"ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დასაბუთებული შუამდგომლობით. შესაბამისად, ბრალიც დასაბუთებული იქნა. სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება", - განაცხადა ლევან ბაჩიაშვილმა.
იგი ბრალდების მხრის პოზიციასაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონო იყო.
"ეს არის დაცვის ტაქტიკა იძახოს, რომ მტკიცებულებები არ გვაქვს. ეს არის აბსურდი, საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია", - განაცხადა ლევან ბაჩიაშვილმა.