რა პრივილეგიით სარგებლობდა ციხეში გიორგი მარგველაშვილი?

რა პრივილეგიით სარგებლობდა ციხეში გიორგი მარგველაშვილი?

გიორგი მარგველაშვილი ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატია, ვინც ყველაზე დიდ საპატიმროში - გლდანის ციხეში საარჩევნო კამპანია ჩაატარა.

როგორც ცნობილია, ციხეებში საარჩევნო პროცესს დამკვირვებლების გარდა, ჟურნალისტებიც აკვირდებიან.

გლდანის ციხეში შესვლისას მედიის წარმომადგენლებს თვალში მოგვხვდა ციხის დერეფანში გაკრული პლაკატები გიორგი მარგველაშვილის გამოსახულებით.

დერეფნის ამ ნაწილში გადაღების უფლება არ მოგვცეს, თუმცა ციხის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მარგველაშვილის "პრივილეგირებულ მდგომარეობაზე" პირად საუბრებში განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, ციხეში იმ პოლიტიკური ორგანიზაციის პლაკატები გააკრეს, ვინც ციხის ადმინისტრაციას სააგიტაციო მასალა  მიაწოდა.

"ამბები.ge" რამდენიმე პრეზიდენტობის კანდიდატის პრესსამსახურს დაუკავშირდა.

"ნაციონალური მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარაიამ აღნიშნა, რომ დავით ბაქრაძის სააგიტაციო მასალა ციხეში გაგზავნილი იყო.

ნინო ბურჯანაძეს კი აზრად არ მოსვლია ციხეში კამპანიის წარმოება.

"სააგიტაციო მასალა ციხეებში არ გაგვიგზავნია და აზრადაც არ მოგვსვლია, აგიტაციის წარმოება სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც თუ შეიძლებოდა", - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, ბაკურ ბაკურაძემ.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პრეს-სამსახურის წარმომადგენელის, ნათია სვანაძის თქმით, ეს შეტყობინება თარგამაძის პარტიას ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან უნდა მიეღო, თუმცა მათ მსგავსი ინფორმაცია არ მისვლიათ.

"არ ვიცოდით თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეიძლებოდა კამპანიის წარმოება. სხვებმა როგორც გაიგეს, არ ვიცი", - განაცხადა სვანაძემ.

"ამბები.ge" ცესკო-საც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ყველა პარტიას და მონაწილეს, როგორც ელექტრონული ფოსტით, ასევე სატელეფონო ზარის მეშვეობით შეატყობინეს, რომ ციხეებში საარჩევნო პლაკატების გაკვრა შეიძლებოდა.

რატომ არ აქვს ზოგიერთ პარტიას ინფორმაცია და რატომ არ გამოიკრა სხვა კანდიდატების პლაკატები ციხეში, გაუგებარია.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ჯერჯერობით ამ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ხათუნა გაგნიძე, "ამბები.ge"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა