ახალი პრეზიდენტი ფიცს 17 ნოემბერს დადებს

ახალი პრეზიდენტი ფიცს 17 ნოემბერს დადებს

საქართველოს ახალი პრეზიდენტი ფიცს 17 ნოემბერს დადებს. სწორედ ამ დღიდან შეეძლება პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე , მოქმედ პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუწყდება.

ინაუგურაციის სახელით ცნობილ ცერემონიალთან დაკავშირებულ საკითხებს კონსტიტუცია და მასთან ერთად, "საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ" პრეზიდენტის ბრძანებულება განსაზღვრავს.

აღნიშნული ბრძანებულება 2001 წელს არის მიღებული. ბოლო ცვლილებება მასში 2003 წელს შევიდა და, როგორც "ინტერპრესნიუსს" მმართველ გუნდში განუცხადეს, პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალი სწორედ აღნიშნული დოკუმენტით დადგენილი წესების მიხედვით გაიმართება.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს უნდა გაიმართოს.

ინაუგურაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბრძანებულებაში წერია, რომ ინაუგურაციის დღეს პრეზიდენტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გვირგვინით ამკობს ილია ჭავჭავაძის საფლავს. შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და თანმხლები პირები პანთეონს შემოივლიან.

რაც შეეხება პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიას, პარლამენტის შენობის პრეზიდენტის ფლიგელის ფოიეში პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს ხვდებიან პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

ტრიბუნის წინ განლაგებულია სიმფონიური ორკესტრი, ხოლო ქუჩის მოპირდაპირე მხარეს – თავდაცვის სამინისტროს ორკესტრი. პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელში ჩამწკრივებულია საპატიო ყარაულის კორიდორი. რუსთაველის პროსპექტზე დგანან საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილები;

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დასაწყისში ცხადდება: "საქართველოს პრეზიდენტი". საპატიო ყარაულის ჯარისკაცები აღებენ პარლამენტის ჭიშკარს. საქართველოს პრეზიდენტი, მისი მეუღლე და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი იკავებენ ადგილებს ტრიბუნასთან განლაგებულ სავარძლებში. საქართველოს პრეზიდენტის ოჯახის წევრები და სხვა თანმხლები პირები იკავებენ მათთვის განკუთვნილ ადგილებს ტრიბუნის გვერდით, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იკავებს ადგილს ტრიბუნასთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე წარმოთქვამს სიტყვას და იწვევს საქართველოს პრეზიდენტს ფიცის დასადებად.

პრეზიდენტი მარჯვენა ხელს დებს კონსტიტციაზე და დებს ფიცს: "მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის".

ფიცის დამთავრებისთანავე სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და 7 საზეიმო საარტილერიო ზალპი. აღიმართება საქარ­თველოს სახელმწიფო დროშა. საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს საქართველოს მოსახლეობას.

სამარშო მუსიკის თანხლებით იწყება სამხედრო აღლუმი ჯარის ნაწილების მონაწილეობით. საქართველოს პრეზიდენტი ესალმება დამსწრე საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების აღსანიშნავად, საღამოს გაიმართება საზეიმო მიღება საქართველოს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით.

ამასთან, ინაუგურაცისთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. როგორც ჟურნალისტებს კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, ინაუგურაცია პომპეზური ღონისძიება არ იქნება.

სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას მთავრობის ფარგლებში ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისია შეიქმნება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა