"როგორ მოვიგეთ არჩევნები" - შალვა რამიშვილი მარგველაშვილის გამარჯვების საიდუმლოს ამხელს

"როგორ მოვიგეთ არჩევნები" - შალვა რამიშვილი მარგველაშვილის გამარჯვების საიდუმლოს ამხელს

გიორგი მრგველაშვილის შტაბის პიარ-სამსახურის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის წარმატების საიდუმლოს ამხელს.

როგორ მოვიგეთ არჩევნები

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დამთავრდა

ჩვენ მოვიგეთ!

საქართველოში პირველად ჩატარდა აჩევნები, რომლის განმავლობაშიც არ უცემიათ აქტივისტები, ხელისუფლებას სატელევიზიო ეთერით არ გაუშვია კონკურენტის მაკომპრომენტირებელი ფარული ჩანაწერები. ჩვენ არ მოგვიხდენია აზერბაიჯანელი და სომეხი თანამოქალაქეების მასობრივი ძალდატანებითი მობილიზაცია საარჩევნო ყუთებთან. ეს იყო თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები

რატომ მოვიგეთ ასე მაღალი პროცენტით?

იმიტომ რომ თავიდანვე სწორი სტრატეგია ავირჩიეთ.

როცა კამპანიას იწყებ სწორად უნდა განსაზღვრო რას აწვები.

როგორი იყო მოცემულობა:

ჩვენ გვყავდა და გვყავს ხელისუფლება, რომელმაც კარგად იმუშავა. გაატარა ბევრი სოციალურად ორიენტირებული რეფორმა. ბიძინა ივანიშვილს, ამ ხელისუფლების ლიდერს, ძალიან მაღალი რეიტინგი ჰქონდა და აქვს. გიორგი მარგველაშვილი - მის მიერ დასახელებული კანდიდატი, გამოირჩეოდა სუფთა წარსულით, იყო კარგი მენეჯერი, უშუალო ადამიანი, პრინციპული, განათლებული.

გვყავდა მესაბოტაჟე და დაბოღმილი პრეზიდენტი, რომელიც ყველანაირად (საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში) ცდილობდა ხელისუფლებისათვის ხელის შეშლას. ჩვენთვის ცხადი იყო, რომ პიარი ამ მოცემულობის გათვალისწინებით შემდეგი მიმართულებით უნდა წაგვეყვანა:

მთავრობა კარგად მუშაობს და ხალხი ამას გრძნობს. სამწუხაროდ ხელს კოჰაბიტაცია გვიშლის. კოჰაბიტაცია სჭირო იყო რადგან სხვა შემთხვევაში ცივილიზებული სამყარო იზოლაციაში მოგვაქცევდა, მაგრამ გიორგის არჩევით დამთავრდება კოჰაბიტაცია და გაძლიერდება წინსვლა.

ასეთი კამპანია იმავდროულად ნიშნავდა მთავრობის საქმიანობის რეკლამირებასაც. ეს იქნებოდა პოზიტივზე ორიენტირებული კამპანია. გადაწყდა, რომ ჩვენ არ მივმართავდით არანაირ შავ პიარს. არ შევახსენებდით კონკურენტებს მათ წარსულს. ვილაპარაკებდით მხოლოდ საკუთარ თავზე და ჩვენს კონსტრუქციულ გეგმებზე. იმაზე თუ როგორ განვაგრძობთ წინსვლას. ჩვენი მთვარი კოზირი ბიძინა გახლდათ. კაცი, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობიან ამ ქვეყანაში. მისი აქტიური მხარდაჭერა კამპანიისას ერთი-ორად ზრდიდა ჩვენს ეფექტურობას. რა თქმა უნდა მისმა ფაქტორმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ გამარჯვებაში.

მსგავს კამპანიას სკეპტიკოსებიც გამოუჩნდნენ. ხშირად მესმოდა, რომ გიორგის პიარი არ უვარგა. რომ კამპანია დუნედ მიმდინარეობს. რომ კონკურენტებს მეტი სატელევიზო რეკლამა თუ ქუჩის ბანერი აქვს. ხალხი მიჩვეული იყო სხვანაირ არჩევნებს. ჩვენ გვთხოვდნენ გაგვეკეთებინა სატელევიზო რგოლები, რომლითაც ნაციონალებს ან ბურჯანაძეს შევახსენებდით მათ წარსულს. ჩვემ მოგვიწოდებდნენ, რომ დავპირისპირებოდით ბაქრაძეს ან ბურჯანაძეს. ასეთი პროპაგანდის წარმოება ძალზედ იოლი იქნებოდა. მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ არაფრის შეხსენება საჭირო არ არის, რომ ხალხი არაა მეხსიერებაწაშლილი ზომბების გროვა. ჩვენ ყველაფერი სწორად გავთვალეთ.

აი, კონკურენტებმა კი სტრატეგიული შეცდომები დაუშვეს. განსაკუთრებით ქალბატონმა ბურჯანაძემ. მან მცდარად ჩათვალა, რომ კამპანია დესტრუქციაზე უნდა აეგო. თავიდანავე არასწორად დაიწყო ბურჯანაძემ. ის ავრცელებდა ჭორებს რომ გიორგი კი არაა სინამდვილეში ბიძინას დასახელებული რეალური კანდიდატი, არამედ თვითონაა პრემიერის რჩეული. ამუშავეული იყო ასეთი ჭორების გამავრცელებელი მანქანა, რომელმაც რა თქმა უნდა ვერ გაამართლა. ქ ნი ნინო გაიჭედა მთავარ დაპირებაშიც, რომელიც ძალიან ეფემერულ „სამართლიანობის აღდგენას“ გულისხმობდა. ახალ პრეზიდენტს არ ექნება საპროკურორო ფუნქციები. ქ ნი ნინო კი გვპირდებოდა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ყველა ნაციონალს ციხეში ჩასვავდა. ეს შეიძლება მოქმედებდა რადიკალურად განწყობილ ელექტორატზე, მაგრამ ასეთი ადამიანების რიცხვი მცირეა. გარდა ამისა თავად ქ- ნი ნინოსგან სამართლიანობის აღდგენაზე ლაპარაკი უხერხულიც იყო. ყველას გვახსოვს მისი პოლიტიკური წარსული. ხალხმა მას არ დაუვიწყა არც 7 ნოემბრის და არც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაპრავება. მოკლედ, მიუხედავად ავტობუსებზე გაკრული ბანერების და მიტინგებზე ფულით მიყვანილი მოქალაქეების სიმრავლისა, ბურჯანაძემ წააგო. მასთან ერთად წააგო ჭორებზე, პოლიტიკანობაზე დაფუძნებულმა პოლიტიკამ. წააგო იმ პარადიგმამ, რომ მოსახლეობას შურისძიება სწადია, რომ ხალხს არ ახსოვს უახლოესი წარსული. რომ ბურჯანაძე „ბრძენი და გამოცდილი“ პოლიტიკოსია, რომლისაც ბრმად უნდა გვჯეროდეს.

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას. ბაქრაძის მაღალი პროცენტი სამი ფაქტორითაა განპირობებული.

1) ნაციონალებს ჯერ კიდევ ჰყავთ ეფექტური გუნდი, რომელმაც იცის როგორ უნდა აკეთოს არჩევნები. მართალია გაყალბების მძლავრი რესურსი მათ აღარ აქვთ, მაგრამ საარჩევნო კამპანიის დაგეგმვა შეუძლიათ და საამისო ფულიც გააჩნიათ

2) ნაციონალებს ჯერ კიდევ ჰქონდათ ადმინისტარციული რესურსი გუბერნატორებისა და გამგეობებისა თუ საკრებულოების სახით

3) მათ მიერ დასახელებული კანდიდატი, უქარიზმო და მოდონდლო ბაქრაძე პირდაპირ არ იყო ასოცირებული რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან.

მაგრამ ნაციონალების დაღმასვლა გაგრძელდება. პრეზიდენტი მიშა სერიოზული ფაქტორი იყო მათ სასარგებლოდ. ახლა სააკაშვილის ბედი გაურკვეველია. ნაციონალებს გამოეცალათ გუბერნატორები. სულ მცირე ხანში, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ისინი თვითმმართველობაშიც დაკარგავენ პოზიციებს. რ-2 მოიხსნის ნაცმოძის პროპაგანდის უღელს (ეს თავად რ2-ელებმა უნდა უზრუნველყონ). დაახლოებით ერთ წელიწადში ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი განახევრდება. მანამდე გამოჩნდება ჯანსაღი ოპოზიციური ძალა, რომელიც ღირსეულ ოპონირებას გაუწევს ხელისუფლებას.

ახლა ორიოდ სიტყვა საკუთარ თავზე. ბევრ სფეროში მიკეთებია რაღაცეები, პოლიტიკა და არჩევნები ჩემთვის უცხო არ გახლდათ, მაგრამ პირველად ვუხელმძღვანელე სახელისუფლებო კანდიდატის პიარს. მე ვამაყობ, რომ ბოლო სამი თვე გავატარე ძალიან საქმიანი, პროფესიონალი და ერთგული ადამიანების გარემოცვაში. გიორგი კარგი პრეზიდენტი იქნება. მასთან მუშაობა ერთი სიამოვნებაა. ჩვენი შტაბი ეფექტური გახლდათ, ხოლო პიარის და პრესსამსახური სამსახური კი კარგად შეკრულ გუნდად ჩამოყალიბდა. მადლობა თქვენ.

მთავარი მადლობა კი თქვენ, ჩემო თანამოქალქენო, რომ დააფასეთ ჩვენი შრომა, რომ დაუჯერეთ ბიძინას, ირწმუნეთ, რომ გიორგი მართლა მაგარი კაცია და მოგვეცით ხმები", - წერს რამიშვილი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამება დაასრულა. საარჩევნო ადმინისტრაციამ 3,741 უბნის შედეგები დათვალა.

წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ხმების 62,11 % მოიპოვა, მას მხარი 1 012 214-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.

დავით ბაქრაძემ ხმათა 21,73 %, 354 206 ხმა მიიღო, ნინო ბურჯანაძემ კი - 10,18 %, 165 933 ხმა მიიღო.

შალვა ნათელაშვილს მხარი ამომრჩეველთა - 2,88%-მა, გიორგი თარგამაძეს კი 1,06 %-მა დაუჭირა.

დანარჩენმა კანდიდატებმა ერთ პროცენტზე ნაკლები ხმა მიიღეს. არჩევნებში სულ 23 კანდიდატი მონაწილეობდა.

საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი 1 661 273-მა ამომრჩეველმა გააკეთა, რაც საერთო რაოდენობის 46.96%-ს შეადგენს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა