"საქართველომ საკუთარი მედვედევი აირჩია" - რუსული მედია ქართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე

"საქართველომ საკუთარი მედვედევი აირჩია" - რუსული მედია ქართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე

"საქართველომ საკუთარი მედვედევი აირჩია" - ამ სათაურით აქვეყნებს რუსული გამოცემა "მოსკოვსკი კომსომოლეცი" მარინა პერევოზკინას სტატიას. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ქართველი ამომრჩეველი გაზეთის პროგნოზის შესაბამისად მოიქცა: "ქართული ოცნების" კანდიდატმა" და პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის პროტეჟემ - ფილოსოფოსმა გიორგი მარგველაშვილმა პირველ ტურში გაიმარჯვა. უბნების 90,99% დათვლის შემდეგ მან ხმების 62,09% მოაგროვა, მეორე ადგილზეა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი დავით ბაქრაძე 21,9%-ით და მესამეზე - ნონო ბურჯანაზე 10,06%-ით გავიდა.

რას ნიშნავს საქართველოს არჩევნების ეს შედეგები? პირველ რიგში ექსპერტები წინა არჩევნებთან შედარებით დაბალ აქტივობას აღნიშნავენ - სულ 46,6%. ეს პირველ რიგში დაკავშირებულია იმასთან, რომ ეს არჩევნები ქვეყნის ბედს არ წყვეტდა.

ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტის უფლებები მნიშვნელოვნად შეზღუდულია - წერს მარინა პერევოზკინა - მთავარი ფიგურა სახელმწიფოში პრემიერი ხდება. პასიურობა ძირითადად "ქართული ოცნების" ელექტორატმა გამოავლინა: ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი კანდიდატი მათი მონაწილეობის გარეშეც გაიმარჯვებდა.

სამაგიეროდ, "ნაციონალებმა" ყველა თავისი რესურსის მობილიზება მოახდინეს და მათი ამომრჩევლები უბნებზე სრული შემადგენლობით გამოცხადდნენ. რესურსები კი - მათ შორის ადმინისტრაციული, ბევრი დარჩათ. საკმარისია ითქვას, რომ ქალაქის მერი უგულავა - სააკაშვილის უახლოესი მოკავშირეა.

პარტიამ, რომელიც მთავრობაში 10 წელი იყო, დღემდე ბევრი ადმინისტრაციული ბერკეტი შეინარჩუნა: მას პარლამენტში 40%-ზე მეტი ჰყავს, მათი დანიშნული გამგებლები, მათი მომხრეები - ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში, სასამართლოებში, ძალოვან სტრუქტურებში. ამიტომ ბაქრაძის შედეგები "ნაციონალების" სრულ მარცხს ნიშნავს.

მას ფაქტობრივად მხოლოდ თანაპატრიელებმა და ოჯახის წევრებმა მისცეს ხმა და ასევე "ნაციონალებისგან" კარიერისა და კეთილდღეობით დავალებულებმა. ამასთან, ბურჯანაძემ ხმები არა ბაქრაძეს, არამედ მარგველაშვილს წაართვა: მისი ელექტორატი იგივეა, რაც "მეოცნებეების", მხოლოდ უფრო რადიკალური".

ავტორი აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ერთ-ერთი მრჩევლის თქმით, "მეოცნებეებისთვის" გაცილებით მომგებიანია ოპოზიციად საბოლოოდ "დაცემული" სააკაშვილის მომხრეები ჰყავდეს.

"თავად გიორგი მარგველაშვილის პიროვნებას ქართველი ამომრჩევლისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ იგი ივანიშვილმა დაასახელა. საქართველოში ყველაზე იდუმალი ოლიგარქის ავტორიტეტი  უწინდებურად ისეთი მაღალია, რომ ქვეყანაში ხუმრობენ: "მას იატაკის საწმენდი ჯოხიც რომ დაეყენებინა, ისიც კი "მიშისტების" ნებისმიერ კანდიდატს აჯობებდაო".

პრეზიდენტის კანდიდატად დასახელებამდე მარგველაშვილი ნაკლებად ცნობილი იყო. მოკრძალებული, დიდ ამბიციებს მოკლებული ადამიანი, მან მთელი ცხოვრება მესამეხარისხოვან თანამდებობებზე გაურკვეველ ფირმებში გაატარა, ტურისტულ გიდადაც კი მუშაობდა. იგი სააკაშვილზე ორი წლით უმცროსია. მაგრამ თუ უკანასკნელის ოჯახი თბილისურ ნაღებ საზოგადოებას მიეკუთვნებოდა და საბჭოთა ელიტაშიც კი შედიოდა (ბაბუა კგბ-ს მაღალჩინოსანი, დიდი ბაბუა - სტალინის მეგობარი), საქართველოს ახალი პრეზიდენტის მამა - რიგითი პარტმუშაკია. ცნობილია, რომ 44 წლის პოლიტიკოსი დაქორწინებული არაა, მაგრამ ქალიშვილი ჰყავს. ასე რომ, ქართველი ლამაზმანებისთვის გარკვეული პერსპექტივები იხსნება.

განათლებით საქართველოს ახალი პრეზიდენტი - ფილისოფოსია და დოქტორის ხარისხი აქვს. საქართველოს ფილოსოფიური მეცნიერებების დოქტორი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია უკვე ჰყავდა. საბედნიეროდ, ფილოსოფიის დოქტორი მარგველაშვილი ზვიადს არ ჰგავს. ერის ქარიზმატული ლიდერი მისგან ნაკლებად გამოვა. განათლება მან თბილისის უნივერსიტეტში მიიღო, რომელიც 1992 წელს დაამთავრა. "ზვიადიზმის" აყვავება და სამოქალაქო ომი მის სტუდენტურ წლებს დაემთხვა. შემდეგ ცოტა ხნით ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, პრაღაში სოციოლოგიას სწავლობდა.

შრომითი საქმიანობა 23 წლის ასაკში ტურისტულ სააგენტო Caucasus Travel-ში გიდად დაიწყო, შემდეგ კიდევ რამდენიმე ოფისი გამოიცვალა, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ფილისოფიასა და კულტურას ასწავლიდა. 2000 წელს მარგველაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (Georgian Institute of Public Affairs - GIPA) რექტორი გახდა, სადაც 8 წელი იმუშავა. როგორც ჩანს, სწორედ ეს გახდა მისი პოლიტიკური კარიერის ათვლის წერტილი. 2001-2003 წლებში GIPA-ში ლექციებს მომავალი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია კითხულობდა.

პრემიერის სიკვდილის შემდეგ, 2006 წელს მარგველაშვილმა წიგნი " ჩვენი თაობის პრივილეგია" გამოუშვა. როდესაც 2008 წელს ექს-სპიკერმა ნონო ბურჯანაძემ "დემოკრატიული განვითარების ფონდი" დააარსა, მისი ერთ-ერთი მრჩეველი მარგველაშვილი გახდა.

კოალიცია "ქართული ოცნების" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ივანიშვილმა მას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტი შესთავაზა. მას შემდეგ რაც თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საპრეზიდენტო ამბიციებს პრემიერთან კონფლიქტი მოჰყვა, ივანიშვილმა იგი ვიცე-პრემიერის პოსტიდან გაათავისუფლა. 2013 წლის თებერვალში ივანიშვილმა ვიცე-პრემიერად მარგველაშვილი დანიშნა, რომელიც მალე პრეზიდენტის კანდიდატად დაასახელა".

სტატიის ავტორი ხაზს უსვამს, რომ მარგველაშვილი - ესაა ადამიანი, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ კარიერას მთლიანად ივანიშვილს უმადლის (როგორც მედვედევი თავის დროზე პუტინს). და ამას იგი არასდროს დაივიწყებს. პერევოზკინასთვის წარმოუდგენელია, რომ იგი ივანიშვილს თავზე გადაახტება და მისი კონტროლიდან გამოვა.

"რაც შეეხება სააკაშვილის მომავალ პერსპექტივებს, აქ მსგავსი სიცხადე არ არის. ანუ ცხადია, რომ საქართველოში პოლიტიკური მომავალი მას არ აქვს. გაუგებარია, მისცემენ თუ არა მას საერთოდ საქართველოში მშვიდად ცხოვრების უფლებას, თუ ჩემოდნების სასწრაფოდ ჩალაგება მოუწევს.

ეჭვგარეშეა, ყველა ალტერნატიული აეროდრომი მან უკვე დიდი ხანია მოამზადა და აუცილებელი საწვავით მოამარაგა. მაგრამ მაინც ქვეყნიდან გაქცევა მისი კარიერის ზედმეტად სამარცხვინო ფაქტია.

ქართველ ამომრჩევლებს "მიშისტების" და პირველ რიგში თავად სააკაშვილის სისხლი სწყურიათ, მაგრამ მისი დასავლელი ლობისტები ქვეყნის მთავრობას ექს-პრეზიდენტის დაკავების შემთხვევაში, ევროინტეგრაციის პროცესის შენელებით აშანტაჟებენ. მაგრამ არის ნიშნები, რომ სააკაშვილი, მის მშობლიურ საქართველოში ციხეში აღმოჩნდეს, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას დაღუპვის საქმეზე გამოძიება განახლდა.

ამ დროს კი სააკაშვილი, მთელი ორშაბათი დილა ანაკლიის სანაპიროზე შორტებში დარბოდა. სადაც განაცხადა, რომ დასასვენებლად წასვლას აპირებს. მე მას დასვენებისთვის იმ ქვეყანას ვურჩევდი, რომელთანაც საქართვველოს ექსტრადიციის ხელშეკრულება ხელმოწერილი არ აქვს",- წერს "მოსკოვსკი კომსომოლეცის" ჟურნალისტი.

გამოცემა "კომსომოლსკაია პრავდა" აქვეყნებს ვლადიმირ ვორსობინის და ელენა ჩინკოვას სტატიას სათაურით - "თბილისი კვლავ რუსულად ლაპარაკობს". სტატიის ავტორები კითხვაზე, რას ნიშნავს რუსეთისთვის საქართველოს ხელისუფლებაში ცვლილებები, წერენ რომ "არაფერს. თითქმის არაფერს. თუ ცნებაში -"თითქმის" ზოგიერთ პატარა დაკვირვებას ვიგულისხმებთ.

მაგალითად, ახალი მთავრობის პირობებში თბილისი უცებ რუსულად ალაპარაკდა, ქუჩებში კი ავტომობილებიდან შანსონი ისმის. გადამცვლელ პუნქტებში რუბლი უფრო მოთხოვნად ვალუტად იქცა. ირგვლივ რუსულენოვანი წარწერებია. ოფიციალური მთავრობა რადიკალებს არწმუნებს - დროა მოსკოვთან შერიგების ...

უმნიშვნელოა, იტყვით ... გეთანხმებით. რას ნიშნავს რამდენიმე ნაბიჯი ერთმანეთისკენ, როდესაც ჩვენს შორის - სოხუმი-ცხინვალის უფსკრულია. მაგრამ ჩემი ნაცნობი, ცნობილი პუბლიცისტი ანდრეი ეპიფანოვი თვლის, რომ სრულიად შესაძლებელია, გავიდეს კიდევ 10-15 წელი და "ჩვენ მოწმე გავხდეთ იმის, რომ საკმაოდ მობერებული სააკაშვილი ტრიბუნაზე გამოვა და ტკივილნარევი ხმით ნატოს მძიმე მემკვიდრეობასა და საქართველოს რუსეთისკენ გულწრფელ სწრაფვაზე ისაუბრებს",- წერენ "კომსომოლსკაია პრავდას" ჟურნალისტები. 

მომზადებულია mk.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია