რით იწყნარებდა ნერვებს ლეილა მესხი

რით იწყნარებდა ნერვებს ლეილა მესხი

თბილისში ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემია 1996 წლიდან ფუნქციონირებს და მას დამაარსებელი ხელმძღვანელობს. დილიდან კორტებზე ვარჯიშებია. ახალი თაობის რამდენიმე წარმომადგენელი თავიანთი საჩოგბურთო კარიერისათვის მზადებას გადის. ისმის ბურთის ჩოგანზე დარტყმის რიტმული ხმები. ამ დროს ლეილა მესხი თავის კაბინეტში ზის. ჩოგბურთელს თავისი სპორტული კარიერის დასაწყისსა და დღევანდელობაზე სასაუბროდ შევხვდით...

მიზანი

- დედა ექიმი გახლავთ, მამა - ინჟინერი. ჩემი და ჩემზე ოთხი წლით უფროსია. მამა ამბობდა, მეორე ბიჭი თუ გაჩნდება, ფეხბურთზე უნდა მივიყვანოთ, თუ გოგონა იქნება - ჩოგბურთზეო. მას სპორტის ეს ორივე სახეობა ძალიან მოსწონდა და ასე ჰქონდა ჩაფიქრებული.

- მიხეილ მესხთან ნათესაობა ხომ არ გაკავშირებთ?

- არა. სხვათა შორის, მესხები ცოტანი არ არიან, მაგრამ ეს გვარი უფრო გაფანტულია და დიდი სანათესავო წრეები არ არსებობს. ჩვენც ძალიან ცოტა ნათესავი გვყავს. რაც შეეხება დედას, ის უკრაინელია და მისი ნათესავები უკრაინაში ცხოვრობენ... 7 წლის რომ გავხდი, მამამ მე და ჩემი და კორტებზე მოგვიყვანა, სადაც ახლა ვიმყოფებით. ჩემმა პირველმა მწვრთნელმა გურამ თოხაძემ გამსინჯა და თქვა, ნიჭიერი გოგონაა და კარგია, რომ მოიყვანეთო. ჩემმა დამ ჩოგბურთზე ცოტა ხანს იარა, დიდად არ მოეწონა და დემონსტრაციულად თქვა უარი ვარჯიშზე. მე კი თითქოს არც მქონდა ამის უფლება, მამა იმდენად იყო მონდომებული და ჩემი სჯეროდა.

- თქვენ არ გქონდათ სურვილი, ვთქვათ, ცეკვაზე გევლოთ, ან სპორტის რომელიმე სხვა სახეობაზე?

- ცეკვაზე ცოტა ხანს დავდიოდი, მაგრამ მამას იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა, ჩოგბურთს გავყოლოდი, ეს მეც ჩამინერგა და საკუთარ გადაწყვეტილებაში დამარწმუნა. დღეს ამ თემას რომ ვაფასებ, ვფიქრობ, რომ მშობლის დამოკიდებულება და რწმენა ნებისმიერი ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 5-6 წლის ასაკში ბავშვმა არ იცის, რა უნდა და რა არჩევანი უნდა გააკეთოს, ეს უკვე მოგვიანებით `მოდის~. ასაკთან ერთად ხვდები, რა მოგწონს და რა არა, მაგრამ პატარაობაში ძალიან იშვიათი და არარეალურია, რომ შენს სურვილებში ერკვეოდე. ვფიქრობ, ყველა ბავშვისთვის აუცილებელია, რაღაცაზე იყოს ორიენტირებული...

კორტი შინ და გარეთ

... 37-ე, რუსული სკოლა დავამთავრე. ეს საბჭოთა კავშირის პერიოდი იყო, მოსკოვში ხშირად ვრჩებოდი 6-6 თვით და იქ ვვარჯიშობდი. სვანეთის უბანში გავიზარდე, სადაც ჩემს მშობლებს საკუთარი სახლი და ძალიან ლამაზი ეზო ჰქონდათ. დედა ხეხილს, ყვავილებს უვლიდა. სამსახურის შემდეგ შინ რომ ბრუნდებოდა, უყვარდა მათი მოვლა. ერთ დღეს მამამ ყველაფერი გადაჩეხა, ეზოში ასფალტი დააგო და გამიკეთა ნახევარი მოედანი. ეს ფაქტი ძალიან კარგად მახსოვს. დედა ამის წინააღმდეგი იყო და ისტერიკა ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მას შემდეგ დილით და საღამოს - კორტებზე, ხოლო შუადღეს შინ ვვარჯიშობდი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ 24 საათს ვვარჯიშობდი.

- ბებია-ბაბუებს მოესწარით?

- მამას მშობლები ადრე დაეღუპა, დედის მშობლებთან კი უკრაინაში დავდიოდით. ბებია-ბაბუას 8 წლამდე ვსტუმრობდი, რადგან შემდეგში, აქტიური სპორტული ცხოვრება რომ დამეწყო, მათ ისე ხშირად ვეღარ ვნახულობდი. თან, ასაკშიც იყვნენ და გარდაიცვალნენ. სამწუხაროდ, ის სიყვარული, რასაც დღეს ჩემი შვილები განიცდიან ბებია-ბაბუის მიმართ, მე არ მქონია...

წარმატება

... ჩემი გზა, ჩოგბურთს ვგულისხმობ, იმდენად სწრაფად ვითარდებოდა და თან შედეგსაც ვხედავდი, რომ ამით სიამოვნებას ვიღებდი. ცუდად არ მინდა გამოვიდეს, მაგრამ, ფაქტობრივად, ბავშვობა არ მქონია. როცა სხვები ეზოში თამაშობდნენ, მე ვარჯიშზე ვიყავი, ბავშვები დაბადების დღეებზე მიდიოდნენ, მე შინ ვრჩებოდი, რადგან 9 საათზე ვიძინებდი და დილით 6-ზე ვდგებოდი. თუმცა დღეს ამას არ ვნანობ, როცა თუნდაც წვალებისგან შედეგს იღებ, სანანებლად აღარ გრჩება. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი რომ გავხდი, ეს იყო ის შედეგი, რომლისკენაც მივისწრაფოდი. საქართველოშიც ჩემზე 3-4 წლით უფროსებში ვლიდერობდი. შეიძლება ითქვას, ამ კუთხით ბავშვობიდან ლიდერი ვიყავი როგორც საქართველოში, ისე მთელ საბჭოთა კავშირში.

- ამდენი ვარჯიშის გამო პროტესტის შეგრძნება არასოდეს გქონიათ?

- ბუნებრივია, პროტესტის მცირე განცდა მქონდა, მაგრამ ისეთი არა, რომ მამასთან მეჩხუბა, ან მეთქვა, რომ ჩოგბურთს თავს ვანებებდი. პროტესტი შეიძლება მქონოდა საკუთარი თავისადმი ამა თუ იმ თამაშთან დაკავშირებით. ვწუხდი, როცა რამე არ გამომდიოდა, მაგრამ კატეგორიულად არასოდეს მითქვამს, რომ ჩემი საქმე არ მომწონდა.

- არდადეგებს სად ატარებდით?

- არდადეგებს ვატარებდი გაგრაში, რადგან ნაკრების ცნობილი მწვრთნელი სერგეი ანდრეევი იქ ისვენებდა და მასთან ჩასული ვვარჯიშობდი ხოლმე. გარდა ამისა, იმ პერიოდში წელიწადში 10 დღე მქონდა, როცა ნამდვილად ვისვენებდი, რადგან ბუნებრივია, ამგვარი განტვირთვა აუცილებელია.

1990-1991 წლიდან, როცა უკვე სპორტსმენებს გაგვიმართლა და ყველამ ჩვენი ქვეყნის სახელით დავიწყეთ თამაში და არა საბჭოთა კავშირის, ინდივიდუალური კონტრაქტები დაიწყო. თუმცა, მანამდე ჩემი სპორტული კარიერის დიდი ხნის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის სპორტის კომიტეტს ვუხდიდით დიდ თანხებს. შემდეგ უკვე დავიწყეთ ჩვენი მოგებული თანხის თავადვე აღება. ეს ეტაპიც რთული აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირის სპორტკომიტეტს რომ გამოვეყავით, პირველად ამერიკაში მე და დედაჩემი გავფრინდით. ანგარიშზე სულ 18 ათასი დოლარი მქონდა. იქიდან ბილეთების შესაძენად, სასტუმროში 9 ათასი დოლარი დავხარჯეთ. მაშინ ვამბობდი, ახლა რომ არ გავიმარჯვო, როგორ უნდა ვიარო და თანხა საიდან უნდა ვიშოვო-მეთქი. მაგრამ ძალიან გამიმართლა, ეტყობა, ვგრძნობდი, რომ აუცილებლად კარგად უნდა მეთამაშა, თორემ სამომავლოდ ვეღარაფერს გავაკეთებდი. ამერიკაში საკმაოდ დიდი ტურნირი მოვიგე, რომელიც ჩემს კარიერაში ერთ-ერთი მიშვნელოვანია და დავამარცხე ისეთი ჩოგბურთელები, როგორებიც არიან ჯენიფერ კაპრიატი, ნატაშა ზვერევა და მარტინა ნავრატილოვა. 1991 წელს ეს იყო ყველაზე დიდი მოგება და ყველაზე დიდი ჰონორარი, რომელიც იქ ავიღე. მაშინ ამოვისუნთქე და ვთქვი, ახლა შემიძლია, ისე ვითამაშო, რომ ფულზე არ ვიფიქრო-მეთქი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია