გოგი გვახარიამ ზაზა ურუშაძის "მანდარინები" დაიწუნა

გოგი გვახარიამ ზაზა ურუშაძის "მანდარინები" დაიწუნა

კინომცოდნე გოგი გვახარია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ზაზა ურუშაძის ახალი ფილმის - "მანდარინების" მოკლე რეცენზიას აქვეყნებს.

"ამ არეულობაში, პრინციპში კარგ დღეს, როცა სრულიად მოულოდნელი მხარდაჭერა გამომიცხადეს დავიწყებულმა ადამიანებმა, სულ დამავიწყდა, რომ ქართულ ფილმ "მანდარინებზე" მინდოდა მეთქვა ორი სიტყვა:

ძალიან მიყვარს ზაზა და პრინციპში მისი გულშემატკივარი ვარ. ისიც მესმის, რატომ მოეწონა ბევრს ეს ფილმი - ამბავი ვითარდება, მოულოდნელობაც არის, რეჟისურაც არის და ფილმიც აწყობილია კარგად. თუმცა ის, რაც დიდ მიღწევად ითვლებოდა ქართულ კინოში თუნდაც 5 წლის წინ, ახლა ჩვეულებრივი ამბავია და აღარ უნდა გაგვიკვირდეს.

სამწუხაროდ, ჩემთვის გაუგებარი დარჩა, რატომ გადაიღო ზაზამ ეს ფილმი. მოსკოვის კინოფესტივალს ჰქონდა დევიზი "За гуманизм киноискусства, за мир и дружбу между народами!" და ეგ დევიზი გამახსენა ფილმმა. როცა გაუგებარია, რატომ არიან გმირები ასეთი კეთილები და ასეთი ბოროტები, ან რატომ ხდებიან კეთილები ასე სწრაფად.. ადამიანის, პერსონაჟის დახასიათებისთვის კინოში მხოლოდ მსახიობი არ კმარა. უფრო პირიქით, მსახიობს ყველაზე ნაკლებად უნდა დავაკისროთ ეს მისია და ვიფიქროთ სცენარზე, დრამატურგიაზე, მოქმედების ატმოსფეროზე, დეტალების მიმართ პერსონაჟის დამოკიდებულებაზე, ფონთან დამოკიდებულებაზე და ბოლოს კამერის მიმართ დამოკიდებულებაზე და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ კამერა "სურათებს" კი არ იღებს მხოლოდ ლამაზად, არამედ "ფუნჯია" და პერსონაჟის დამოკიდებულება კამერასთან ქმნის კიდეც გმირის ხასიათს.

სხვაგვარად კინო და გმირები აგვიჩუყებს გულს, შეიძლება სულსაც, მაგრამ ცოტა ხანში ფილმი დაგვავიწყდება", - წერს კინომცოდნე.

ქართული ფილმი "მანდარინები" ვარშავის "ა კლასის" კინოფესტივალზე ორი პრიზით დაჯილდოვდა: ერთი საუკეთესო რეჟისურა გახლავთ, მეორე - მაყურებლის პრიზი...

რეჟისორ ზაზა ურუშაძის წარმატებული ნამუშევარი, სადაც სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე ვითარდება და ჟანრობრივად დრამაა, აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებზე მოგვითხრობს -ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი, დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი მეომრის დამოკიდებულებამ, ანუ მტრების ერთ ჭერქვეშ ურთიერთობამ, მათი დაპირისპირებისა და შერიგების დაძაბულმა ამბავმა, რომელსაც რეჟისორი საოცარი ოსტატობით გვთავაზობს, არა მარტო ქართველები, სხვა ქვეყნის შვილებიც ააღელვა.

იხილეთ ასევე:

"მანდარინები" - ქართული კინო,

რომელმაც ფრანგები, ამერიკელები

და კორეელები აატირა

ზაზა ურუშაძემ მოსისხლე

მტრები ერთ სახლში დააბინავა

"რუსმა ტურისტებმა ჩემს ბინაში საქართველოს ისტორიის წიგნი დაწვეს..." - რა ფოტოებს ავრცელებს ილიაუნის პროფესორი

"მე, შენ გაცილებდე სამარის კარამდე?!" - რას წერს ლანა ღოღობერიძე ზაზა ურუშაძის გარდაცვალების შესახებ

ბუბა კიკაბიძის შვილიშვილი დაქორწინდა - როგორ მოილხინა მომღერალმა წვეულებაზე