ცივი იარაღის ტარებისთვის მოქალაქეები დაჯარიმდებიან

ცივი იარაღის ტარებისთვის მოქალაქეები დაჯარიმდებიან

21 წლამდე ასაკის პირების მიერ ცივი იარაღის ტარების დეკრიმინალიზება ხდება. ცივი იარაღის ტარება 200 ლარიან ადმინისტრაციულ ჯარიმასთან იქნება დაკავშირებული და ამგვარი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ როგორც არასრულწლოვან, ისე სრულწლოვან პირებს.

ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტები წარუდგინა.

დღესდღეობით ცივი იარაღის ტარება გარკვეული კატეგორიის ადამიანებთან მიმართებაში კრიმინალიზებულია. კერძოდ, ასეთი ქმედებისთვის დღეს სისხლის სამართლებრივი სანქცია 21 წლის ასაკს მიუღწეველ პირებს, ნასამართლობის მქონეებს და იმ მოქალაქეებს ემუქრებათ, რომლებსაც ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი აქვთ დაკისრებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი კანონპროექტის თანახმად კი, ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის ცივი იარაღის ტარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დასჯადი ქმედება იქნება. კერძოდ, ქუჩებში, ეზოებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კინოთეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, კაფეებში, რესტორნებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტო და რკინიგზის სადგურებში, აეროპორტებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს პირის ადმინისტრაციული წესით გაფრთხილებას ან 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში, სამართალდარმღვევს 1000 ლარიანი ჯარიმა ან 15 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება. ამასთან, ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობა არ გავრცელდება ნასამართლობის მქონეებზე და ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელ დაკისრებულ პირებზე - ცივი იარაღის ტარებისთვის ისინი პასუხს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად აგებენ.

კანონპროექტის თანახმად, სანქციის დაკისრება არ ემუქრება პირს, რომელიც ცივ იარაღს ატარებს: პირადი ჰიგიენის მოწესრიგების, საკვების მომზადების, პროფესიული საქმიანობის განხორციელების, ნადირობის, თევზაობის, მცენერეული პროდუქტის შემგროვებლობის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით ან ნაციონალური სამოსელის ტარების დროს, როცა ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვა) ასეთი სამოსელის ნაწილია.

შსს საკუთარ საკანონმდებლო ინიციატივაში აზუსტებს, რომ "ცივი იარაღის ტარება" ისეთი გარემოების არსებობას გულისხმობს, როდესაც პირს ცივი იარაღი უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე, ინახავს ტანსაცმელში ან ხელბარგში.

"ინტერპრესნიუსი"

"დაპირისპირებას პოლიციელები შეესწრნენ..." - რას ჰყვებიან პანკისში მოკლული ვისი მუთოშვილის ნათესავები

პანკისში მომხდარი მკვლელობა ჰესის მშენებლობას უკავშირდება? - რას ყვებიან ადგილობრივები

ერთი მოკლული, ოთხი დაჭრილი - პანკისში ორ გვარს შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა