სამშაბათს ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვედრას უცხოური მედიასაშუალებები აქტიურად გამოეხმაურნენ და როგორც "ევრობზერვერი" წერს, ევროკავშირი საქართველოს "დაჟინებით ურჩევს", სააკაშვილი ციხეში არ ჩასვას.
"პოლიტიკური პრობლემები უნდა გადაწყდეს პოლიტიკური გზით და არა სამართლებრივი მეთოდებით. ველოდებით, რომ საქართველო თავის ვალდებულებებს შეასრულებს, ისეთს, როგორიც სასამართლოს პოლიტიკური შემადგენლისაგან გათავისუფლებაა", - განაცხადა ბაროზომ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
სააკაშვილმა კი აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი არაერთხელ დაემუქრა სასამართლო დევნით. ისიც კი თქვა, რა ბრალდებებს წამომიყენებს და ისიც, საბოლოოდ რომელ ციხეში ჩაჯდებიო, შესჩივლა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
ევროკავშირის ოფიციალური პირები შეშფოთებული არიან იმით, რომ თუ სააკაშვილი გასამართლდა, შესაძლოა, ამან რთული ატმოსფერო შექმნას ევროკავშირის სამიტის წინ, რომელიც ვილნიუსში ნოემბრის ბოლოს არის დაგეგმილი.
გამოცემის ცნობით, "ევროკავშირი საქართველოს დაჟინებით სთხოვს წარმავალი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სს დევნა ევროკავშირის სამიტის წინ არ დაიწყოს".
გამოცემის ცნობით, "ყოფილი ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებულმა შერჩევითმა მართლმსაჯულებამ" უკვე შეუქმნა პრობლემები უკრაინასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობას, და ამ პრობლემების წინაშე შეიძლება საქართველოც დადგეს.
გამოცემასთან საუბრისას გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ივანიშვილს "ნაციონალური მოძრაობის" განადგურება სურს, რათა ქვეყანა კულისებიდან მართოს. ის იქვე არ უშვებს ხელიდან შესაძლებლობას, რომ პრემიერი რუსეთთან გარიგებაში არ დაადანაშაულოს.
სააკაშვილის დაპატიმრების მკვეთრად უარყოფით შედეგებზე წერს "ფაინენშლ ტაიმსიც", რომლის აზრით, "ვარდების რევოლუციის" ლიდერის შესაძლო დაპატიმრება ევროკავშირთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერას შეაჩერებს და ეს საქართველოს რუსული ორბიტისკენ უბიძგებს.
"პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გზავნილი არაერთგვაროვანია... (ის) გადადგომას აპირებს და ემიჯნება ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ნებისმიერ შესაძლო სისხლის სამართლებრივ დევნას, მაგრამ იმეორებს, რომ გამოძიება გამორიცხული არ არის.
"ის ან იმაზე მიანიშნებს, რომ სააკაშვილის ბედი - მისი დაკავება, სასამართლო, ციხე – უკვე გადაწყვეტილია, ან სააკაშვილს ემიგრაციისკენ უბიძგებს", - წერს ბრიტანული გამოცემა.
გამოცემის ცნობით, სააკაშვილი აღიარებს შეცდომებს, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის დროს დაუშვა. მაგრამ მისი დაპატიმრება დიდი ალბათობით შეაჩერებს საქართველოს გეგმებს, ხელი მოაწეროს გრძელვადიან პოლიტიკურ და სავაჭრო შეთანხმებას ევროკავშირთან, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი დემოკრატიული განვითარებისათვის.
"ვარდების რევოლუციის" ლიდერის დაპატიმრება აღქმული იქნება უკრაინის ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს დაკავების განმეორებად. მას შემდეგ, რაც ტიმოშენკოს გათავისუფლება უკრაინისთვის ევროკავშირთან შეთანხმების პირობად იქცა, საეჭვოა, ევროპელი ლიდერები საქართველოს სხვაგვარად მიუდგნენ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის დემოკრატიული რეგრესი მას შემდეგ, რაც იქ 2010 წელს პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გახდა, გაცილებით უარესი იყო.
"ევროკავშირთან შეთანხმების გარეშე კი საქართველოს შეიძლება არ დარჩეს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ იმაზე მეტად წავიდეს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაზე, ვიდრე დღეს ამას ივანიშვილი აკეთებს. ეს შეიძლება ნიშნავდეს პუტინის საბაჟო კავშირში გაწევრიანებასაც კი", - აღნიშნავს "ფაინენშლ ტაიმსი".
დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ სააკაშვილი რომ არ უნდა დაიჭირონ, ამაზე მინიშნებები კი არა, უკვე ღია განცხადებები კეთდება.
"არ გეგონოთ, რომ თუ ძიება დაიწყება, შემდეგ სასამართლო იტყვის, თურმე სააკაშვილი დამნაშავე არ ყოფილა და ვათავისუფლებთო, - ამბობს სოსო ცინცაძე, - ძიება მხოლოდ მაშინ დაიწყება, თუ პროკურატურას სამხილი ექნება. ეს ევროპაში მშვენივრად ესმით. ბრიუსელში ევროჩინოვნიკები თვლიან, რომ სააკაშვილის მიმართ არანაირი ძიება არ უნდა დაიწყოს. რადგანაც ამ პრობლემაზე საუბარი უკვე აქტიურად განახლდა, ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ძიების დაწყების საკითხი გადაწყვეტილია და ევროჩინოვნიკებიც ყურებზე ამიტომ დადგნენ და ვილნიუსის სამიტის გაუჭრელი კარტით ახორციელებენ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე დიქტატს – დაიწყებთ გამოძიებას და ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას ვერ ეღირსებითო".
ცინცაძე მიიჩნევს, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგაც აქვს ევროპას ბერკეტი, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სს დევნა შეაჩეროს. მაგალითად, თუნდაც ის, რომ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას ხელმოწერა უნდა მოჰყვეს და ამ პროცესს 40 წელი ვერ ვეღირსებით.
მისი განცხადებით, რასაც ბაროზო ხმამაღლა აცხადებს, ევროპელი ჩინოვნიკები ჩვენს ხელისუფლებას ათჯერ მეტს დახურული კარის მიღმა ეტყვიან.
"პირადი შეხვედრის დროს, შესაძლოა, პირდაპირ ეუბნებიან, კი ბატონო, მიიღებთ ასოცირებას, მაგრამ თურქეთს 15 წელია ვაყურყუტებთ მისაღებში და თქვენ ეს 40 წელი მოგიწევთო. უკრაინის მაგალითი სახეზე არ გვაქვს?! ერთი ხელწერაა. მაგალითად, უკრაინას ტიმოშენკოს ციხეში ყოფნის გამო ეუბნება, იმედი ნუ გექნებათო, საქართველოს კი - სააკაშვილის წინააღმდეგ ძიების დაწყებით აშინებს. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ევროპას უკრაინა 10-ჯერ და 40-ჯერ ძვირად უღირს, ვიდრე საქართველო. თუ უკრაინას ასე ექცევა (რამდენიმე წლის წინ ბელორუსზე თქვა უარი), საქართველოსთვის გული აუდუღდება?!
"სააკაშვილის ხელისუფლება ევროპაში მხოლოდ 9 წელი პოლიტიკურ კაპიტალს აბანდებდა და ამ პოლიტიკამ მოიტანა ასეთი მხარდაჭერა. ახლად არჩეულ პრეზიდენტს ალბათ კოშმარად წარმოუდგენია, რომ ჩაუშხამონ ის წარმატება, რაც ვილნიუსში ელოდება. თუკი ხელშეკრულების პარაფირებას ცოტა პიარსაც დაამატებენ, ეს დღესასწაული უდიდეს ფოიერვერკად შეიძლება იქცეს. ამ დროს კი ევროპა ემუქრება, შეიძლება ეს ზეიმი ჩაგშხამდეთო. ყველაფერი ოფიციალური თბილისის პოლიტიკურ ნებასა და პოლიტიკურ სიმტკიცეზეა დამოკიდებული", - ამბობს ცინცაძე.
ეკა ბასილაია