ბაჩო ახალაიას ოჯახის წევრები ე.წ 7 სპეცრაზმელის საქმეზე მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებას ერთი კონკრეტული მოსამართლის სამართლიან გადაწყვეტილებად აფასებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა განუცხადა, ციხის ბუნტის საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილების შემდეგ მისთვის უცნობი იყო, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა დავით მგელიაშვილი.
"მას შემდეგ რაც წინა მოსამართლემ ქურდების მხარე დაიჭირა და რეაბილიტაცია მოახდინა თავისი გადაწყვეტილებით, დღეს ყველაფერს ველოდი, მაგრამ ეს კონკრეტული ერთი მოსამართლის სამართლიანი გადაწყვეტილება იყო", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
ბაჩო ახალაიას მამის როლად ახალაიას განცხადებით, მისთვის სასიხარულოა სამართლიანი გადაწყვეტილება დავით მგელიაშვილის მხრიდან.
"ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება. მინდა მივმართო იმ სამარცხვინო განაჩენის ავტორს, რომელიც ციხის ბუნტის საქმეზე იქნა გამოტანილი - მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს და მინდა მივულოცო მას ქურდულ სამყაროსთან გაერთიანება. დღეს ქურდები მისი გადაწყვეტილებით ამაყობენ", - განაცხადა როლანდ ახალაიამ.
გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა წარმომადგენელმა მამუკა აბაშიძემ. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სასიხარულო ნამდვილად არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე აქამდე არ უნდა მისულიყო.
"ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო, რადგან იმდენად სასაცილო იყო ბრალდება, რომ საქმე აქამდე არ უნდა მისულიყო. არ გამხარებია ეს გადაწყვეტილება, რადგან მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე დამტკიცდა", - განაცხადა მამუკა აბაშიძემ.
ე.წ შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეზე, რომელიც ბაჩო ახალაიას შს მინისტრობის პერიოდს ეხება, რვა ბრალდებულიდან რვავე პირი გამართლდა. აღნიშნულ პირებს განსხვავებული პოლიტიკური ნიშნით შვიდი სპეცრაზმელის იაღლუჯას საწვრთნელ ბაზაზე წამება და არაადამინური მოპყრობა ედებოდათ ბრალად.
დაცვის მხარის განცხადებით, იაღლუჯას საწვრთნელ ბაზაზე აღნიშნულ სპეცრაზმელებს ჩაუტარდათ რეინჯერის კურსი, რომელიც მათი მხრიდან წამებად იყო აღქმული.
იხილეთ ვიდეო: ბაჩო ახალაია სასამართლომ მეორედ გაამართლა