მოტოციკლეტით გასეირნებას შეწირული გოგონა და ბაიკერებისგან შეწუხებული მოსახლეობა

მოტოციკლეტით გასეირნებას შეწირული გოგონა და ბაიკერებისგან შეწუხებული მოსახლეობა

პრობლემა მას შემდეგ დავინახეთ, რაც ჩემმა უახლოესმა მეგობარმა მიიღო დიდი ხნის ნანატრი ბინა ქუთაისში და იქ საცხოვრებლად თავის პატარა ოჯახთან ერთად გადავიდა. რომ მეგონა, ბედნიერი და კმაყოფილი მომიყვებოდა ახალი ცხოვრების სასიამოვნო წვრილმანებზე, რამდენიმე დღეში გაღიზიანებულმა და ისე გაცოფებულმა დამირეკა, მეგონა, ვეღარაფერი დააკავებდა და პირდაპირ ტელეფონის ყურმილში გამოძვრებოდა:

- იძულებული ვარ, ისევ დედამთილის სახლში დავბრუნდე, რომ ან მე არ მიმტყუნოს ნერვებმა, ან ბავშვის ფსიქიკას არ მივაყენო გამოუსწორებელი დარტყმა, რადგან აქ ღამით ძილი შეუძლებელია და რომც მოვახერხოთ ჩაძინება, დაფეთებულს გვაღვიძებენ თავზე ხელაღებული ბაიკერები თავიანთი მოტოციკლეტების გამაყრუებელი ღმუილ-წუილით...

მაშინვე მეგობრის სახლისკენ გავემართე და იმ დროს მივუსწარი, როცა ამაოდ ცდილობდა თავისი 9 თვის გიოს დაძინებას. ბავშვი აშკარად, გაღიზიანებული და გამოუძინებელი იყო:

- ნაშუაღამევს, როცა წესით, ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა ეძინოს, ბაიკერები გამოდიან და რადგან ტრასა შედარებით თავისუფალია, ვარჯიშს იწყებენ. ისეთ ტრიუკებს აკეთებენ, არ არის გამორიცხული, რომ სულ მცირედი შეცდომაც კი მათი სიკვდილით ან დასახიჩრებით დამთავრდეს. თუმცა, ეს მათი არჩევანია და რაც უნდათ, ის უყონ საკუთარ თავს, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ, რომ ძილი არ გვღირსებია რამდენი ღამეა?!. ბავშვი გადამერია. ძლივს ჩაძინებული, აწივლებული იღვიძებს იმ მოტოციკლეტების გულისწამღებ წუილზე და აღარ ვიცი, რა ვუყო...

მეგობრის ნათქვამის სისწორეში რომ დავრწმუნებულიყავი, იმ ღამეს მის ახალ სახლში დავრჩი. ბინა ცენტრალურ გამზირზეა და მჭიდროდ დაგმანული ფანჯრებიც ვერ ახშობს ქუჩიდან შემოსულ ხმაურს, მაგრამ მოტოციკლეტების ღმუილი მართლაც, განსაკუთრებით აუტანელია ღამის სიჩუმეში. ის ღამე მეც თეთრად გავათენე, აივანზე გამოსულმა. გამოგიტყდებით და თავიდან საინტერესოც კი მომეჩვენა ახალგაზრდებისთვის თვალის დევნება, რომლებიც უფასო სანახაობას სთავაზობდნენ ჩვენსავით ძილგატეხილ მცხოვრებლებს. მოგვიანებით გინება და მუქარაც გაისმა, რაც ახალგაზრდებს ან არ ესმოდათ, ან არაფრად მიაჩნდათ, ყოველ შემთხვევაში, არაფრის შეცვლა არ უფიქრიათ და გართობა ლამის, დილამდე გააგრძელეს:

- მე ამათი უპატრონო დედები!.. - მომესმა ზედა სართულის აივნიდან. - ერთხელაც იქნება, გამოვიტან თოფს და შემომაკვდება რომელიმე. მერე მოვა პატრულიც და გამომძიებელიც და მე გამომიყვანენ კიდევ დამნაშავეს...

აღმოჩნდა, რომ სახლის მობინადრეებს ადრე უკვე მიუმართავთ საპატრულო პოლიციისთვის. მათ შენიშვნა კი მიუციათ ახალგაზრდებისთვის, მაგრამ რადგან კანონში კონკრეტულად არ არის მითითებული, რომ ღამის საათებში ცენტრალურ მაგისტრალებზე მოტოციკლეტით გადაადგილება აკრძალულია, არც მათი დაჯარიმება შეუძლიათ და მით უფრო, არც დაკავება; არც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ეთვლებათ "ერთი-ორჯერ" გართობის მიზნით ქალაქისთვის წრის დარტყმა. ღამით რომ გამოდიან, ამის გამო ბევრი დაჩაგრულადაც კი მიიჩნევს ბაიკერებს, რადგან დღისით მანქანების ნაკადი არათუ სეირნობისა და გართობის, არამედ ნორმალურად გადაადგილების შესაძლებლობასაც არ აძლევს მათ...

როცა თავად ვცადე ბაიკერებთან გასაუბრება და გაიგეს, რის გამო დავინტერესდი მათი საქმიანობით, არც ერთი არ გამიჩერდა სალაპარაკოდ:

- კარგი, რა, ახალგაზრდები არ ყოფილხართ და არაფერი გიკეთებიათ ისეთი, რაც ყველას არ მოეწონებოდა? დიდი ამბავი, ღამით თუ ხმაურით ჩავიარეთ ქუჩაზე. აბა, ხომ არ ვიფრენთ მოტოციკლეტებით?!

ნამდვილად ვერ იფრენენ, მაგრამ ხომ შეიძლება, ამისთვის სპეციალურად მოწყობილ ადგილებზე წავიდნენ და ივარჯიშონ... გათენებული ღამის შემდეგ ალბათ, თავად დღისით ტკბილად სძინავთ, მაგრამ რა ქნან იმ ადამიანებმა, ვინც მათ გამო თეთრად გაათენა ღამე, დილით კი სამსახურში უწევთ წასვლა ან რა დააშავა პატარა გიომ, რომელსაც ვინ იცის, რა ჰგონია იმ მოტოციკლეტის ღმუილი, რომელიც მისი შეშინებისა და გაღვიძების მიზეზი ხდება?!

გასაკვირია - რატომ ვერ ამჩნევენ ჩვენი კანონმდებლები იმ პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია ჩვენი თანამოქალაქეების ნორმალური თანაცხოვრებისთვის? მაგალითად, რატომ არ შეიძლება, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ ბაიკერებს შეზღუდვები დაუწესდეთ და ღამის თორმეტი საათის შემდეგ აეკრძალოთ მჭიდროდ დასახლებულ უბნებში "წვრთნა-ვარჯიშები"? მოსახლეობის ფსიქიკის დასანგრევად ისიც საკმარისია ალბათ, რომ ამდენი ხანია, ვერ გაგვირიდებია ქალაქის ქუჩებისთვის მძიმეწონიანი ტრანსპორტის შემოდინება-გადინება, რომლებიც ჩავლისას ისე შეაზანზარებენ ხოლმე ჩვენი კორპუსების კედლებს, რომ მიწისძვრა გეგონება... არადა, გვპირდებიან...

და კიდევ, ისიც დასადგენია, თუ ვინ უზის მოტოციკლეტის საჭეს და რამდენად ფლობს მძღოლი ქუჩაში მოძრაობის წესებს - ამით პირველ რიგში, მათსავე სიცოცხლეს დავიცავთ, რომ ისევ ტრაგედიად არ დაგვიბრუნდეს გულგრილობა...

P.S. მასალა დასაბეჭდად მზად იყო, როცა მოტოციკლეტის მორიგ მსხვერპლად იქცა 21 წლის გოგონა - ქუთაისელი თეონა შავგულიძე. ის თავად არ მართავდა მოტოციკლს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მცირედი ანაზღაურების საფასურად, ბაიკერი ნებისმიერ მსურველს შემოისვამს უკან და გაასეირნებს. თეონასაც ერთჯერადი გასეირნებით მოუნდომებია ცნობისმოყვარეობისა თუ სპორტული აზარტის დაკმაყოფილება, მაგრამ როცა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავმა ბაიკერმა მოტოციკლეტი ვერ დაიმორჩილა და ელექტროგანათების ბოძს შეასკდა, გოგონას ვეღარც ჩაფხუტმა უშველა და ვერც სხვა დამცავმა საშუალებებმა. თანავუგრძნობთ დაღუპულის ოჯახს...

დაბოლოს, იქნებ მორიგი მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით მაინც წაიკითხონ ეს სტატია იმ ადამიანებმა, ვისაც მდგომარეობის გამოსწორება ხელეწიფებათ.

ინგა ჯაყელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია