პედაგოგების თვალით დანახული გიორგი მარგველაშვილი - წლების გადასახედიდან

პედაგოგების თვალით დანახული გიორგი მარგველაშვილი - წლების გადასახედიდან

როგორი არჩევანი გააკეთა ქართველი ელექტორატის უმრავლესობამ 27 ოქტომბერს? ამ კითხვას მრავალგვარი პასუხი აქვს, ძირითადად - პოლიტიკური, მაგრამ ამჯერად ახალარჩეული პრეზიდენტის სიჭაბუკის ხანის "გაცოცხლება" ვცადე და გიორგი მარგველაშვილის დასახასიათებლად, მის მშობლიურ პირველ სკოლას მივაკითხე. იქ ერთ-ერთ მასწავლებელს - ეთერ სურმავას გავესაუბრე, შემდეგ კი იმდროინდელ დირექტორს - ქალბატონ ლიანა შეწირულს ვესტუმრე, რომელიც დღეს 83 წლისაა, გიორგი მარგველაშვილთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა და ყოფილ მოსწავლეზე ძალზე თბილად საუბრობს.

ლიანა შეწირული:

- ვერ წარმომედგინა, რომ ოდესმე გიორგის, როგორც პრეზიდენტის შესახებ ინტერვიუს მივცემდი. მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ ის საქართველოს პრეზიდენტია. პირველი სკოლის დირექტორი 32 წლის განმავლობაში ვიყავი, გიორგი პირველ კლასში მე მივიღე და ჩემს დროს დაამთავრა სკოლა. ქართული ტრადიციული ოჯახის შვილი და ამ ტრადიციებზე აღზრდილია. სკოლაში ყოველთვის გონიერებით გამოირჩეოდა, არ ზარმაცობდა, მაგრამ საკმაოდ ონავარი, ცელქი იყო და ამის გამო, ხშირად შენიშვნასაც იღებდა. კარგად სწავლობდა, ოჯახიც ყურადღებას არ აკლებდა. მეგობრების შესანიშნავი და დიდი წრე ჰყავდა. გიორგიში უფრო მომავალ მეცნიერს ვხედავდი, ვიდრე - პოლიტიკოსს, მაგრამ რადგან მან ეს გზა აირჩია, დარწმუნებული ვარ, ღირსეულად ივლის. ადრე განათლების მინისტრობა მივულოცე და ვუთხარი, - დარწმუნებული ვარ, ყოველთვის ღირსეულად ატარებ შენი დიდი ოჯახისა და ტრადიციული სკოლის სახელს-მეთქი, - და დღესაც მინდა, ყველა დავარწმუნო: იცოდეთ, რომ ინტუიცია არ მღალატობს და გიორგი ყოველთვის შეასრულებს იმას, რასაც დაგპირდებათ, რასაკვირველია, რაც მის შესაძლებლობებში იქნება.

- რა თვისებებით გამოირჩევა?

- ყველაზე დიდი თვისება, რომელიც გიორგის აქვს, გახლავთ ის, რომ ადამიანი უყვარს. მას შეუძლია გაუგოს, თანაუგრძნოს, მხარში ამოუდგეს ადამიანს, ეს კი ბევრს ნიშნავს და ვფიქრობ, ღირსეული პრეზიდენტი იქნება. 27 ოქტომბერი არა მხოლოდ მისთვისაა დღესასწაული, არამედ ჩემთვისაც და ჩვენი სკოლის კოლექტივისთვისაც. ყოველივე კარგი მინდა ვუსურვო.

- თქვენ თუ მიეცით ხმა გიორგი მარგველაშვილს?

- რასაკვირველია (იცინის). გიორგის ქალიშვილი - ანაც ჩვენს სკოლაში სწავლობდა და გიორგის ხშირად ვნახულობდი. ყოველთვის ვიცოდი მისი მიღწევების შესახებ "ჯიპაში" მუშაობის დროს. ეს სასწავლებელი დღესაც ერთ-ერთი მოწინავეა. მოკლედ, გიორგი შორს არ ყოფილა სკოლისა და იმ პედაგოგებისგან, რომლებიც მას ასწავლიდნენ. უფრო მეტად ჰუმანიტარული საგნები მოსწონდა, თუმცა ზოგადადაც კარგი მოსწავლე გახლდათ. როგორც აღვნიშნე, ძალზე ცელქი ბავშვი იყო, მაგრამ არ გვიკვირდა, რადგან ეტყობოდა, უფრო მეტის გაგება უნდოდა და ამიტომაც იყო ასეთი მოუსვენარი (იცინის). ანაც კარგი გოგონაა, ბევრ რამეში ჰგავს მამას. ის რომ მოვიდა, სკოლიდან მე მალე წამოვედი, 2005 წელს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ღირსეული მამის ღირსეული შვილია.

- ბატონი გიორგის დედაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- ჩვენ ერთმანეთს გიორგის გამინისტრების შემდეგაც ვესაუბრეთ. შესანიშნავი ადამიანია, უგანათლებულესი ქალი და არ მიკვირს, რომ ასეთ ოჯახში აღზრდილი გიორგი, თვითონაც განათლებული და კარგი პიროვნება დადგა. ყველაზე მეტად მასში მაღალი ადამიანური თვისებები მხიბლავს, რაც პრეზიდენტისთვის აუცილებელია. გიორგის ბებიაც კარგად მახსოვს, რუსულის სპეციალისტი იყო. მზია გომელაური ცნობილი პედაგოგი, პროფესორი, დიდებული ქალბატონი გახლდათ.

- სასკოლო ცხოვრებაში გიორგი აქტიურად იყო ჩაბმული?

- ინგლისურ ენას ელენე ქუთათელაძე ასწავლიდა და მასთან ინგლისურად დადგმულ სპექტაკლებში მონაწილეობდა, სკოლის პერიოდშივე დიდებულად ფლობდა ამ ენას. სკოლაში სამეცნიერო საზოგადოება "გიმნაზიონი" გვქონდა - მეცნიერებმა, რომლებმაც პირველი სკოლა დაამთავრეს, ცალკე სექციები შექმნეს და ჩვენს სკოლელებთან მუშაობდნენ, გიორგი კი "გიმნაზიონის" აქტიური წევრი იყო. არასდროს სწავლობდა ნიშნისთვის, მისი ტვინის პატრონს, კარგი ნიშნები თავისთავად მოსდიოდა. მაშინ მედალი არ იყო, მაგრამ წარჩინებით დაამთავრა.

- გოგონებში პოპულარობით სარგებლობდა?

- რასაკვირველია (იცინის). გიორგი სულ მოღიმარი მახსოვს, ქარიზმატული. კლასიც ისეთი იყო, სულ რაღაც განსაკუთრებულისა და სიახლეების ძიებაში იყვნენ. ეს იყო კლასი, სადაც ირაკლი კაკაბაძე, ეკა ბერიძე სწავლობდნენ, ძლიერი და კარგად შეკრული ჯგუფი გახლდათ; ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. განსაკუთრებით გიორგი და ირაკლი გამოირჩეოდნენ და ჩვენ როგორც შეგვეძლო, მივყვებოდით მათ. კლასის ხელმძღვანელი ჩემთან კაბინეტში რომ შემოვიდოდა, უკვე ვიცოდი, რომელიმეზე მეტყოდა რაიმეს, მაგალითად, - დღეს მარგველაშვილი არა, დღეს - კაკაბაძეო (იცინის)... სულ იმას მსაყვედურობდა, გიორგი ხელს მიშლისო და ერთხელ რომ ვკითხე, - რა გავაკეთოთ, სკოლიდან გავუშვათ-მეთქი? - გადაირია, - არა, რას ამბობო?!

- ბატონ გიორგის გაპრეზიდენტება თუ მიულოცეთ?

- ჯერჯერობით ვერ მოვახერხე, მაგრამ მისი მობილური ტელეფონის ნომერი მიწერია და აუცილებლად დავურეკავ. ჯერ თვითონაც ემოციების ქვეშ იქნება.

- რას უსურვებთ საქართველოს ახალ პრეზიდენტს?

- მიღწევებს. მჯერა, რომ თავისი ქვეყნისთვის ის ყველაფერს გააკეთებს, რადგან ძალიან უყვარს. გიორგი არ არის პიროვნება, რომელსაც ვინმეს მიმართ ბოღმა და სიძულვილი აქვს, მე ასეთი წარმოდგენა მაქვს - მან არ იცის, რა არის სიძულვილი, ან არ უნდა, რომ იცოდეს. ნამდვილად კეთილშობილი ადამიანია.

- თქვენი აზრით, როგორ წარგვადგენს გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო ასპარეზზე?

- დარწმუნებული ვარ, კარგად. მით უმეტეს, ენა შესანიშნავად იცის. იმის გამო, რომ ის პოლიტიკური მოღვაწე არ იყო, ხშირად ეჭვს გამოთქვამდნენ, პოლიტიკოსობასა და პრეზიდენტობას რანაირად შეძლებსო, მაგრამ მჯერა და თქვენც მალე დარწმუნდებით, რომ პოლიტიკოსებად არ იბადებიან. თუ ღირსეული ადამიანები თავიანთ საქმეს ღირსეულად წაიყვანენ, პრეზიდენტი იქნება ეს თუ სხვა ვინმე, დიდ პოლიტიკოსებად რჩებიან. ეს არის ჩემი აზრი გიორგიზე და მის შესახებ მხოლოდ კარგი ამბავი გამიხარდება.

ეთერ სარალიძე, პირველი სკოლის პედაგოგი:

- როცა გიორგი მოსწავლე იყო, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. გიორგის არ ვასწავლიდი, პიონერთა ხელმძღვანელი გახლდით, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ნიჭიერებით გამოირჩეოდა. გარეგნულადაც ძალზე საყვარელი ბავშვი იყო - ქერა, თეთრი... კარგი კლასი ჰქონდათ, მათი დამრიგებელი რუსულის მასწავლებელი - ლია სურმავა გახლდათ. ბევრი წარჩინებული მოსწავლე ჰყავდათ, მათ შორის, გიორგი. ინგლისური და რუსული ენები ბავშვობიდანვე სრულყოფილად იცოდა. ელიკო ქუთათელაძე, მისი ინგლისურის მასწავლებელი ხშირად მართავდა სპექტაკლს ამ ენაზე და გიორგიც მონაწილეობდა, კარგი მონაცემებიც ჰქონდა, მაგრამ ზოგადად, უნიჭიერესი და გონიერი ბიჭი იყო. ლიანა შეწირულთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. განათლების მინისტრად რომ დაინიშნა, დედამისმა ქალბატონ ლიანას დაურეკა და უთხრა, - თქვენ რომ ამდენი ამაგი გაქვთ ჩემს შვილზე, ხედავთ, მინისტრად დაინიშნაო!.. ეს ძალიან კარგი ჟესტი იყო მისი მხრიდან. გიორგი მარგველაშვილი ნამდვილად საამაყო მოსწავლე გახლდათ და საერთოდ, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული პოლიტიკოსები ყველანი უნიჭიერესები და კარგები იყვნენ, ცუდს ნამდვილად ვერ ვიტყვი.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა