ლოტკინზე, ე.წ. ბოშათა უბანში მისულს, ხალხმრავლობა დამხვდა. საკმაოდ გრძელ ქუჩაზე ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილიყვნენ და მზეს ეფიცხებოდნენ. მათი უმრავლესობა მამაკაცები და ბავშვები იყვნენ. ზოგი ჩაცუცქული საუბრობდა ჩემთვის უცხო ენაზე, ზოგიც ნარდს თამაშობდა.
ამ ქუჩაზე ყველა ყველას იცნობს, ამიტომ ჩემში "უცხო" ამოიცნეს. მათი ყურადღება მაშინვე მივიქციე და ერთ-ერთ "ბირჟაზე", სადაც 5 მამაკაცი მზესუმზირის წკაპუნითა და ლუდის სმით "ერთობოდა", გამაჩერეს. მიახლოებისთანავე თავაზიანად მკითხეს, ვინ ვიყავი, ვის ვეძებდი და დახმარებაც აღმითქვეს. თუმცა, სიტყვა "ბოშას" ხსენებაზე გაღიზიანდნენ.
"ეს არც ბოშათა უბანია და არც ჩვენ ვართ ბოშები, რით ვერ გაიგეთ, რომ ჩვენ წარმოშობით მოლდოველები ვართ. ჩვენი წინაპრები ძალიან დიდი ხნის წინ დასახლდნენ თბილისში, მე 38 წლის ვარ და თბილისში დავიბადე. მამაჩემიც აქ დაიბადა. საქართველო ჩვენთვის არის სამშობლო, ჩვენ ისევე გავწირავთ თავს ამ ქვეყნისთვის, როგორც ნებისმიერი ქართველი. ჩვენთვის შეურაცხყოფაა, როცა ბოშას გვიწოდებენ, ამიტომ ნებისმიერს, ვინც ასე მოგვიხსენიებს, ვუჩივლებთ. მე არ ვარ ბოშა, ცხოვრობს ამ ქუჩაზე ვინმე ბოშა"? - ხმამაღლა იკითხა გაბრაზებულმა გიორგიმ, რაზეც ერთხმად უპასუხეს, რომ ამ ქუჩაზე ბოშები არ ცხოვრობენ.
"გოგონი, ბოშები დადიან, დაწანწალებენ, ჩვენ კი აქ სახლები გვაქვს და ვცხოვრობთ", - მომაძახა მეორემ.
"მთელი საქართველო ციგნებს გვეძახის, შეურაცხყოფაა, აბა რა არის" - აღშფოთდა მესამე.
მათ დამშვიდებას შევეცადე, ავუხსენი, რომ ჩემი მიზანი არა მათი შეურაცხყოფა, არამედ მათი ტრადიციებით ადათწესებითა და პრობლემებით დაინტერესებაა.
- მაინც რა პრობლემაზე აპირებ დაწერას?
- მაგალითად იმაზე, რომ დღისით აქ მხოლოდ მამაკაცები ხართ, ქალები სად არიან?
- ქალები მუშაობენ.
- ესეც თქვენი ადათ-წესია, რომ ქალებმა უნდა არჩინონ ოჯახი?
- არა, არა! აბა, სად არის კაცების სამსახური? სად ვიმუშაოთ? სად არის ქარხნები, რომ მუშად ვიმუშაო? თუ "ბატინკა" გინდა, შევალ, გამოგიტან და მოგყიდი, ბაზარში კაცები კი არა, ქალები ძლივს დგანან.
პრობლემებზე საუბარმა უფრო მეტი ადამიანი შეკრიბა ჩემს ირგვლივ და გულისტკივილით მიმასწავლეს მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. კართან პატარა გოგონა ატუზულიყო, რომელიც ძალიან გაამხიარულა ჩემმა ვიზიტმა. ოჯახის უფროსი, კოლდარ ვლადიმირი ოჯახის გასაჭირს მიყვება:
"8 შვილი გვყავს, ერთი ახლახან შეგვეძინა, ძალიან ცუდ პირობებში ვცხოვრობთ ამ ხის ფიცრულში, ზამთრისთვის შეშაც კი არ მაქვს, რომ ბავშვები არ გამეყინოს. არც ერთი სკოლაში არ დადის, არ მაქვს მათი ტანსაცმლის ყიდვის საშუალება, ორი გოგო და ერთი 15 წლის ბიჭი ქალაქში ხატებს ყიდიან და საღამოობით 5 ლარამდე მოაქვთ. მე ნაგავში ვიქექები, ბოთლებს ვაბარებ და ასე ვშოულობ ლუკმაპურის ფულს. ამ ქუჩაზე თუ ვინმეს რამე დაუძველდება, გვაწვდიან და სხვისი ნაცვამით დადიან ბავშვები. თუ ვინმეს შეუძლია რამეთი დაეხმაროს ჩემს ოჯახს, დიდ სიკეთეს გაგვიკეთებს. ან სახელმწიფო თუ შეშით მაინც დაგვეხმარება, ეს ჩვენთვის გადარჩენის ტოლფასია", - ამბობს კოლდარი.
გზას ვაგრძელებ, სტადიონზე პატარა ბიჭუნები ზაზუნას დასდევენ, იქვე მდგომი გოგონები - მარინა და დიანა გავიცანი, 15-15 წლის არიან და სკოლაშიც დადიან. ამბობენ, რომ ქართულზე უკეთ რუსულს სწავლობენ, თუმცა ქართველ კლასელებთან პრობლემები არა აქვთ. პირიქით, მეგობრობენ კიდეც.
ქუჩის ბოლოში ეტლში მჯდომ გოგონას მივუახლოვდი, დაიმორცხვა და ჩემთან საუბარი არ ისურვა. როგორც მითხრეს, ლიდა 16 წლისაა და დაბადებიდან პრობლემები აქვს. მშობლები ვაჭრობენ და დღის განმავლობაში ძმა უვლის. სახელმწიფოსგან დახმარება მუდმივად სჭირდება, თუმცა ამის ფუფუნება არ აქვს. როცა მასზე საუბარს იწყებენ, თვალები უცრემლიანდება. ამ სევდიანი თვალებით გამომაცილა...
ავტობუსის გაჩერებაზე მდგომმა ბუზღუნა გულო ბებო გავიცანი, რომელიც მზესუმზირას ყიდის და თან მტრედებს კვებავს. როგორც კი გაიგო, რომ ჟურნალისტი ვიყავი, გასაჭირზე დაიწყო საუბარი:
"ჩვენი ერთადერთი პრობლემა უმუშევრობაა. 68 წლის ვარ და კიდევ მე ვარჩენ ოჯახს, 2 ძმა მყავს, მაგრამ ორივე უმუშევარი, აქ კაცებისთვის სამსახურის შოვნა ძალიან ძნელია. ქალები ვაჭრობით ვარჩენთ ოჯახებს, მაგრამ ესეც აკრძალეს, ბაზარშიც აღარ გვაყენებენ, მოვა პატრული, წაგართმევს ჩანთებს და ღმერთმა იცის, სად მიაქვთ. ხალხს ვალები დაედო, სახლები გაყიდეს, ზოგი გაიქცა კიდეც"...
მაკა ქობალია
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)