დაზარალებული სპეცრაზმელი - შოკში ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით

დაზარალებული სპეცრაზმელი - შოკში ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით

შოკში ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით, - ამის შესახებ ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის კომენტირებისას, "ინტერპრესნიუსს" საქმეში დაზარალებულად ცნობილმა ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა განუცხადა.

მან სააგენტოსთან კომენტარი იმ პირობით გააკეთა, რომ "ინტერპრესნიუსი" ვინაობას არ გაამჟღავნებდა. სპეცრაზმელი აცხადებს, რომ ყველა დაზარალებულთან ერთად აპირებს სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

"გვაბრალებდნენ, "მეოცნებეები" ხართო, აგვიყვანეს ბაზაზე ფიზიკური შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფონზე. მიცვალებული არ გამიჩერეს საფლავში, თოფით თავი გამიხეთქეს, შრამი ახლაც მეტყობა. ეს ხდებოდა უშუალოდ საქმეში ბრალდებულად ცნობილი ჩუბინიძის და მისი დამქაშების - დავითაშვილის, სუთიძის, ზანგიევას, გიორგაშვილის მხრიდან", - განაცხადა სპეცრაზმელმა, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს.

მისი თქმით, "რეინჯერის" კურსთან, მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს საერთო არაფერი ჰქონია. "ეს დაიწყო მანამ, სანამ იაღლუჯაზე წაგვიყვანდნენ. შემდეგ წაგვიყვანეს, გვითხრეს, ხომ იცით აქ დასასჯელად ხართ მოსულებიო. "რეინჯერის" კურსი ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გვეხება. ისინი, ვიზეც ამბობდნენ, რომ ინსტრუქტორები არიან, არიან კონტრაქტდარღვეულები და ქუჩიდან მოყვანილები. კურსი რომ სხვას ჩაუტაროს, ინსტრუქტორი უნდა იყოს კვალიფიციური და თვითონ უნდა ჰქონდეს ეს კურსი გავლილი, შესწავლილი დახელოვნებამდე და მერე უნდა გადასცეს სხვას ეს ცოდნა", - განაცხადა სპეცრაზმელმა.

მისი თქმით, "რეინჯერის" კურსი ნებაყოფლობითია და არც ასაკით ესადაგებოდათ მას და იმ პირებს, რომლებიც იაღლუჯაზე მასთან ერთად ჰყავდათ აყვანილი.

"თვე და სამი დღე ფეხზე გადავიტანეთ, იმ ტკივილის და დაზიანებების შემდეგ, რაც მოგვაყენეს. იყო საარჩევნო პერიოდი. ვიღაცას ბოროტად რომ არ გამოეყენებინა ეს სიტუაცია და დაპირისპირება რომ არ მომხდარიყო, ასევე ფსიქოლოგიურად შოკირებულები ვიყავით და რეაბილიტაცია გვჭირდებოდა, - გაგვგზავნეს ანტალიაში სარეაბილიტაციოდ", - განაცხადა სპეცრაზმელმა.

მისი თქმით, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები მას ბაჩო ახალაიას შს მინისტრობის დროს არ ჰქონია და არც ახლა აქვს. "ჩვენზე ანგარიშსწორება იყო, მაგრამ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები არაფერ შუაშია. მე ვარ აპოლიტიკური პიროვნება, ვემსახურები საქართველოს, ძალოვან სტრუქტურაში ვარ. არ მაქვს ამის არც მორალური, არც კანინიერი უფლება, რომ რომელიმე პარტიას მივემხრო. 18 წელია ფორმა მაცვია, არც ერთი ომი არ გამომიტოვებია, მეოცნებეები ხართ, გინდა თუ არა მოღალატეები ხართო - გვეძახოდნენ, ჩამოგვახიეს სამხრეები სამმართველოს წინ. რაც სასამართლოში დაიკითხა, ეს იყო მოწმეების 20-25 პროცენტი, ჩვენს მიმართ ქმედებებს ბევრად ბევრი მოწმე ჰყავს. ეს ყველაფერი კოშმარული სიზმარი მგონია. არც წარმომედგინა, რომ ასეთი რამე შესაძლებელი იყო საქართველოში მომხდარიყო", - განაცხადა სპეცრაზმელმა.

7 სპეცრაზმელის საქმეზე ბაჩო ახალაია და მასთან ერთად ბრალდებულები საქალაქო სასამართლომ დღეს გაამართლა. ბრალდება, რომელიც ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს ეხება, განსხვავებული პოლიტიკური ნიშნით, იაღლუჯის საწვრთნელ ბაზაზე სპეცრაზმელების წამებას გულისხმობდა. ახალაიას გარდა, ამ საქმეში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 7 თანამშრომელი, დავით ვეკუა, ალექსანდრე დავითაშვილი, რობერტ სუთიძე, ვლადიმერ ზანგიევა, დავით გიორგაშვილი, დავით ჩუბინიძე და მამუკა აბაშიძე არიან ბრალდებულები.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ