ჩვენ გვაქვს გარკვეული მზადყოფნა, დავწიოთ დაძაბულობა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში, - ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ბი-ბი-სი"-ს რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მარგველაშვილმა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის შესახებ საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირთან ინტენსიურ ხასიათს იძენს.
"რამდენიმე კვირაში ვილნიუსში შედგება სამიტი, სადაც ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ურთიერთობების, ასოცირებული წევრობის და სავაჭრო კავშირების პარაფირებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს, როგორც ევროპული სახელმწიფოს განვითარებაში. ამასთან, ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული ფორმატი ტემპერატურის, აგრესიისა და დაძაბულობის დაწევის, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში. ჩვენ შევქმენით ფორმატი, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის. ზურაბ აბაშიძე მუშაობს რუს პოლიტიკოსებთან სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების გახსნის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლება ამ ურთიერთობების განვითარებას აპირებს.
"ჩვენ გვაქვს გარკვეული მზადყოფნა, დავწიოთ დაძაბულობა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში. გარკვეულ მომენტში ჩვენ ვიქნებით მზად, უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ ჟენევის ფორმატში, სადაც ქართველი და რუსი დიპლომატები ხვდებიან ჩვენს დასავლელ კოლეგებს და საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომლებიც შეიქმნა 2008 წელს. ასევე იმ რეალობის შესახებ, რომელიც შესაცვლელია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიტუაციის სტაბილიზაცია მიგვიყვანს რაციონალურ დიალოგამდე ჩვენს ქვეყნებს შორის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.