ივანიშვილი უგულავას შემცვლელად ნარმანიას კანდიდატურას განიხილავს

ივანიშვილი უგულავას შემცვლელად ნარმანიას კანდიდატურას განიხილავს

ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლამდე თბილისის მერობის კანდიდატის დასახელების პირობას დებს. "რეზონანსის" ინფორმაციით, პრემიერი ამ თანამდებობაზე ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატურად ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ნარმანიას განიხილავს, თუმცა ჯერჯრეობით ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ კეთდება.

რამდენიმე დღის წინ სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა თქვა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლამდე "ქართულ ოცნებას" თბილისის მერის კანდიდატზე საკუთარ აზრს გააცნობს. კანდიდატი კი დასახელდება იმის შემდგომ, როდესაც ახალი პრემიერი დამტკიცდება.

"მერის კანდიდატს დავასახელებთ იმის შემდგომ, როდესაც ახალი პრემიერი დამტკიცდება. თანმიმდევრობაში ვიტყვი. 24 ნოემბერს ჩატარდება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კრება და სანამ წავალ, მე, შესაძლოა, ჩემი აზრი დავტოვო, თუ ვინ მიმაჩნია მერობის კანდიდატად", - განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, პრემიერი ვარაუდობს, რომ ეს ახალი პრემიერის დამტკიცებამდე მოხდება.

ახალი მთავრობა და ახალი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ უნდა დამტკიცდეს და იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია 17 ნოემბერს უნდა გაიმართოს, ივანიშვილის გადაწყვეტილება ამ დროისთვის უკვე ცნობილი უნდა იყოს.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის მომავალი მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადება მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებიდან და პოზიციიდან გამომდინარეობს.

როგორც უსუფაშვილმა რამდენიმე დღის წინათ რადიო "პალიტრის" ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" თქვა, აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრის განცხადება იმგვარად არ უნდა იყოს გაგებული, რომ კოალიცია მერის კანდიდატურას ხვალ-ზეგ გამოავლენს.

უსუფაშვილის თქმით, ამ მიმართულებით მმართველი გუნდის დღის წესრიგში პირველ ადგილზე თვითმმართველობებში დაგეგმილი რეფორმა და შესაბამისი კანონის მიღება დგას.

"რაც ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილმა თქვა, არის მისი პირადი მოსაზრება, პირადი განცხადება. ახლა კოალიცია ამ თემაზე არ მსჯელობს და ვერც იმსჯელებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯერ თვითმმართველობის სისტემაზე გვაქვს გადაწყვეტილებები მისაღები.

"იმედი მაქვს, მთავრობა უახლოეს სხდომაზე, დატვირთული პოლიტიკური დღეების მიუხედავად, თვითმმართველობის კოდექსს განიხილავს. პირველ რიგში, ის უნდა განისაზღვროს, ვის სად ვირჩევთ, როგორ და რა წესით ვირჩევთ.

"მერე გადავალთ პერსონალიებზე. ამასობაში ბიძინა ივანიშვილს ვერც ხვალ და ვრეც ზეგ ვერ ავუკრძალავთ, ამა თუ იმ საკითხზე თავისი მოსაზრება ჰქონდეს", - განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ თავის დროზე მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით კოალიცია ბიძინა ივანიშვილის პოზიციას "ყურადღებით მოისმენს, ხოლო გადაწყვეტილებას მიიღებს იმ წესითა და ფორმით, რაც კოალიციაში არის და იქნება.

თბილისის მერს პოლიტიკური დატვირთვა აქვს იმის გამო, რომ ის არის ერთადერთი პირდაპირი წესით არჩეული მერი, ანუ როდესაც მოსახლეობა ირჩევს მერს და არა საკრებულო ან რომელიმე სხვა ორგანო. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 4 თვითმმართველი ქალაქია, პირდაპირი წესით მერის არჩევა ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში ხდება.

თუმცა, ამ ეტაპზე მუშავდება პროექტი, რომლის თანახმად ყველა ქალაქი, სადაც 15 ათასზე მეტი მცხოვრებია, თვითმმართველ ქალაქად გამოცხადდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ქალაქი იქნება დამოუკიდებელი და მის დაქვემდებარებაში აღარ შევა ის სოფლები, რაც ახლა შედის.

ანუ, ამ სოფლებს ექნებათ სხვა რაიონული ცენტრი და ქალაქები იქნება დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეული. ასეთი კი დღეის მდგომარეობით 13 ქალაქია. იმის გამო, რომ ეს პროექტი ჯერჯერობით მიღებული არ არის, ძნელი სათქმელია, ამ ქალაქების მერის არჩევა რა წესით მოხდება.

მერის თემაზე საუბრისას დავით უსუფაშვილმა განაცხადა ისიც, რომ კოალიციის სურვილია, არჩევითი იყოს არა მხოლოდ თბილისის მერის პოსტი, არამედ მერებისა და გამგებლების არჩევნები ყველა ქალაქსა და რაიონში ჩატარდეს.

რაც შეეხება თბილისს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯერჯერობით ერთადერთი თვითმმართველი ქალაქია, რომელიც მერს პირდაპირი წესით ირჩევს. ამასთან, მერის არჩევისთვის დაწესებულია 30%-იანი ბარიერი და გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო სხვებზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ არჩევნებში მონაწილეთა 30 პროცენტისა.

იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ბარიერი საპრეზიდენტო არჩევნებშიც კი არ არის დაწესებული, თბილისის მერს პოლიტიკურად საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მითუმეტეს, რომ მას დედაქალაქის მართვისას საკმაოდ დიდი ფუნქციებიც გააჩნია.

თუმცა ამ ეტაპზე თბილისის საკრებულო მერის უფლებების შეზღუდვას ითხოვს და პარლამენტში სათანადო კანონპროექტიც უკვე მომზადებულია.

ამ ინიციატივის თანახმად, დედაქალაქის მერს თანამდებობის პირების დასანიშნად საკრებულოს თანხმობა დასჭირდება. საუბარია ვიცე-მერების, საქალაქო სამსახურების უფროსების, გამგებლების, ადმინისტრაციის უფროსის მოხსნა-დანიშვნაზე, რაც დღეისთვის ერთმნიშვნელოვნად მერის პრეროგატივაა.

პარლამენტში უკვე ინიცირებულია "დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის ავტორებიც არიან რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ტრიპოლსკი და მისი პირველი მოადგილე გია ჟორჟოლიანი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ირაკლი ტრიპოლსკიმ განუცხადა, თბილისის მერი ვიცე-მერების, გამგებლების, საქალაქო სამსახურების უფროსების და მერიის ადმინისტრაციის უფროსის კანდიდატურებს დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგენს, რომლის თანხმობის მისაღებად ხმების 1/3 დასჭირდება.

მისივე განმარტებით, კანონპროექტით, თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში, მერი საკრებულოში იმავე ან სხვა კანდიდატურებს წარადგენს და, თუ საკრებულო აღნიშნულ პირებს თანხმობას კვლავ არ მისცემს, მაშინ საკრებულოს წარმომადგენელთა 1/3 უფლებამოსილია, ახალი კანდიდატურა თავად წამოაყენოს.

პროექტით, თუ საკრებულოს წევრთა მიერ წარდგენილი კანდიდატურა ხმათა საჭირო რაოდენობას ვერ მიიღებს, თბილისის მერი თანამდებობაზე მისთვის სასურველ კანდიდატურას ნიშნავს. გარდა ამისა, კანონპროექტში ჩადებულია საკრებულოს მიერ აღნიშნული თანამდებობის პირებისათვის უნდობლობის გამოცხადების მექანიზმები, რაც სიით შემადგენლობის უმრავლესობით შეიძლება მოხდეს.

უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს საკრებულოს სრული შემდაგენლობის არანაკლებ 1/3-ს. უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, თბილისის მერი ვალდებულია, თანამდებობიდან გადააყენოს შესაბამისი პირი.

თბილისის მერია კი ამ პროექტს უკვე თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობაში უხეშ ჩარევად აფასებს.

როგორც კანონპროექტის შეფასებისას ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი აბესაძემ განუცხადა, ეს კანონპროექტი წინააღმდეგობაშია თვითმმართველობის კონცეფციასთან, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა.

"ინიცირებული კანონპროექტით საკრებულოს მიენიჭება უფლებამოსილება, უნდობლობა გამოუცხადოს მერიის სხვადასხვა თანამდებობების პირებს და მათთვის სასურველი პირები დანიშნოს ამ თანამდებობებზე.

"ეს არის გაუმართლებელი, უხეში ჩარევა თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობაში, რაც წინააღმდეგობაშია დღეს მოქმედი თვითმმართველობის ორგანული კანონით განსაზღვრულ პრინციპებთან, სადაც ცვლილებები, ჩვენდა გასაკვირად, არ შედის და ასევე წინააღმდეგობაშია თვითმმართველობის კონცეფციასთან, რომელზეც საქართველოს მთავრობამ ერთი წლის განმავლობაში იმუშავა და დაამტკიცა კიდეც.

"აღნიშნული კანონპროექტი მიმართულია იქით, რომ მერიის საქმიანობას შეეშალოს ხელი და მოხდეს პარალიზება შესაბამისი სამსახურების. კანონპროექტი მიმართულია თბილისის მერიის და თბილისის მოსახლეობის წინააღმდეგ", - განაცხადა აბესაძემ.

თბილისის საკრებულოს უმცირესობის წევრ თამაზ შოშიაშვილის თქმით კი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი დედაქალაქის ხელისუფლების ყველა შტოს უზურპირებას ცდილობს.

პარლამენტში ეს პროექტი ჯერჯერობით ახლა უნდა განიხილონ და ძნელი სათქმელია, საბოლოოდ რა ფორმით დამტკიცდება. დღეს მოქმედი ნორმით კი დედაქალაქის მერი საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა და ამ უფლებების ჩამორთმევის შემდეგაც ის პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ გავლენიანი ფიგურა იქნება.

სწორედ ამიტომ, არანაკლები პოლიტიკური დატვირთვა აქვს იმას, თუ ვინ იქნება მმართველი ძალის დედაქალაქის მერობის კანდიდატი.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, "ქალაქის მერი მეურნე, საქმის მკეთებელი და კარგი მენეჯერი უნდა იყოს".

"ასეთი მერი უნდა ჰყავდეს ქალაქს და არა ისეთები, პოლიტიკოსობას რომ იჩემებენ და ერთმანეთის ჯაჯგურში არიან", - დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.

"რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, რომელიც ივანიშვილთან დაახლოებულ პირთა წრიდან არის, ასეთ კანდიდატად ივანიშვილს ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია მიაჩნია და სწორედ მისი კანდიდატურა განიხილება.

თუმცა ამ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებენ, რის გამოც ამ ვერსიაზე დაბეჯითებით საუბარი ძნელია. იმის გათვალისწინებით კი, რომ ივანიშვილი ნარმანიას საქმიანობას საკმაოდ დადებითად აფასებს და ამასთან დაკავშირებით მას განცხადება არაერთხელ გაუკეთებია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არჩევანი სწორედ მასზე შეჩერდება.

რუსიკო მაჩაიძე

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა