მორაგბე ლევან ჩილაჩავას მშობლებმა არჩევანი დაუწუნეს

მორაგბე ლევან ჩილაჩავას მშობლებმა არჩევანი დაუწუნეს

ქართველი მორაგბეების წარმატებას უკვე მივეჩვიეთ. პირობები არ აქვთ, მაგრამ მაინც კარგად თამაშობენ. ქართველი მორაგბეები ევროპის სხვადასხვა გუნდმა შეისყიდა. ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კარგ გუნდში, საფრანგეთის ''ტულონში'' თამაშობს ლევან ჩილაჩავა. ლევანს ინტერნეტით დავუკავშირდით და შევეცადეთ გაგვერკვია, როგორია ქართველი ლეგიონერის ცხოვრება.

- 22 წლის ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში ვთამაშობდი. ჩვიდმეტი წლის ასაკში წამოვედი საფრანგეთში და უკვე მეხუთე წელია, ''ტულონში'' ვარ. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შვიდი თამაში მაქვს ნათამაშები.

- მაინცდამაინც რაგბი რატომ აირჩიე?

- უბანში რაგბის მწვრთნელი ცხოვრობდა. ათი წლის რომ ვიყავი, ვიფიქრე, ვარჯიშზე გავყვები-მეთქი. ოჯახის წევრებს არ უნდოდათ, რაგბის და ზოგადად სპორტს რომ გავყოლოდი. მაგრამ ვარჯიშზე რომ მივედი, ძალიან მომეწონა. უკვე 12 წელია, ამ სპორტში ვარ.

- რატომ დაგიწუნეს სპორტული არჩევანი?

- ფიქრობდნენ, რომ რაგბი საშიში და რთული სპორტია. ახლა ყველა გვერდში მიდგას.

- მეხუთე წელია, საფრანგეთში ხარ. არ გაგიჭირდა მარტოს სხვა ქვეყანაში ცხოვრება?

- პირველი ორი წელი ძალიან გამიჭირდა. არავის ვიცნობდი. ახლა კარგად ვგრძნობ თავს. ფრანგულიც უკვე კარგად ვისწავლე.

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამ სპორტს დიდი ყურადღება არ ექცევა, ქართველი მორაგბეები წარმატებულად თამაშობენ.…

- საქართველოში მართლა კარგი სახელი გვაქვს. ყოველთვის ვცდილობთ, ქართველები ჩვენი კარგი თამაშით გავახაროთ. რამდენიმე წლის წინ მართლა არ იყო სავარჯიშო პირობები. ახლა ცოტათი გამოსწორდა სიტუაცია. რამდენიმე მოედანი ააშენეს, მაგრამ ეს მოედნები სავარჯიშოა. სათამაშო დიდი მოედანი მორაგბეებს არ გააჩნიათ.

- რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში რაგბი უფრო წარმატებული გახდეს?

- პირველ რიგში, დიდი სტადიონები უნდა აშენდეს და აუცილებელია სპონსორების მოზიდვა. საფრანგეთში ახალი ზელანდიიდან და სხვა ქვეყნებიდან სპორტსმენები იმიტომ მოდიან, რომ დიდი ანაზღაურება აქვთ და ყველას საფრანგეთის გუნდებში უნდა თამაში. ამიტომაცაა საფრანგეთში რაგბის დონე მაღალი. ჩემს გუნდში მხოლოდ ათი ფრანგი თამაშობს, ყველა დანარჩენი უცხოელები ვართ.

- რაგბის გამო, ალბათ, სწავლას ნაკლებ ყურადღებას უთმობდი.

- რაგბიზე სიარულის პარალელურად უნდა მესწავლა კიდეც. ასე თუ არ მოვიქცეოდი, მეუბნებოდნენ, რაგბიდან გამოგიყვანთო. 13-14 წლის რომ ვიყავი, სკოლის საგნებს კარგად არ ვსწავლობდი და დაახლოებით ორი კვირა გამომიყვანეს რაგბიდან. მერე მიხვდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა დაშლას, მაინც ვერ გადამაფიქრებინებდნენ. სკოლა რომ დავამთავრე, კერძო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ეკონომიკის ფაკულტეტზე. იმ ზაფხულშივე საფრანგეთში წამოვედი. საფრანგეთში რაგბის ფედერაცია ითხოვს, რომ უცხოელმა მოთამაშემ ფრანგულის კურსები გაიაროს. გამოცდებს ყოველ წელს ვაბარებდით მე და დანარჩენი უცხოეთიდან ჩამოსული მორაგბეები. ჩემთან ერთად ტულონის გუნდში თამაშობს კოტე მიქაუტაძე. ფედერაცია გვავალდებულებს და მე და კოტე სხვა ლეგიონერებთან ერთად კვირაში ორჯერ ტურისტულ ფაკულტეტზე დავდივართ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია