პროექტ "მკითხველთა კლუბის" ფარგლებში, გამომცემლობა "პალიტრა L" "ბიბლუსთან" ერთად კითხვის მოყვარულთა საღამოებს იწყებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გამომცემლობა "პალიტრა L"-დან აცნობეს, ამ მიზნით, დღეს მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" სამკითხველო დარბაზში, პირველი ღონისძიება გაიმართება.
"მკითხველთა კლუბი" და "ბიბლუსი" წიგნის მოყვარულებს ფინჯან ჩაიზე ეპატიჟება, საღამოს კოტე თოლორდავა უმასპინძლებს.
"ღონისძიება პროექტ "მკითხველთა კლუბის" პრეზენტაციით გაიხსნება. "მკითხველთა კლუბი" ყოველთვიური ჟურნალი-კატალოგია, რომელიც "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოიცემა და საქართველოს 5 დიდი ქალაქის წიგნის მოყვარულებს აერთიანებს. კლუბის წევრები, კატალოგში წარმოდგენილ ნებისმიერ წიგნზე "მკითხველთა კლუბის" ფარგლებში, განსაკუთრებული პირობებითა და ფასდაკლებებით სარგებლობენ", _ აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
ამასთან, პრეზენტაცია კითხვის საღამოთი გაგრძელდება, რომლის წამყვანი მსახიობი კოტე თოლორდავაა. მსახიობი დამსწრეებთან ერთად ილია ჭავჭავაძის ოლღასადმი მიწერილ წერილებს წაიკითხავს. საღამოს მუსიკალურად სიმებიანი კვარტეტი გააფორმებს.
ღონისძიების ორგანიზატორები წიგნის მოყვარულებს, "მკითხველთა კლუბის" წევრებს და მათ, ვისაც ჯერ არ გაუვლია რეგისტრაცია მიმართავენ, ერთად წაიკითხონ ილია მსახიობ კოტე თოლორდავასთან ერთად.
ამასთან, ღონისძიებაში მონაწილეებს სთავაზობენ მრავალფეროვან ფასდაკლებებს, მათ შორის ილია ჭავჭავაძის საიუბილეო აქციასა და შაბათის აქციას. კერძოდ, ყველა სტუმარს საჩუქრად "ლიტერატურული პალიტრის" ბოლო ნომერი გადაეცემა; ასევე საჩუქრებია გათვალისწინებული მკითხველთა კლუბის საპატიო წევრებისთვის. ღონისძიებაში მონაწილეებს შეუძლიათ ადგილზე გაიარონ რეგისტრაცია და გახდნენ "მკითხველთა კლუბის" წევრი; ასევე, ადგილზე შეიძინონ ილია ჭავჭავაძის VI ტომეული საიუბილეო აქციის ფასად, სერიიდან "ჩემი რჩეული".