აკისრებს თუ არა კანონი პრეზიდენტს ოჯახურ ვალდებულებას

აკისრებს თუ არა კანონი პრეზიდენტს ოჯახურ ვალდებულებას

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საზოგადოების განხილვის თემა ის კი არ არის, რამდენად გაართმევს გიორგი მარგველაშვილი დაკისრებულ მოვალეობას თავს, არამედ ის, მოიყვანს თუ არა ცოლად თავის მეგობარ ქალბატონს - მაკა ჩიჩუას. ამაზე ლაპარაკობენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქუჩაში, სკვერში, ბანკში, სუპერმარკეტში, ბირჟაზე, ყველგან - საზოგადოების ნებისმიერი თავშეყრის ადგილას...

საინტერესოა, პრეზიდენტს რეალურად რა ვალდებულებას აკისრებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა. ჩვენს კითხვებს იურისტი გიორგი მშვენიერაძე პასუხობს:

- საქართველოს კანონმდებლობა არც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს და არც პრეზიდენტს, ოჯახური მდგომარეობის შესახებ არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს. იმიტომ, რომ ეს მისი პირადი ცხოვრებაა და საჯარო ხელისუფლების განხორციელებასთან არანაირი შეხება არ აქვს. როგორც ადამიანმა და იურისტმა უნდა აღვნიშნო, რომ ის კამპანია, რომელიც ქვეყანაში ახლა მიმდინარეობს ძალზე სამწუხაროა, რადგან ადამიანების ნაწილი ცუდად ცდილობს, გამოიყენოს არჩეული პრეზიდენტის პირადი ცხოვრების დეტალები, კერძოდ, საუბარია მისი ურთიერთობაზე ქალბატონ მაკა ჩიჩუასთან. ეს ყოვლად მიუღებელი რამ არის და თავად საზოგადოების დაბალ კულტურაზე მიუთითებს.

ადამიანების პირადი ცხოვრება არ უნდა გახდეს საჯარო ხელისუფლების განხორციელების წინა პირობა. პრეზიდენტი მისი მუშაობის ხარისხით უნდა შეფასდეს, რასთანაც კავშირი არ უნდა ჰქონდეს იმას, ოჯახი აქვს თუ არა, თავისუფალი ურთიერთობა აქვს ვინმესთან თუ ტრადიციული, კონსერვატიული საზოგადოებისთვის მისაღები ოჯახი აქვს. არჩეული პრეზიდენტის ახლანდელ მდგომარეობაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ და არც კანონმდებლობა არანაირ შეზღუდვას არ უწესებს. შეზღუდვა არც უნდა იყოს, რადგანაც ეს იქნებოდა ადამიანის პირად ცხოვრებაში ზედმეტი შეჭრა.

- ალბათ, ეს აჟიოტაჟი მაინც იმს უკავშირდება, რომ ოფიციალურ შეხვედრაზე პრეზიდენტებს უმეტესად მეუღლეები ახლავთ ხოლმე...

- ამაში ვერ დაგეთანხმებით. ამერიკელებსა და ევროპელებს შორის განსხვავებული დამოკიდებულებაა. ამერიკელები შედარებით კონსერვატორები არიან და ამერიკის პრეზიდენტისთვის შესაძლებელია და გარკვეულ ტრადიციასაც კი წარმოადგენს საზოგადოებაში მეუღლით გამოჩენა. ევროპული კულტურა კი აბსოლუტურად განსხვავებულია. ბევრი პრეზიდენტი ყოფილა, რომელთაც პრეზიდენტობის ვადაში თავისუფალი ურთიერთობა ჰქონიათ. ამაში არანაირი პრობლემა არ არის და უფრო მეტიც, თუ პრეზიდენტი სიმბოლურად ატარებს მეუღლეს შეხვედრებზე, არ ვთვლი, რომ პრეზიდენტის მეუღლე სატარებელი ნივთია... თუ მეუღლე ჰყავს და უნდა, რომ ოფიციალურ შეხვედრებზე მასთან ერთად გამოჩნდეს, გამოჩნდეს, თუ არადა, არც სხვა შემთხვევაა ტრაგედია...

- ანუ ამ მიმართულებით არც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შეიცვლება რამე თუ თავად პრეზიდენტმა არ შეცვალა პირადი ცხოვრება, არა?

- კი, რა თქმა უნდა. სამწუხაროა, რომ ჩვენს საზოგადოებას არ შეუძლია ისე იცხოვროს, რომ არ გაიგოს, რა ხდება სხვისი ზეწრის ქვეშ. ეს საზოგადოების კრიზისია...

როდესაც მონიკა ლევინსკისა და კლინტონის ურთიერთობის ფაქტი გახმაურდა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, იმ წელიწადს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე 100-ეული მილიარდით გადაამეტა ბიუჯეტის შესრულება. ჩემთვის კლინტონი კარგი პრეზიდენტი იმიტომ არის, რომ კარგად ართმევდა თავს ქვეყნის მართვას. მონიკა ლევინსკისთან ჰქონდა თუ არა ურთიერთობა და პარალელურად ჰყავდა თუ არა მეუღლე, საერთოდ არ მაინტერესებს.

ამერიკელების აღშფოთება იმან კი არ გამოიწვია, მონიკა რომ არსებობდა მის ცხოვრებაში, არამედ იმან, რომ კლინტონმა ამ ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლო სიტემას არასწორი ჩვენება მისცა. დიახ, დიდი სკანდალი ამას მოჰყვა.

როცა საზოგადოება პრეზიდენტს ირჩევს, უნდა ირჩევდეს მას როგორც პოლიტიკურ ფიგურას. მისი პირადი ცხოვრება და ოჯახური მდგომარეობა ასეთი ინტერესის საგანი არ უნდა იყოს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია