რატომ უძნელდებათ ადამიანებს სოდომური ცოდვების აღიარება?

რატომ უძნელდებათ ადამიანებს სოდომური ცოდვების აღიარება?

წმინდა წერილიდან ვიცით, რომ უფალმა ერთიანად გაანადგურა სოდომისა და გომორის მცხოვრებნი გოგირდოვანი ცეცხლის წვიმით, მათ შორის გავრცელებული უკიდურესი უსჯულოებისა და უკეთურების გამო. იმ ადგილას, სადაც სოდომი და გომორი მდებარეობდა, აღმოცენდა მარილიანი - მკვდარი ზღვა, სადაც დღემდე ვერანაირი სულდგმული ვერ ცოცხლობს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიანიშნებს სოდომ-გომორული ცოდვების უკიდურეს სიმძიმეზე...

- ვიდრე უშუალოდ სოდომური ცოდვების შესახებ გავაგრძელებთ საუბარს, იქნებ რამდენიმე სიტყვით განგვიმარტოთ, რატომ ინება უფალმა სოდომ-გომორის გოგირდოვანი ცეცხლის წვიმით განადგურება? რა შეიძლება განვჭვრიტოთ ცეცხლის სახით მოსულ სასჯელში?

დეკანოზი პეტრე გიორგაძე:

- ცეცხლი განსაწმენდელია. ამგვარი სასჯელით უფალი ცეცხლით წმენდს იმ ადგილს, რომელიც უსჯულოებით წაიბილწა. სოდომ-გომორის განადგურების შემდეგ იმ ტერიტორიაზე გაჩნდა მარილოვანი მკვდარი ზღვა, სადაც ვერც ერთი სულდგმული ვერ ცოცხლობს. მკვდარ ზღვასაც ამიტომ უწოდებენ. მამები ჯოჯოხეთზე საუბრისას ხშირად ასახელებენ გოგირდოვან ტბას, ცეცხლოვან წყალს, რაც სასჯელად აქვთ იქ მოხვედრილებს. გოგირდოვანი ცეცხლის წვიმა ალბათ მიანიშნებდა, რომ ჯოჯოხეთური სასჯელი მოვიდა, - სოდომ-გომორელებს, რომლებმაც პატარა ჯოჯოხეთი მოაწყვეს ამ მხარეში, სასჯელიც ჯოჯოხეთური დაედოთ, - ცეცხლი და გოგირდი აწვიმდათ.

- მართალია, სოდომისა და გომორის მხარე და მისი მკვიდრნი, გარდა მართალი ლოტისა, უფალმა ერთიანად გაანადგურა, აღგავა პირისაგან მიწისა, მათ შორის აღმოცენებული ცოდვები შემდგომში მაინც გავრცელდა ადამიანთა შორის, რომლებიც სოდომად, სოდომ-გომორის ცოდვებად იწოდება. რა არის ამის მიზეზი?

- მას შემდეგ, რაც უფალმა წარმონაქმენშივე აღმოფხვრა სოდომ-გომორული ცოდვა, ადამიანს, რომელიც ღვთის შემოქმედების ნაყოფია, არ უნდა გასჭირვებოდა გადაწყვეტილების მიღება - არ გაჰკარებოდა ამ ცოდვებს, თუმცა ის იმდენად მიდრეკილია სიამოვნებისკენ და გადადის სოდომურ ცოდვაში, რომ ან ვერ ამჩნევს, ან შეჩერება უჭირს.

- შესაძლოა, ადამიანებს გაცნობიერებული ჰქონდეთ სოდომ-გომორული ცოდვების სიმძიმე, თუმცა მათ ყველაზე მეტად სწორედ ამ ცოდვების აღიარება უჭირთ. საუბარი მაქვს ეკლესიის წიაღში მყოფ ადამიანებზე, მრევლის წევრებზე...

- ამის მიზეზი ამპარტავნებაა. ჩვენ ადამიანისგან არ ვითხოვთ, დეტალურად აღწეროს, როგორ ჩაიდინა ცოდვა. მთავარია, აღიაროს, რომ სოდომური და გომორული ცოდვით მოუხდა დაცემა. ადამიანი ფიქრობს, რას იტყვის მასზე მოძღვარი. ცხადია, მას ბოროტი აწვდის ასეთ აზრებს, რომ მოძღვართან არ მივიდეს და არ აღიაროს მის წინაშე. შეიძლება, თავიდან უფრო თქვას ადამიანმა. რაც დრო გადის და ადამიანი მრევლის ერთ-ერთი აქტიური წევრი ხდება, უფრო უჭირს აღიარება. აღსარებამდე ბოროტი ჩასძახის, რომ არ თქვას. ეს ფარავს ღვთის სინდისის ძახილს - თქვი, აღიარე ბოლომდეო. შემდეგ ის აწუხებს, რომ არ თქვა. ამიტომ ჯობია, თავი აიძულო და თქვა, აღიარო. რაც უფრო მცირე ცოდვებს გვეუბნება ღვთისმსახურთ ადამიანი, მით ზედაპირული დამოკიდებულება აქვს დედაეკლესიისა და ჩვენ მიმართ. რაც უფრო მძიმე ცოდვებს გვანდობს, ეს ნიშნავს, რომ სერიოზულად დაფიქრებულა ეს ადამიანი და გვენდობა. იმედი აქვს ამ ცოდვებისგან განკურნებისა.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია