დავით უსუფაშვილი - გპირდებით, ვიდრე კოალიციაში ერთი პარტია იქნება, იქ იქნება "რესპუბლიკური პარტიაც"

დავით უსუფაშვილი - გპირდებით, ვიდრე კოალიციაში ერთი პარტია იქნება, იქ იქნება "რესპუბლიკური პარტიაც"

გპირდებით, კოალიციაში ჩვენ ბოლომდე საიმედო პარტნიორები ვიქნებით და ვიდრე კოალიციაში ერთი პარტია იქნება, იქ იქნება "რესპუბლიკური პარტიაც", - აღნიშნული განცხადებით, რესპუბლიკური პარტიის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა თანაპარტიელებს და კოალიციის ლიდერებს მიმართა.

"რესპუბლიკური პარტიის" რიგით მეთხუთმეტე ყრილობაზე დავით უსუფაშვილმა, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ბოლო 2 წლის ანგარიში წარადგინა და ამ ხნის განმავლობაში მიმდინარე პროცესები შეაფასა. მისი განცვხადებით, ეს ორი წელი იყო ეპოქა, რომელსაც ყველაზე კარგად ისტორია შეაფასებს.

უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "რესპუბლიკელები" დღეს პირველად ატარებენ ყრილობას იმ მდგომარეობაში, როცა პარტია სახელისუფლებო პასუხისმგებლობით არის დატვირთული. იგი დარწმუნებულია, რომ "რესპუბლიკური პარტია" ამ პასუხისმგებლობას წარმატებით გაუმკლავდება.

"მინდა პირობა მოგცეთ, რომ ჩვენ ჩვენს საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. მიუხედავად კოალიციური ბუნებრივი სირთულისა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვადასხვა პარტიებად ვრჩებით, შესაძლოა, რომ ჩვენი შორეული მომავალი დამოუკიდებელ პოლიტიკურ მომავალს გვიქადის, მაგრამ გააზრებული გვაქვს, რომ ის შორეული პოლიტიკური მომავალი ვერ იქნება წარმატებული, თუ უახლოესი წლები ჩვენ ერთად ვერ განვვლეთ - ეს შეუძლებელი და გამორიცხული იქნება. საქართველოში ყველაფერთან ერთად უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების დროც დასრულდა. ვერ მოხდება ისე, რომ შუა საქმიდან სადღაც გადამხტარი, ჩამორჩენილი, გადამალული, დამალული, მოკლე გზით სადღაც მიმავალი დარჩეს პოლიტიკაში და კიდევ რაიმეს იმედი ჰქონდეს მომავალში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მან აღნიშნა ისიც, რომ ორი წლის წინ, შემოდგომამდე, ვიდრე პოლიტიკურ პროცესებში ბიძინა ივანიშვილი ჩაერთვებოდა, "რესპუბლიკური პარტია" განიხილავდა იატაკქვეშეთში გადასვლის გეგმას, რადგანაც მიაჩნდა, რომ გადასარჩენი იყო ის ღირებულებები, რისთვისაც პარტია მთელი მისი არსებობის განმავლობაში იბრძოდა. დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა თანაპარტიელებს, კოალიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს და კოალიციაში წარმოდგენილი პარტიების სხვა წარმომადგენლებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა