ვისგან ელოდა მეტ ყურადღებას ბაჩო ახალაიას მეუღლე - ანი ნადარეიშვილი ექსკლუზიურ დეტალებს ყვება

ვისგან ელოდა მეტ ყურადღებას ბაჩო ახალაიას მეუღლე - ანი ნადარეიშვილი ექსკლუზიურ დეტალებს ყვება

ვისგან ელოდა მეტ ყურადღებას ბაჩო ახალაიას მეუღლე და რა მხარდაჭერას გრძნობდა ის ამ ხნის მანძილზე "ნაციონალებისგან". "ამბები.ge"-სთან ინტერვიუში ანი ნადარეიშვილი ექსკლუზიურ დეტალებს ყვება.

- ანი, რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში 2012 წლის 7 ნოემბრის შედეგ, - რაც ბაჩო დააკავეს?

- 2012 წლის 7 ნოემბრიდან ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, აღმოვჩნდი დიდ და უსამართლო ბრძოლაში ჩართული ჩემი უძლიერესი მეორე ნახევრის გარეშე, თუმცა მარტო არცერთი წუთი არ ვყოფილვარ, რამაც თავისთავად უფრო მეტი ძალა მომცა იმისთვის, რომ მებრძოლა ბაჩოს სიმართლის დასამტკიცებლად. მივხვდი, რომ უმოქმედობით და დეპრესიაში ჩავარდნით ბაჩოს ვერაფრით დავეხმარებოდი.

- როგორ აისახა ეს შვილებზე? იმდენ რამეს ამბობენ ახალაიაზე...

- როდესაც ბაჩო დააკავეს, ჩვენი პატარა 6 თვის იყო, ისე აიდგა ფეხი, ისე თქვა პირველი სიტყვები, რომ ტყვეობაში მყოფი მამა არ უნახავს. ეხლა წლინახევრისაა და სურათებით ცნობს თავის მამიკოს, მთხოვს ხოლმე ტელევიზორში ჩავურთო მამა, მერე მიდის, ეფერება და კოცნის. ჩემთვის ამის ყურება ძალიან მძიმეა, ხშირ შემთხვევაში თავს ვერ ვიკავებ ხოლმე ცრემლებისგან, უცებ წარმოვიდგენ, ბაჩოს როგორ ენატრება თავისი ოჯახი და შვილები...

- ხშირად ამბობენ, ანი ნადარეიშვილი თავს არ ზოგავს ქმრის იმიჯის რეაბილიტაციისთვისო, ადრეც მებრძოლი იყავი? თუ განვითარებულმა მოვლენებმა შეგცვალა?

- საერთოდ, ბუნებით არ ვარ დეპრესიული, ყოველთვის დარწმუნებული ვარ, რომ გამოსავალი არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ მქონია მძიმე პერიოდები ცხოვრებაში, ასეთ დიდ მოწინააღმდეგესთან პირისპირ არასოდეს ვყოფილვარ. წარმოიდგინეთ, ვის წინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა - დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც ისტერიულად ეშინია ბაჩოს გამოშვება ციხიდან და კრიმინალური სამყარო, რომელსაც თავისი რევანშისტული ანგარიშები აქვს ჩემს ოჯახთან და რა თქმა უნდა, რუსული ბოროტების მანქანა, რომლის ოცნებაა, ყველა ქართველი პატრიოტის დასჯა, ვინც საქართველოს აღმშენებლობაში წვლილი შეტანა. ჩემი წინაპრების ცხოვრებაც არასოდეს ყოფილა ია-ვარდით მოფენილი და სულ ბრძოლაში იყვნენ: გადასახლებები, დახვრეტები, ომები და ათასი უბედურება გამოიარეს. მეც მათი სისხლი მიჩქეფს და გენეტიკურად, ალბათ, არის ჩემში მებრძოლი ხასიათი.

- გოგა ხაჩიძემ საჯაროდ დაწერა სოციალურ ქსელში, რომ ყველაზე მებრძოლი ქალი ხარ და ამაყობს შენით, თუ გრძნობ მსგავს მხარდაჭერას და თანაგრძნობას სხვა ნაციონალების მხრიდან?

- კი, ვგრძნობ, მწერენ, მამხნევებენ. თუმცა ზოგიერთისაგან უფრო მეტ მხარდაჭერას და გვერდში დგომას მოველოდი, ზოგიერთისაგან კი პირიქით, არც მეგონა, რომ ასე ახლოს მიიტანდნენ გულთან ამ მდგომარეობას. ალბათ, ეს ბუნებრივია და ამაში არაფერი გასაკვირი არ არის.

- უშუალოდ პრეზიდენტის მხარდაჭერა თუ მიიღე, არ ვგულისხმობ საჯარო გამოსვლებს, პირადი კონტაქტი თუ გქონდა ამ ხნის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილთან?

- კი, რამდენიმეჯერ შევხვდით და მისი მხრიდან მუდმივ მხარდაჭერას ვგრძნობდი.

- ვრცელდება აზრი, რომ "ნაციონალებმა" გაწირეს ახალაია, როგორ ფიქრობ, ასეა?

- არა! მე არ ვიცი, ინდივიდუალურად ვინ რას ფიქრობს. ეს არც არის საინტერესო. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ბაჩოსთანა მებრძოლები "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენენ და ისიც ვიცი, რომ საერთო საქმეა გასაკეთებელი, რომ საქართველომ უკუსვლა არ განაგრძოს, ის უკუსვლა, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.

- ხშირად ამბობენ, ბაჩომ თუ ხმა ამოიღო, ნაციონალებს ცუდად ექნებათ საქმე, შესაძლოა, მართლაც ჰქონდეს ბაჩოს ისეთი ინფორმაცია, რომელსაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების გამოაშკარავება შეუძლია?

- ასეთი ტიპის კითხვა ძალიან შეურაცხმყოფელია ბაჩოსთვის და ჩემთვის. ჯერ ერთი, მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს ბაჩოს ჩათვლით ძალიან ბევრი კარგი რამ გაუკეთებია საქართველოსთვის და ამას საქართველოს მოქალაქეები, რაც დრო გავა უფრო მეტად და მეტად დააფასებენ. მეორეც, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ბაჩომ თავისი ცხოვრებით, და თუნდაც ამ ერთი წლით, რაც ქართული ოცნების მძევალია, დაამტკიცა, რომ არის ბრძოლის და ერთგულების მაგალითი. სხვათა შორის, ამის გამოც ატარებს "ქართული ოცნება" მის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სადამსჯელო კამპანიას.

- როგორ წარმოგიდგენია მომავალი, უშვებ რომ ბაჩო ახალაია რამდენიმე წლით დააპატიმრონ?

- ყველამ დაინახა, რომ ის მართალი ადამიანია, ამაყობს საკუთარი სახელმწიფოთი და იმ საქმით, რაც ამ სახელმწიფოსთვის გაუკეთებია, არ ეშინია კითხვების, და ყველა კითხვაზე პასუხი აქვს. სწორედ ამ პასუხების გამო ეშინია მოქმედ ხელისუფლებასაც, თუმცა ასეთ ადამიანს ვერ გაუყუჩებ ბრძოლის ჟინს, თუნდაც საპყრობილეში და დიდი ხნით ვერ გამოკეტავ. ასე რომ, ყველაფერი წინ არის. მან და მეც ვიცოდით, რაც იყო მოსალოდნელი, თუმცა ერთი ნაბიჯით არ დაუხევია უკან. მე მგონი, მას სწორედ ეს გამოწვევები აცოცხლებს.

ხათუნა გაგნიძე, ამბები.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია