ბათუმი, როგორც ახლო აღმოსავლეთის ლას ვეგასი

ბათუმი, როგორც ახლო აღმოსავლეთის ლას ვეგასი

"ბათუმი არის ქალაქი შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც მინი ლას ვეგასად გარდაქმნის პოცესშია - იქ არის ბევრი კაზინო, დიდი სასტუმროები და მრავალფეროვანი კულტურული ცენტრები", - ასე შეაფასა დაახლოებით ერთი წლის წინ შავი ზღვისპირა ქალაქი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ევროპელებზე მეტად ბათუმით აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები მოიხიბლნენ. ყოველ შემთხვევაში, ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, გასულ წელს ბათუმში ნახევარ მილიონზე მეტი ტურისტია შესული. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად აჭარას თურქეთიდან სტუმრობენ, მეორე ადგილზე კი ირანელები არიან.

სწორედ ამიტომაც ბათუმში ახალი თურქული ავიაკომპანია "ატლას ჯეტი" ოპერირებას იწყებს. ავიაკომპანია ფრენებს აღმოსავლეთის ქვეყნებში განახორციელებს.

"რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში კომპანიის წარმომადგენელი ორჰან კოშკუნი ამ გადაწყვეტილების მიზეზებს ხსნის. "ჩვენ შევისწავლეთ ირანის ბაზარი და აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრს სურს თბილისში ან ბათუმში სათამაშოდ და ღამის კლუბებში დროის გასატარებლად ჩამოსვლა. ჩვენი შემდგომი ნაბიჯი იქნება ბეირუთი-თბილისის და ბეირუთი-ბათუმის ხაზები. ზაფხულამდე ამ ფრენასაც დავიწყებთ", - თქვა კოშკუნმა.

ბათუმის, როგორც კაზინოების ქალაქის შესახებ ინფორმაცია პირველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეიმურაზ დიასამიძემ გაახმოვანა. მან გასული წლის ზამთარში ბათუმელებს აცნობა, რომ ნოემბერ-დეკემბერში მხოლოდ ისრაელიდან კაზინოში სათამაშოდ სამი ჩარტერული რეისი შესრულდა. დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ბათუმს ისრაელის გარდა, იმავე მიზეზით, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდანაც სტუმრობენ. ამ ქვეყნებში სათამაშო ბიზნესი აკრძალულია.

მიუხედავად ტურიზმის განვითარების ამ პერსპექტივისა, ქართველი ექსპერტები ამას სკეპტიკურად უყურებენ და ფიქრობენ, რომ ეს ნოვაცია დიდ ვერაფერს შემატებს ქართულ ეკონომიკას.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ამბობს, რომ ტურისტების შემოსვლა ქვეყნისთვის კარგია, მით უფრო ბათუმისთვის, თუმცა მისი თქმით, გართობა და კაზინოები საქართველოს საქმე არ არის.

"ქვეყნისთვის თავისთავად ტურისტების შემოსვლა ცუდი არ არის და მათ შორის თუკი ეს ბათუმში ხდება, მაგრამ გააჩნია, რა ტიპის ტურიზმი ვითარდება. რა არის მიმზიდველი ბათუმში?! მე მაინცდამაინც ბათუმის ასეთი პერსპექტივა არ მხიბლავს და მე მგონი, არც ბათუმელებს მოსწონთ. გასაგებია, რომ გაჩნდა ინტერესი, მაგრამ ჩვენ თუ ამ ინტერესის სტრუქტურას დავინახავთ, სახარბიელო ბევრი არაფერი იქნება. ბოლო დროს გახშირებული სექსტურები უპერსპექტივოა", - გვითხრა გიორხელიძემ.

მისივე თქმით, კაზინოების ბიზნესის განვითარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს.

"კაზინოების ბიზნესის განვითარება არ მგონია, რომ კარგი იყოს. მისგან შემოტანილი ფული ვერ გადაფარავს იმ დანაკარგს, რომელიც წარმოიქმნება.

"კაზინო არ არის ადგილი, სადაც მხოლოდ თამაშობენ, ეს არის დიდი ინდუსტრია, მათ შორის ადამიანური სისუსტეებისა. მე პირადად მაინცდამაინც არ მომწონს, რომ ჩემი ქვეყნის ერთ-ერთი ქალაქი შეიძლება ამით იყოს დაკავებული", - უთხრა "მთელ კვირას" გიორხელიძემ და დასძინა, რომ საქართველოს ლას ვეგასი არ სჭირდება.

"უახლოესი ასი წელი საქართველოს ლას ვეგასი და სინგაპური არ სჭირდება. მთავარია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გეგმა, რომლის კონცეფცია შემუშავებულია.

"ეს არის ქვეყნის ეკონომიკის გადაყვანა ინოვაციურ რელსებზე, ადამიანური რესურსების განვითარება და განათლება, როგორც უპირველესი სტრატეგია. გართობა და კაზინოები საქართველოს საქმე არ არის, ეს ქვეყანას გადააშენებს. ასეთი ტურიზმი საქართველოს არ სჭირდება.

"ბათუმი არ შეიძლება ლას ვეგასი იყოს. ამ ქალაქის განვითარება მაფიამ და იმ ადამიანებმა დაიწყეს, რომლებსაც კრიმინალური ფული ჰქონდათ. ხელისუფლება, რომელიც იტყვის, რომ ბათუმი ლას ვეგასი უნდა იყოს, ქვეყნის მტერია", - გვითხრა გიორხელიძემ.

ექსპერტ ნოდარ კაპანაძის თქმით კი, ქვეყნის ეკონომიკა უნდა იყოს თუ არა ტურიზმზე ორიენტირებული, ცალსახა საკითხი არ არის. მისივე თქმით, ეს შეიძლება ეკონომიკისთვის კარგი იყოს, თუმცა, ამას ნეგატიური შედეგებიც აქვს.

"რომ ჩამოდიან და ფულს ხარჯავენ, ეკონომიკისთვის თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ამასთან ერთად არის რაღაც მომენტები, რომელიც, ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია. თუმცა, ეს გემოვნების ამბავია.

"საერთოდ, ტურისტული ინდუსტრია და ბიზნესი გასაგებია, რომ მომგებიანია, მაგრამ ეს რამდენად კარგია გრძელვადიან პერსპექტივაში, ამაზე ცალსახა პასუხი არ მაქვს.

"როდესაც ქვეყანაში სათამაშო ბიზნესი ვითარდება და მის მოქალაქეებს აქვთ უამრავი ვალი და ათასობით ლარი ტოტალიზატორში წაგებული, საბოლოო ჯამში ამას დადებითი შედეგი არ მოაქვს.

"ლას ვეგასთან და ბათუმთან პარალელის გავლება, ჩემი აზრით, არ იქნება სწორი იმიტომ, რომ ლას ვეგასი სულ სხვა კულტურულ სივრცეშია აღმოცენებული. ბათუმი ლას ვეგასისგან საკმაოდ განსხვავებული ფენომენია", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბარში კაპანაძე.

ტურიზმის ექსპერტის ნიკო კვარაცხელიას თქმითაც, კაზინოების პოპულარიზაცია მძიმე სოციალური ფონის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, უარყოფით როლს ასრულებს ადგილობრივ მოსახლეობაზე.

"არსებობს ეკონომიკური გათვლები და არსებობს ეროვნული ინტერესები, მორალი და ა.შ. როგორც ამბობენ, ფულს სუნი არ აქვს და ლას ვეგასის მაგალითი სწორედ ამას გვიჩვენებს.

"სათამაშო ბიზნესი ერთ-ერთი მომგებიანი ბიზნესია და ვფიქრობ, ტურიზმის განვითარებაზე მზრუნველმა ქვეყანამ ამაზე უარი არ უნდა თქვას, მაგრამ მძიმე სოციალური ფონის ქვეყნისთვის ეს უარყოფითად მოქმედებს. ადგილობრივ მოსახლეობას უფრო მეტწილად ითრევს, რაც სასურველი არ არის.

"ჩვენს კაზინოებში უფრო მეტად ადგილობრივი მოსახლეობა შედის, ვიდრე უცხოელი ვიზიტორი. ტურისტი, რომელიც მხოლოდ ამ მიზნით ჩამოდის - სათამაშოდ, რა თქმა უნდა, ძვირადღირებული ტურისტია და მომგებიანია. თუმცა, ვერ გეტყვით, რა შესდის ამით ხაზინას.

"აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამას ორი მხარე აქვს - ერთი ის, რომ შემოვლენ ტურისტები, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ კაზინოების პოპულარიზაცია მძიმე სოციალური ფონის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, უარყოფით როლს ასრულებს ადგილობრივ მოსახლეობაზე", - გვითხრა კვარაცხელიამ.

თიკო ოსმანოვა

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია