რა შედეგები აჩვენა კონტროლიორებზე ფარულმა დაკვირვებამ და რამდენი ჯარიმა იწერება დღეში

რა შედეგები აჩვენა კონტროლიორებზე ფარულმა დაკვირვებამ და რამდენი ჯარიმა იწერება დღეში

გადატვირთული ყვითელი ავტობუსები, კონფლიქტი მგზავრებსა და კონტროლიორებს შორის, უბილეთო მგზავრები და ჯარიმები. თუ თქვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობთ, ეს სურათი თქვენთვის უცხო არ იქნება. ხშირად ავტობუსში ასვლას დიდი ძალისხმევა სჭირდება. დაჯდომაზე საუბარი ზედმეტია, ზოგჯერ ფეხზე დგომის საშუალებაც არ არის. ასეთ "გაჭედილ" სიტუაციაში ბილეთის ასაღებად აპარატთან მისვლა რთულია, მაგრამ თუ მგზავრს ბილეთის აღებისგან თავის არიდება სურს, თავს არც სიხალვათეში იწუხებს.

"ამბები.გე"-სთვის ცნობილი გახდა, რომ მგზავრთა ჭარბი ნაკადის პრობლემის მოსაგვარებლად, თბილისის ქუჩებში მალე ახალი, 12 მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ. იგეგმება თუ არა მგზავრობის ტარიფის გადახედვა, რა შედეგები აჩვენა კონტროლიორებზე ფარულმა დაკვირვებამ და საშუალოდ, დღეში რამდენი ჯარიმა იწერება, ამის შესახებ "ამბები.გე"-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალური დირექტორი ლევან კოპლატაძე ესაუბრა.

ლევან კოპლატაძე:

- დედაქალაქის მერია 100 ახალი ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ახალი ავტობუსები ე.წ. დიდი "ბოგდანის" ტიპის ავტობუსებს ჩაანაცვლებს, რომლებიც თავის მხრივ, პატარა ავტობუსებს შეცვლიან. ეს იქნება 12 მეტრის სიგრძის, ამჟამინდელზე 20-25 %-ით მეტი ტევადეობის ავტობუსი, რომლის ტევადობა არანაკლაბ 85 ადამიანს შეადგენს. ახალი ავტობუსი იქნება ევროპული სტანდარტის შესაბამისი. იქნება გაგრილება-კონდიცირების სისტემით აღჭურვილი. პატარა ავტობუსების ნაწილი, რომლებმაც რესურსი ამოწურეს - ჩამოიწერება. ახალი ავტობუსები კი გაბარიტებიდან გამომდინარე, ძირითადად ცენტრალურ გამიზირებზე იმოძრავებენ. სადაც ახლა მოძრაობს დიდი "ბოგდანები", იმ ხაზებზე მოხდება ახალი ავტობუსებით ჩანაცვლება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ტენდერის გამოცხადების შემდეგ გახდება ცნობილი.

-მგზავრების ნაწილს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად რამდენიმე ავტობუსის გამოცვლა უწევთ. ხომ არ იგეგმება ე.წ. გრძელი მარშრუტების აღდგენა?

-არა, გრძელი მარშრუტების აღდგენა არ იგეგმება. ჩვენ ზუსტად ამისთვის შემოივიღეთ ტარიფი, რომელიც ახლა არსებობს. მგზავრს საათნახევრის განმავლობაში, შეუძლია 50 თეთრად იმგზავროს.

- ხომ არ იგეგმება ცვლილებები ტარიფთან დაკავშირებით? საზღვარგარეთის პრაქტიკის გათვალისწინებით, ხომ არ გიფიქრიათ გრძელვადიანი ბილეთების შემოღება?

- ტარიფთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება. დარჩება საათნახევრიანი ტარიფი. სატარიფო პოლიტიკა ჩვენი კომპანიის კომპეტენცია არ არის. ჩვენ ვართ ოპერატორი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს დადგენილი მარშრუტებითა და თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი ტარიფით მომსახურებას. რაც შეეხება გრძელვადიან ბილეთებს, ორ და სამ საათიანი ბილეთის საჭიროება თბილისში ნამდვილად არ დგას. მაქსიმალურად მოქნილი სიტუაცია არის, როდესაც ყველა სატრანსპორტო საშუალებაში მგზავრობის საფასურის გადახდა ერთი ბარათით ხდება.

- საკმაოდ კონფლიქტური სიტუაციები იქმნება კონტოლიორებთან დაკავშირებით. ხომ არ გიფიქრიათ რაიმე ტიპის საინფორმაციო კამპანიის წარმოება კონტროლიორებზე დადებითი იმიჯის შესაქმნელად? მაგალითად, როგორიც იყო სატელევიზიო რგოლები მანდატურებზე და ა.შ.

- კონფლიქტები თითქმის ყოველდღიურად ხდება. თბილისის მასშტაბით მუშაობს 120 კონტოლიორი, რომლებიც ძირითადად ცენტრალურ უბნებში არიან განლაგებულები. გარე უბნებიდან მომავალ მარშრუტებზე კი მუდმივად სხედან კონდუქტორები, რომლებიც მგზავრებს აბილეთიანებენ. ასეთი დეფინიცირება იმან განაპირობა, რომ გარეუბნის მარშრუტებში ბევრად ნაკლებად ხდებოდა თანხის ამოღება, ვიდრე ცენტრალურ მარშრუტებზე. კონდუქტორების რაოდენობა კი 650-ს შეადგენს. ჩვენ გავაკეთეთ სისტემის რებრენდინგი, მოვახდინეთ ყველა კონტროლიორის გადამზადება, მათ გაიარეს სპეციალური ტრენინგები. გარდა ამისა, ჩვენ ჩავატარეთ ორი კვლევა, დავიქირავეთ ორგანიზაცია, რომელიც დააკვირდა და წარმოადგინა რეპორტი თითოეული კონტროლიორის მოქმედებაზე. უნდა შემოწმებულიყო ყველა კონტროლიორი, ყველას ქცევა, რამდენად ასრულებდა იგი მოვალეობას კონფლიქტურ სიტუაციაში, რამდენად ზრდილობიანი იყო მგზავრთან მიმართებაში და ა.შ.

- რა შედეგი აჩვენა კვლევამ?

- უფრო დადებითი, ვიდრე უარყოფითი. ძირითადად აგრესია მოდის მგზავრისგან, რომელიც არ იღებს ბილეთს და აპროტესტებს ხუთ ლარიან ჯარიმას.

- როგორია სტატისტიკა, უბილეთოდ მგზავრობის გამო, საშუალოდ, რამდენი ჯარიმა იწერება დღეში?

- დღის განმავლობაში დაახლოებით 350 ჯარიმა იწერება. ფაქტია, რომ სამწუხაროდ, საკმაოდ დიდია იმ მგზავრთა რაოდენობა, რომლებიც მგზავრობის საფასურს არ იხდიან.

- თავად კონტროლიორი თუ ჯარიმდება იმის გამო, რომ, მან მგზავრი საჭიროების შემთხვევაში არ დააჯარიმა?

- არა, ჩვენ ასეთი დაჯარიმების სისტემა არ გვაქვს. მას ჩვეულებრივად დისციპლინარული სასჯელი დაედება. გამოეცხადება შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური და ა.შ.

- ფორუმზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ახლა კონტოლიორების ძირითადი ფუნქცია ავტობუსში ასვლის შემდეგ მგზავრებისთვის ბილეთის აღებაა.

- არა, ასე ნამდვილად არ არის. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გაგებით მოვეკიდოთ მგზავრის ინტერესს. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ადამიანებს, გადაიხადონ მგზავრობის საფასური.

- მგზავრების ნაწილი იმაზეც საუბარობს, რომ რიგი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ბილეთის ასაღები აპარატი გაჩერებებზე დაიდგას.

- აქ პრობლემა იმაში არ მდგომარეობს, რომ ბილეთის აღება ხელმისაწვდომი არ არის. როდესაც მგზავრი 50 თეთრით ხელში დგას სალაროსთან, იყურება ფანჯარაში, თუ კონტროლიორი არ ამოვიდა, ის 50 თეთრს არ ჩააგდებს და არ აიღებს ბილეთს, ხოლო თუ ამოვა, ჩააგდებს, ამ პრობლემას ვერ მოხსნის ვერაფერი. ვერც ავტობუსების გაჩერებაზე დანადგარების დამონტაჟება. გადახდის სისტემა საკმაოდ ხელმისაწვდომია. დაახლოებით 400 გაჩერებაზე ახლაც განთავსებულია სწრაფი გადახდების აპარატები, რომლითაც შესაძლებელია ბარათზე ბალანსის შევსება. ბევრნაირი სისტემის დანერგვა შეიძლება, მაგრამ სისტემური პრობლემა, რაც გადახდასთან დაკავშირებით დგას, არის, ის, რომ მგზავრი, რომელიც არ იღებს ბილეთს, ის პრინციპულად დგას 50 თეთრით ხელში და ელოდება კონტოლიორის ამოსვლას. ეს არის პრინციპული პრობლემა, რომელსაც ვერ უშველის ავტობუსის გაჩერებებზე დამატებით აპარატების განთავსება. თუ ადამიანს აქვს მგზავრობის საფასურის გადახდის სურვილი, ის ამას მოახერხებს.

ანა მარშანია, ამბები.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ავტობუსის ბილეთები-

აურზაური ქალაქში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია