მიხეილ სააკაშვილი ნიკოლა სარკოზის შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი ნიკოლა სარკოზის შეხვდა

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი პარიზში ნიკოლა სარკოზის შეხვდა.

მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და 2008 წელს ე.წ სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულების მნიშვნელობა იყო.

პარიზში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური ასამბლეის წევრებსაც შეხვდა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ვილნიუსის სამიტის წინ ევროპის სხვა ქვეყნებსაც ესტუმრება და დაგეგმილ შეხვედრებზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.

"დიდხანს ვესაუბრე ჩემს მეგობარ ნიკოლა სარკოზის. ის არა მხოლოდ საფრანგეთის წარსულია, არამედ ამ ქვეყნისა და ევროპის მომავალი - ეს ყველამ იცის. ამიტომ ამ ურთიერთობას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, სარკოზისთან საუბარს სხვა მნიშვნელობაც აქვს. სარკოზი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ცოცხალი და მოქმედი სიმბოლო. მაშინ, როდესაც ხელი მოეწერა სარკოზი-მედვედევის შეთანხმებას, ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ბოლომდე დაცული. პრობლემა არის ის, რომ თუ გასული წლის ოქტომბრამდე სარკოზი- მედვედევის შეთანხმებას ევროპელები და ამერიკელები რუსეთს პრაქტიკულად ყოველ კვირას ახსენებდენ, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით საქართველოს მთავრობამ შეწყვიტა ამ შეთანხმებაზე ლაპარაკი და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც მაშინვე შეწყვიტეს ამ ხელშეკრულების დაცვაზე საუბარი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას "მეგობრულად ურჩევს", მუდმივად ახსენონ ის შეთანხმება, რომელიც რუსეთმა "ვერაგულად დაარღვია" და ყოველდღიურად არღვევს მავთულხლართების გადმოწევით თუ ჯარების კონცენტრაციით.

"საბოლოოდ, რუსეთს მოუწევს ამ ხელშეკრულების დაცვა. დღეს ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამ საკითხებზე ყველამ ერთად გავამახვილოთ ყურადღება. გარდა ამისა, შევხვდი ნაციონალური ასამბლეის წევრებს. ჩვენ ვემზადებით ვილნიუსის სამიტისთვის და ამ სამიტამდე კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყნის მოვლას ვაპირებ. მაქსიმალურად ბევრი უნდა მივიღოთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს არის ერთ-ერთი მთავარი რამ, რისთვისაც უნდა გამოვიყენო ჩემი პრეზიდენტობის ბოლო დღეები", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა