ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიხეილ სააკაშვილსა და ედუარდ შევარდნაძეს მიიწვევენ

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიხეილ სააკაშვილსა და ედუარდ შევარდნაძეს მიიწვევენ

17 ნოემბერს გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე მიწვეული იქნებიან მიხეილ სააკაშვილი და ედუარდ შევარდნაძე, ასევე პარლამენტი სრული შემადგენლობით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ფანჯიკიძის თქმით, 27 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა ნამდვილი ევროპული სტანდარტის აჩევნები და, შესაბამისად, ინაუგურაციაც ევროპული სტანდარტის იქნება.

როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ევროპის დიდ ქვეყნებში ინაუგურაცია ხშირად იმართება პარლამენტის შენობის სხდომათა დარბაზში. "სამწუხაროდ, თბილისში ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს, ამიტომ ვიპოვეთ ოპტიმალური ვარიანტი იმისთვის, რომ ეს ინაუგურაცია იყოს სადა, რაც მთავარია არ დაჯდეს დიდი თანხა და ამიტომ გადავწყვიტეთ ინაუგურაცია ჩატარდეს თბილისში, პარლამენტის შიდა ეზოში. გარდა ამ ღონისძიებისა, აუცილებლად იქნება სამხედრო კომპონენტი, შესრულდება საქართველოს ჰიმნი, იქნება დროშის აღმართვა", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, 17 ნოემბერს ინაუგურაციისადმი მიძღვნილი ოთხი ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ერთი პარლამენტის ეზოში, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ფიცს დადებს, ხოლო შემდეგ ის გაემგზავრება გმირთა მოედანზე, სადაც პატივს მიაგებს საქართველოს გმირებს. კიდევ ერთი ღონისძიება არის საზეიმო კონცერტი, რომელიც სავარაუდოდ რუსთაველის თეატრში ჩატარდება, ხოლო მეოთხე ღონისძიება არის უცხოელი სტუმრებისათვის დაგეგმილი მიღება.

რაც შეეხება სამხედრო კომპონენტს, ფანჯიკიძის განცხადებით, ინაუგურაციაზე არ იქნება არც ავიაცია და არც მძიმე ტექნიკა, არამედ წარმოდგენილი იქნება პირადი შემადგენლობა. საზეიმო კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებენ მოწვეული შემსრულებლები.

ფანჯიკიძის განმარტებით, პარლამენტის შიდა ეზო შეირჩა იმიტომ, რომ ამით თავიდან იქნება აცილებული რუსთაველის გამზირის გადაკეტვა და ქუჩების პარალიზება. "ჩვენ სულ 70-მდე მოსაწვევი გავგზავნეთ პარტნიორ ქვეყნებში. მათ შორის არ იქნება რუსეთის დელეგაცია", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება ღონისძიებებს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ღონისძიებები 17 ნოემბერს 13:00 საათიდან დაიწყება, ხოლო კონცერტი - 18:00 საათის შემდეგ იგეგმება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა