ხელისუფლების ახალ ინიციატივას, ურეცეპტოდ წამლის გაცემის აკრძალვას, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. რა უქმნის საფრთხეს ამ ინიციატივის განხორციელებას, რით არის გამოწვეული მედიკამენტების ხშირად უხარისხო, მაგრამ ამავე დროს უპრეცედენტო სიძვირე ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე და რატომ არ არის სიცოცხლისთვის აუცილებელი წამლები ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი? ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრას" არასამთავრობო ორგანიზაცია "გვახსოვდეს ჰიპოკრატე" წარმომადგენელი, ქალბატონი მარინა ბერაძე ესაუბრა.
- ალბათ ყველას გვახსოვს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს უთხრა, - წამლების სიძვირე ხელოვნურად არის გამოწვეული და ამ პრობლემას მიხედეთო. ამას სწრაფი, თუმცა ხანმოკლე რეაგირება მოჰყვა, მაგალითად, ერთ-ერთი მედიკამენტი (რომელიც გულის სტენტირების შემდეგ გამოიყენება) 9 ლარიდან 90 თეთრამდე გაიაფდა. ამ ფაქტმა წარმოაჩინა, თუ რამდენად იყო წამალი ხელოვნურად გაძვირებული. მაგრამ ეს პროცესი მალე შეჩერდა და ფარმაცევტულ ბაზარზე დარჩა იგივე თამაშის წესები, რომელიც საერთაშორისო თვალსაზრისით აღიარებულ წესებს და ნორმებს არ შეესაბამება.
- რას გულისხმობთ?
- ჩვენს ბაზარზე ოლიგოპოლიაა - რამდენიმე ძლიერი კომპანია ერთმანეთთან გარიგებულია. ერთს, პირობითად, შემოაქვს წამალი X, მეორეს - Y, რასაც ერთმანეთს უნაწილებენ და მათზე ფიქსირებულ ფასს აწესებენ. მათ გარდა სხვა იმპორტიორებს მწარმოებლებთან კონტრაქტის გაფორმება არ შეუძლიათ. ამიტომ ყველა აფთიაქი ფარმაცევტულ ბიზნესში ამ მთავარ მოთამაშეებზე არის დამოკიდებული. რაც მთავარია, სახელმწიფოს არ აქვს ფასების თვითღირებულების დადგენის, ფასნამატის განსაზღვრის და მათი რეგულაციის მექანიზმი, ამ ყველაფერს ისევ მონოპოლისტი კომპანიების თამაშის წესები განსაზღვრავენ. ჩვენთან წარმოებული მედიკამენტი საქართველოში უფრო ძვირად იყიდება, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, შემოტანილი მედიკამენტები კი ევროპის ქვეყნებში უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში(!).
დასავლეთის ქვეყნებში საბითუმო ქსელის მეპატრონეებს საცალო ქსელის გახსნის უფლება არ აქვთ. ჩვენთან კი ეს დაშვებულია. ის, რომ ფარმაცევტული საქმიანობის მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილი არ არის, დაადგინოს მედიკამენტის თვითღირებულება და ხარისხი, ლამის "ლიბერალიზაციად" მონათლეს. არადა, ლიბერალიზაცია არ შეიძლება იყოს თავისუფალი ბაზრის შემაფერხებელი - დაუშვებელია, არ არსებობდეს კონკურენცია და ერთი მეპატრონის ხელში იყოს ყველაფერი. ჩვენთან მონოპოლისტური ფარმაცევტული კომპანიების მფლობელობაშია ერთდროულად ფარმაცევტული წარმოება, სამედიცინო დაწესებულებები და სადაზღვევო კომპანიები. ამ სიტუაციაში ექიმი ისეთ და იმდენ წამალს გამოწერს, რომელიც, უპირველესად, სარგებელს არა პაციენტს, არამედ იმ კომპანიას მოუტანს, ვისაც ის ემსახურება. ძალიან სახიფათოა ექიმის გარიგება ფარმაცევტულ კომპანიასთან. საქართველოში არ არსებობს სახელმწიფო ან თუნდაც კერძო, მაგრამ მონოპოლისტებისგან დამოუკიდებელი ლაბორატორია, რომელიც მედიკამენტების ხარისხს შეამოწმებს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას აქვს ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანი მედიკამენტების ნუსხა, რომელთა შესწავლა სისტემატურად ხდება, ზოგჯერ ერთ მედიკამენტს მეორით ცვლიან.
ეს მედიკამენტები კი აუცილებლად უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებისთვის სავალდებულოა. ზოგიერთი სახელმწიფო უმწეოებისთვის, შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონეთათვის ან სხვა კატეგორიის პაციენტებისთვის თავად იძენს ამ მედიკამენტებს. წარმოუდგენელიც კია მათზე კომერციული ფასების დადება, ის, რაც ჩვენს სინამდვილეში ხდება. ჩვენთან წლების განმავლობაში ასაიდუმლოებენ ინფორმაციას, არ აქვეყნებენ ამ ნუსხაში შესული წამლების ლათინურ სახელწოდებებს - ლაპარაკია დაახლოებით 350 დასახელების მედიკამენტზე. იმიტომ, რომ ამ სიის გამოქვეყნება მონოპოლისტ კომპანიებს დიდ დარტყმას მიაყენებს. დარწმუნებული ვარ, ზემოთ ხსენებული მედიკამენტები დიდ შვებას მისცემს ჰიპერტონიკებს, დიაბეტიკებს, ცერებრალური დამბლით დაავადებულებს. პრეტენზიები აღარ ექნებათ ინვალიდი ბავშვების მშობლებს, რომლებიც ახლა მედიკამენტების სიძვირის გამო აქციებსაც კი აწყობენ. ამით ხელისუფლებაც უზარმაზარ ტვირთს მოიხსნის. მაგალითად, თუკი ადამიანისთვის ერთნაირი შედეგის მომტანია რამდენიმე თეთრად ღირებული "ასპირინის" სახელით ცნობილი მედიკამენტი და უფრო ძვირად ღირებული შუშხუნა "ასპირინი", მან თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელი შეიძინოს. ხსენებული ნუსხის გამოქვეყნება კი პაციენტს სწორედ ამ არჩევანს ნათლად დაანახებს. წამლების გაიაფების მეორე გზა კი ე.წ. ჯენერიკ-მედიკამენტების (ერთი და იმავე ქიმიური ფორმულის გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა დასახელების წამლები) შემოტანაა.