ივანიშვილის თქმით, მომავალი პირველი ლედი ღარიბაშვილის მეუღლე იქნება

ივანიშვილის თქმით, მომავალი პირველი ლედი ღარიბაშვილის მეუღლე იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურაზე მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა აბსოლუტურად ერთსულოვანი იყო, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშილის პრემიერის პოსტზე წარდგენისას განაცხადა და ღარიბაშვილის ბიოგრაფიაზე ისაუბრა.

ივანიშვილის თქმით, ყველაზე დიდი წარმატება ღარიბაშვილმა შსს-ში მოახერხა, თუმცა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე რთული სტრუქტურა ჩაბარდა მას.

ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილის პირად მახასიათებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი პრემიერის ოჯახური მდგომარეობა მისთვის მნიშვნელოვანია.

"პირადი ხასიათებიც თუ გინდათ - ის არის ტიპურად კახელი კაცი, უაღრესად გულწრფელი და ნაღდი კაცი, ძალიან წესიერი კაცია. ვიცით, რომ ახალი კონსტიტუციით, რომელიც ინაუგურაციის შემდგომ ამოქმედდება, უმაღლესი ხელისუფალი იქნება პრემიერი - ის ქვეყნის პირველი პირი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მერხიდან უყვართ მას და მის მეუღლეს ერთმანეთი. ძალიან ტრადიციული ოჯახის შემქმნელი პრემიერი ეყოლება საქართველოს. ირაკლის მშობლები, სიდედრი და სიმამრი, როგორც წესი, შვებულებას ერთად ატარებენ. ეს ძალიან კარგია.

თქვენ იცით ჩემი გართულება ოჯახზე და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. გავიხსენებდი, როგორია ჩვენი მომავალი პირველი ლედი - პოლიტიკაში რომ შემოვედი, დაიჭირეს ნუნუკას მამა - თამაზ თამაზაშვილი. ჰქონდათ ერთადერთი მოთხოვნა, რომ ირაკლი არ უნდა დამდგარიყო ჩემს გვერდით. ნუნუკას ურეკავდნენ, ეუბნებოდნენ, რომ როდესაც გაიგებ, რომ მამაშენი ციხეში გულით გარდაიცვალა, შემდეგ შენს მეუღლესაც წავიყვანთო. მე დავურეკე ნუნუკას და მიუხედავად ამ ზარებისა, მითხრა, თუ საჭიროა და რამეში გამოვდგები, მეც დავდგები თქვენს გვერდითო. თუ ირაკლის ბიოგრაფიას კიდევ უკან გადავწვდებით, ჩემთვის საამაყოა, რომ სტუდენტობის დროს, ზოგჯერ მიმტანად მუშაობდა და ზოგჯერ არაპოპულარული სამსახური ჰქონდა, ასე ირჩენდა თავს და სწავლობდა პარიზში. მან იცის შრომის ფასი. ვფიქრობ საქართველოს ღირსეული პრემიერი და მთავრობა ეყოლება", - განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილი არ ელოდება, რომ ღარიბაშვილი მთავრობაში ბევრს საკადრო ცვლილებას განახორციელებს. ივანიშვილის თქმით, შესაძლოა ცვლილებები საერთოდ არ მოხდეს.

"საქართველოს მოსახლეობას შეუძლია იამაყოს საკუთარი ხელისუფლებით. ასეთ ხელისუფლებას ვტოვებ და გადავდივარ საზოგადოებაში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესა და შვილებთან ერთად (ფოტოგალერეა)

იხილეთ ვიდეო: ირაკლის და მის მეუღლეს სკოლის მერხიდან უყვართ ერთმანეთი - ივანიშვილი ღარიბაშვილის ოჯახზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა