ასტრახანიდან ქართველ მეფეთა გადმოსვენების საკითხის განხილვა შეჩერებულია

ასტრახანიდან ქართველ მეფეთა გადმოსვენების საკითხის განხილვა შეჩერებულია

ასტრახანიდან ქართველ მეფეთა ნეშტი გადმოსვენების საკითხის განხილვა შეჩერებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელმა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ (შარაშენიძე) განუცხადა, მეფეთა ნეშტების გადმოსვენებასთან დაკავშირებით ჯერ არანაირი სიახლე არ არის. ასტრახანში სექტემბერისთვის გასამართი კონფერენციაც არ ჩატარებულა.

როგორც ცნობილია, ასტრახანში სექტემბრის თვეში კონფერენცია უნდა გამართულიყო, რათა იქაურ საზოგადოებას გაეგო, იქ დასაფლავებული ქართველ მეფეთა ვახტანგ მე-6-სა და თეიმურაზ II-ის ნეშთების საქართველოში გადასვენების მიზეზების შესახებ, გაცნობოდნენ მათ ანდერძებს.

"კონფერენცია სექტემბერში უნდა ჩატარებულიყო. ჯერ არ ჩატარებულა. ველოდებით რუსეთის მხრიდან ამ შეხვედრის თარიღის შეთანხმებას", - აღნიშნა მეუფე გერასიმემ.

მისივე  განცხადებით, შეხვედრის თარიღის დაზუსტების შემთხვევაში, ასტრახანში საქართველოს ეკლესიიდან დელეგაცია ჩავა. ამ ეტაპზე უცნობია, როდის შეიძლება ჩავიდეს დელეგაცია ასტრახანში ან როდის შეიძლება გაიმართოს კონფერენცია. ჯერ შეხვედრა შეთანხმებული არ არის.

ამასთან, მიტროპოლიტმა საუბრისას არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის მხარეს არ სურს საკითხის გადაწყვეტა და ქართველ მეფეთა ნეშტების საქართველოში გადმოსვენება. "რადგანაც მოლაპარაკება მიდის, ე.ი იქნება შეთანხმება", - დასძინა მეუფე გერასიმემ.

ქართველი მეფეების: ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ მეორის ნეშტს ასტრახანიდან გადმოსვენების საკითხზე რუსეთის პრეზიდენტსა და პატრიარქს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გასული წლის ნოემბერში მიმართა. რუსეთის პატრიარქის მიერ შექმნილი კომისიის  პირველი სხდომა 13 დეკემბერს გაიმართა. რუსულმა მხარემ ისტორიული და არქეოლოგიური მასალის შესასწავლად დრო ითხოვა.

ამასთან, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში უკვე გამზადებულია მეფეთა ნეშტის განსასვენებლად ქვის საფლავები.

ვახტანგ მეექვსე 1737 წელს 26 მარტს ასტრახანში გარდაიცვალა და მიძინების ტაძარშია დაკრძალული.

თეიმურაზ მეორე პეტერბურგში 1762 წლის 8 იანვარს გარდაიცვალა. მეფე-პოეტის ნეშტი 1762 წლის 4 ივნისს ასტრახანში გადაასვენეს და ისიც მიძინების ტაძარში, მისი სიმამრის, ვახტანგ მეექვსის გვერდით დაკრძალეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა