ბოლო დროს, დედაქალაქში მანქანების რაოდენობის მკვეთრად ზრდამ, რიგი პრობლემები წამოჭრა - საცობები, არასწორად პარკირებული ავტომანქანები და ტროტუარების სავალ ნაწილად გამოყენება. ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემური ტროტუარებია. იქ, სადაც ფეხით მოსიარულე უნდა გადაადგილდებოდეს, ავტომანქანები უპრობლემოდ მოძრაობენ და მეტიც, მძღოლები ავტომანქანის პარკირებას იმ შემთხვევაშიც ახდენენ, თუ იქ შესაბამისი საგზაო ნიშანი არ არის. შესაბამისად, ფეხით მოსიარულეს უწევს სავალ გზაზე ჩამოსვლა, რაც ასევე დიდ რისკთანაა დაკავშირებული. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განმარტავენ, რომ პრობლემა სერიოზული და მოუგვარებელია. ამ შემთხვევაში, ურჩ მძღოლებს სანქციები არ აშინებთ და მეტიც, ევაკუატორის გამოჩენის შემდეგ ისინი "სითი პარკს" სასამართლოში უჩივიან.
პრობლემაზე სასაუბროდ, "ამბები.გე" თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს, აკაკი ჯოხაძეს დაუკავშირდა.
აკაკი ჯოხაძე:
-საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონის შესაბამისად, ტროტუარზე თუ რაიმე სხვა ფორმის წესი არ არის დადგენილი, გაჩერება აკრძალულია. იქ, სადაც იქმნება განსაკუთრებული პრობლემა ამ კუთხით, ვდგამთ სპეციალურ საგზაო ნიშანს - "დგომა-გაჩერება აკრძალულია," რომელიც ეხება როგორც ტროტუარს, ისე სავალ ნაწილს. კატეგორიულად დაუშვებელია მანქანების მოძრაობა ტროტუარზე და მით უფრო, მათი დაპარკინგება ადგილზე, სადაც არაა შესაბამისი საგზაო ნიშანი.- ამბობთ, რომ დარღვევაა, ამ შემთხვევაში როგორ ხდება ამ პროცესის რეგულირება, რატომ არ იკრძალება კანონით მსგავსი ქმედება და არსებობს თუ არა სანქციები დამრღვევი მძღოლებისთვის?
- დიახ, ამ საკითხზე მუშაობს ორი იურიდიული პირი, - საპატრულო პოლიცია და შპს "სითი პარკი", თუმცა ამ კუთხით საკმაოდ დიდი პრობლემა არსებობს, რადგან უკვე მასობრივი სახე მიიღო ქალაქში ამ ტიპის დარღვევებმა. რაც შეეხება ქალაქის ცენტრალურ უბნებს, "სითი პარკი" ახერხებს აღნიშნული ღონისძიებების ადმინისტრირებას და შესაბამისად, მძღოლს ეკისრება სანქცია. თუმცა, მე შემიძლია გავიხსენო, რომ ცოტა ხნის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე, მსგავსი დარღვევისთვის "სითი პარკმა" განახორციელა ავტომანქანის ევაკუაცია და დაჯარიმებულმა ძღოლმა "სითი პარკს" უჩივლა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მე სასამართლოს კომპეტენციაში არ ვერევი, თუმცა კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ "სითი პარკი" ვალდებულია" დააჯარიმოს მძღოლი ან ევაკუაცია მოახდინოს არასწორად დაპარკინგებული ავტომობილის.
-თქვენი მხრიდან რა ღონისძიებები ტარდება, თვითონ "ტრანსპოტის სამსახური" რას აკეთებს იმისთვის, რომ ქალაქში აღარ ხდებოდეს ტროტუარზე მანქანების გადაადგილება და დაპარკინგება?
-იქ, სადაც ფიზიკურად შეუძლებელია ადმინისტრირება, ხდება დამცავი ჯებირების დადგმა, რითაც ხელოვნურ წინააღმდეგობას ვუწევთ ურჩ მძღოლებს. გარდა ამისა, ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ ეს პრობლემები, ნელ-ნელა შევამციროთ. რადგან არსებობს ორი მხარე. ერთი მხარე მძღოლი, რომელსაც გააჩნია სამართლიანი მოთხოვნა, რომ ქალაქში გადაადგილებისას დააყენოს ავტომანქანა სადმე, და მეორე მხარე, ქვეითად მოსიარულე, - რომელსაც მძღოლების არასწორი ქმედების გამო, უწევთ სავალ ნაწილზე ჩამოსვლა. ამ შემთხვევაში ორივე მხარის მოთხოვნა სამართლიანია. ამიტომ ჩვენ ვიჭერთ ოქროს შუალედს, - ფიზიკურად შესაძლო ტერიტორიაზე ვუშვებთ დაპარკინგებას, იქ სადაც ფიზიკურად მოცულობა არ იძლევა საშუალებას, ვკრძალავთ. თუმცა ბოლომდე ეს პროცესი უმართავია და ამაზე ჩვენც და საპატრულო პოლიციაც ვმუშაობთ.
-რაც შეეხება გადაადგილებას. როგორ ხდება ამის კონტროლი?
-ამას მერია ვერ გააკონტროლებს. გეთანხმებით, რომ ეს კატეგორიულად დაუშვებელია, თუმცა ჩვენ ეს არ გვეხება. ამაზე პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გაგცეთ.
"ამბები.გე" შპს "სითი პარკის" პოზიციითაც დაინტერესდა.
ლევან ტაბიძე, სითი პარკის წარმომადგენელი:
- იქ, სადაც არსებობს X ანუ "დგომა-გაჩერების" ამკრძალავი ნიშანი და მძღოლი მაინც ახდენს პარკირებას, ის ჯარიმდება 10 ლარით. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება ხელს უშლის მოძრაობას, მაშინ ის აუცილებლად იქნება გადაყვანილი საჯარიმო ტერიტორიაზე და მძღოლი სანქციის სახით გადაიხდის 60 ლარს. რაც შეეხება თვითონ ტერიტორიებს, "სითი პარკს" მერიისგან გადმოცემული აქვს პარკირების ადგილები თბილისში და შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ დარღვევის ფაქტებზე ვახდენთ რეაგირებას.
როგორც მერიაში განმარტეს, ქალაქში ბევრი მანქანა გადაადგილდება, რაც საცობებს ქმნის, შესაბამისად მერია იძულებულია, გამოყოს დამატებითი საპარკინგო ზონები. (ეს კი, არც მეტი, არც ნაკლები ტროტუარების ხარჯზე ხდება). რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე გადაადგილებას, აკაკი ჯოხაძის განმარტებით, ეს დაუშვებელია და ამაზე პასუხი თავად მძღოლს მოეთხოვება. და ბოლოს, პრობლემაზე, რომელიც ასე თვალში საცემია, პასუხები თავის მხრივ ყველას აქვს, თუმცა ფუნქცია დაკარგული ტროტუარები, ფეხით მოსიარულეთათვის შემცირებული სავალი ნაწილები, დაუჯარიმებელი მძღოლები და უცვლელი ირონია: "ტროტუარზე მოსეირნე მანქანები", მაინც ქართულ რეალობად რჩება.
ნათია ოსანაძე, ამბები.ge
ამბები.ge:
"ამბები.ge"-ს დაკვირვებით, პარკინგის დარღვევის ფაქტები სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ფეხით მოსიარულეებს. თუ თქვენც ხართ მათ შორის, ვისაც აღნიშნული პრობლემა აღელვებს, "ამბები.ge" სოციალური აქტიურობისთვის მოგიწოდებთ და გთხოვთ მოგვაწოდოთ პარკინგის დარღვევის ამსახველი ფოტოფაქტები ამ ბმულზე