რას გააკეთებს ექსპრეზიდენტი სააკაშვილი

რას გააკეთებს ექსპრეზიდენტი სააკაშვილი

როგორი იქნება მიხეილ სააკაშვილის მომავალი ახალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, ამის შესახებ კონკრეტული გეგმები ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ როგორც საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა აცხადებენ, მოქმედი პრეზიდენტი ვადის ამოწურვის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში დარჩება, იპოლიტიკოსებს და ალბათ უცხოეთშიც გაემგზავრება-ხოლმე ლექციების ჩასატარებლად.

სააკაშვილის თანაგუნდელები აცხადებენ, რომ მათთვის პრეზიდენტის სამომავლო გეგმების შესახებ კონკრეტულად არაფერია ცნობილი, თუმცა პროგნოზებს მაინც აკეთებენ.

მიხეილ მაჭავარიანი: "მარჩიელობა არ მიყვარს. პრეზიდენტთან დღესაც გვქონდა შეხვედრა, ხვალაც იქნება და ალბათ შემდეგ გახდება ცნობილი მისი სამომავლო გეგმების შესახებ. როგორი შეფასებაც უნდა ჰქონდეს მისი მმართველობის პერიოდს, მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის წინსვლაში და იმაში, რომ მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ამ რეგიონში საქართველო მნიშვნელოვან მოთამაშედ ქცეულიყო. პოლიტიკური გეგმები ექნება თუ სხვა, ამას მოგვიანებით თავად პრეზიდენტი იტყვის. თუმცა მან რაღაც მინიშნებები გააკეთა, როდესაც ობამას ესაუბრა".

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ მომავალზე რამდენჯერმე მოკლე განცხადებაც გააკეთა. მაგალითად, აგვისტოში განაცხადა, რომ საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ კახეთში მევენახეობა-მეღვინეობისა და ვაზის სასწავლო ცენტრის გახსნას გეგმავს. სექტემბერში აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრის დროს კი თქვა, რომ პოლიტიკიდან არ მიდის და დასძინა ისიც, რომ საგანმანათლებლო საქმიანობას, მათ შორის ბიბლიოთეკის გახსნას აპირებს.

სააკაშვილმა თბილისში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მშენებლობას რამდენიმე კვირის წინ ჩაუყარა საფუძველი და მშენებლობის გახსნისას აღნიშნა, რომ მომავალში მნიშვნელოვან დროს სწორედ ამ ბიბლიოთეკის განვითარებას დაუთმობს.

მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ხათუნა ოჩიაურის თქმით, პრეზიდენტი სამომავლო გეგმებზე მკაფიოდ საუბრობს.

"ის არის ახალგაზრდა, ენერგიული, ძალიან ნიჭიერი და წარმატებული პოლიტიკოსი და ამას ისტორია მალე შეაფასებს. პრეზიდენტი ბოლო ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ არის არჩეული და თავადაც აცხადებს, რომ ის პოლიტიკაში დარჩება. კონკრეტულად რას გააკეთებს, ამას მომავალი გვიჩვენებს. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ მას უცხოეთიდან მიწვევებიც ექნება", - ამბობს ოჩიაური.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი ამბობს, რომ შესაძლოა, სააკაშვილმა შიდაპოლიტიკური საქმიანობის პარალელურად ლექციები დასავლეთის რომელიმე უნივერსიტეტში წაიკითხოს.

"წინასწარ რაიმე კონკრეტულის თქმა გამიჭირდება, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარეა და, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ მოღვაწეობას ჩვეულებრივ გააგრძელებს. არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე ორგანიზაციიდან, უნივერსიტეტიდანაც ჰქონდეს მიწვევა. ეს პარალელურად მოხდება. ვიცით, რომ ქვეყნის მოდერნიზაციის კუთხით მართლაც უნიკალური გამოცდილება აქვს. სააკაშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა და დასავლური უნივერსიტეტები ასეთ შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებენ-ხოლმე. დღესაც პოლიტსაბჭოს შეკრება გვქონდა და პოლიტიკურ პრობლემებზე ვისაუბრეთ... საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სააკაშვილის მსგავსი ლიდერის რესურსები გამოყენებული არ იყოს. თუნდაც ის გავიხსენოთ, რომ ბოლო დღეებში ქართული წარმომავლობის თურქეთის მოქალაქეებს მოქალაქეობა მიანიჭა, ან ის ფაქტი, რომ დღეს თურქეთის სკოლებში შესაძლებელია, ქართველებმა ქართული ისწავლონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო", - აღნიშნავს რატიანი.

მისი თქმით, "ქართული ოცნებისა" და რუსული პოლიტიკის ზოგიერთი წარმომადგენელი სააკაშვილის დაჭერას მოითხოვს, მაგრამ ეს ქართული პოლიტიკისათვის ძალიან საზიანო იქნება.

"არ შეიძლება, ნორმალური ადამიანი ასეთ არანორმალურ და არაადეკვატურ ვარაუდებს განიხილავდეს. პრეზიდენტი ამაზე საუბრობს იმიტომ, რომ ამაზე "ქართული ოცნების" ზოგიერთი წევრი საუბრობს. თუმცა მგონია, ისინიც კი აცნობიერებენ, რას ნიშნავს ეს ქართული პოლიტიკის საერთაშორისო იმიჯისთვის. თუ დასავლური მიმართულებით გზას მიჰყვებიან, მაშინ ასეთი აზრები თავში არ უნდა მოსდიოდეთ, თუმცა დაზღვეულები არაფერში არ ვართ, იმ ფონზე, როდესაც პარტიის გენერალური მდივანი დაჭერილია და 1000 კაცი პასუხისმგებლობაშია მიცემული", - დასძენს რატიანი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ვოლსკის თვალსაზრისით, სააკაშვილი ამბიციური პიროვნებაა და აუცილებლად მოინდომებს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას.

"არ მგონია, ბევრი მიწვევა ჰქონდეს უნივერსიტეტებში. შეიძლება ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ მიიწვიონ ლექციის წასაკითხად, როგორც ეს ხდება-ხოლმე, მაგრამ ასეთი რამ ხანგრძლივი არ არის, ამიტომაც ის აუცილებლად პოლიტიკაში დარჩენას მოინდომებს. თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შეფასებას მისცემს მას ქართული საზოგადოება - როგორ შეფასებას მისცეს მის წარსულ პოლიტიკურ მოღვაწეობას, თუნდაც წასვლის წინ რა ნაბიჯებიც გადადგა...

"მგონია, რომ პოლიტიკური ფიგურა იქნება და შეეცდება, პარლამენტში მყოფი "ნაციონალური მოძრაობა" დაიქვემდებაროს. ასევე შეეცდება, ადგილობრივ არჩევნებზე გავლენა იქონიოს, რომ 22%-იანი "ნაციონალური მოძრაობა" ბოლომდე მის სახელთან იყოს დაკავშირებული. მომავალი წლის ადგილობრივი არჩევნები არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები და შარშანდელი საპარლამენტო არჩევნები იყო. ეს იქნება გარდამტეხი არჩევნები. რაც შეეხება იმას, რომ შეიძლება თუ არა, სააკაშვილი დაიჭირონ, არაფერს გამოვრიცხავ. გამოვრიცხავ მხოლოდ იმას, რომ პოლიტიკური ნიშნით ვინმეს ხელს მოჰკიდებენ. ეს ქვეყნისათვის დამანგრეველი იქნება და "ქართული ოცნება" ქვეყნის დასანგრევად არ მოსულა. არ გამოვრიცხავ, რომ დანაშაულებების ნუსხა იქნება. სულ მცირე, სააკაშვილის დაკითხვას არ გამოვრიცხავ... ჩვენ თვალწინ განვითარდა (ასეთი) მოვლენები იტალიაში, საფრანგეთში".

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი მოუსვენარი კაცია და ის საქართველოშიც იქნება, ტელევიზიითაც გამოვა-ხოლმე და უცხოეთშიც ივლის, სადაც ალბათ ერთ-ორ ლექციას წაიკითხავს. დაჭერით კი, დიდი ალბათობით - არ დაიჭერენ.

"დაკითხვა მოსალოდნელია, დაჭერა - ნაკლებად", - "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს ბერძენიშვილი: " - სააკავშილი მოუსვენარი კაცია. ერთ ადგილას 5 წუთით დამჯდარი არასდროს გვინახავს, არც პარლამენტში და არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ამიტომ იქაც იქნება და იქაც. ერთდროულად ყველაფერს იზამს - ბევრს იმოგზაურებს, საქართველოშიც იქნება, ტელევიზიებშიც გამოვა, ყველაფერს იზამს.

"მინდა გითხრათ, რომ მოიძებნება ისეთი ხალხი, რომლებსაც მისი ბედი აინტერესებთ. ჩემთვის საინტერესო ნაწილმა, ანუ რაც ქნა, უკვე გაიარა და მომავალში რას იზამს, აღარ მაინტერესებს, მაგრამ ვიღაცებს ალბათ დააინტერესებთ. ერთ ლექციას წაიკითხავს, მაგრამ ლექციებს არა, ამას სტაბილურად ვერ იზამს. ამიტომაც ერთი ლექცია ექნება სადღაც, შემდეგ ჩამოვა საქართველოში და აქ ექნება გამოსვლა, შემდეგ ისევ წავა და ასე... ბევრს იხტუნავეს იქაც..."

ეკა ბასილაია

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა