მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტის აპარატში საგარეო პოლიტიკას გაუწევს კურირებას. ამბობს, რომ ამ მიმართულებით მთავრობასთან კოორდინაციის პირობებში, მნიშვნელოვანი ევროპული არჩევანის პარალელურად, რუსეთთან დაბალანსებული პოლიტიკის კურსს შეინარჩუნებს. უქმნის თუ არა უხერხულობას ფაქტი, რომ მისი ძმა მიხეილ მაჭავარიანი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრია და რა პრინციპით აკომპლექტებს გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას, "ვერსია" ვანო მაჭავარიანს ესაუბრა.
- მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობასთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს. საგარეო მიმართულებით ვითანამშრომლებთ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ისე ევროინტეგრაციის სახელმწიფო აპარატთან. რამდენად შეძლებს თავად მინისტრთა კაბინეტი ჩვენთან კოორდინაციას და საერთო მიზნისთვის ერთობლივად მუშაობას, მომავალში გამოჩნდება.
- ფიქრობთ, რეალურია რისკი, რომ მინისტრთა კაბინეტმა გიორგი მარგველაშვილის პოზიცია არ გაითვალისწინოს?
- რისკი, რამდენად სწორად შეაფასებენ ადამიანები იმ ინტელექტუალურ რესურსს, რაც გიორგი მარგველაშვილს გააჩნია, ყოველთვის არსებობს. გიორგიმ საკმაოდ წარმატებული გზა განვლო. ბუნებრივია, მთავრობასა და პრეზიდენტის აპარატს შორის ურთიერთობა დასახვეწი იქნება, რადგან რეალურად, ამ ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ურთიერთობა არ არსებობდა. სურვილის შემთხვევაში, ამ პრობლემის გადალახვა რთული არ იქნება, თანაც ვილნიუსის სამიტი გიორგი მარგველაშვილისთვის, როგორც სახელმწიფოს პირველი პირისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია. ინაუგურაციის შემდეგ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ისე ეკონომიკის სამინისტროსა და ევროპასთან ინტეგრაციის სახელმწიფო აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავთ, რათა დღის წესრიგი და ტრიბუნაზე გამოსვლის აქცენტები ერთობლივად დავგეგმოთ. ასე რომ, საკმაოდ სერიოზული სამუშაო გველის და ვფიქრობ, გიორგი მარგველაშვილი ამ ვალდებულებას წარმატებით გაართმევს თავს.
- საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ვილნიუსის სამიტამდე რუსეთის მხრიდან გარკვეულ პროვოკაციებს ელის. უკვე განსაზღვრული გაქვთ ამ მიმართულებით სტრატეგიული მოქმედების გეგმა?
- ზოგადად, კრიზისიდან გამომდინარე, ევროპაშიც ბევრი პრობლემა დაგროვდა და შესაძლოა, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, კითხვები ევროპულ სახელმწიფოებშიც გაჩნდეს. ბუნებრივია, ამ მიმართულებით ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი რუსეთის განწყობაც იქნება, თუმცა ვფიქრობ, ჩვენი დაბალანსებული საგარეო პოლიტიკური კურსი ეფექტური გამოდგება. მაქსიმალურად გამოვიყენებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობას იმისთვის, რომ ევროპასთან საქართველოს დაახლოების მიმართულებით რუსეთისთვის საფრთხეებზე საუბარი უსაფუძვლო გახდეს. რაც შეეხება პროვოკაციებს, ამ მიმართულებით უშიშროების საბჭო აქტიურად იმუშავებს. ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი ნაწილიც პრევენციაზე იქნება გათვლილი, რათა 2008 წლის მსგავსად, დაძაბულობის პიკი თავიდან ავიცილოთ. ომმა, რეალურად, ორივე მხარეზე ნეგატიურად იმოქმედა, ამიტომ რუსეთთან შეხების საერთო წერტილებს მოვძებნით. გასაგებია, რომ რუსეთს დიდი ამბიციები აქვს, მაგრამ 21-ე საუკუნეში სხვა ქვეყნის სუვერენიტეტიც უნდა დაიცვას.
- თქვენი საქმიანობის პრიორიტეტები გასაგებია, მაგრამ ის ფაქტი, რომ თქვენი ძმა მიხეილ მაჭავარიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია, თქვენს საქმიანობაში ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება?
- საკმაოდ მარტივი ვითარებაა: მე და ჩემი ძმა დამოუკიდებელი ადამიანები ვართ. პირადად მე, ყოველთვის ვცდილობდი და ახლაც ვცდილობ ქვეყნის შიდაპოლიტიკაში არ ჩავერიო, რადგან ძირითად ინტერესს ჩემთვის საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს. თანაც საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ჩვენს შორის სრული თანხვედრაა, სხვა მხრივ, პოლიტიკური შეფასებები განსხვავდება, მაგრამ ერთმანეთს თავს არ ვახვევთ.
გიორგი მარგველაშვილთან კი საკმაოდ ხანგრძლივი, როგორც მეგობრული, ისე საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებს. უნივერსიტეტში ერთად ვსწავლობდით და "ჯიპაშიც" ერთად ვმუშაობდით.
- თუმცა მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა და თქვენ მის პარტიაში გაწევრიანება შემოგთავაზათ, უარი სწორედ იმის გამო უთხარით, რომ მიზანშეწონილად არ ჩათვალეთ ოპოზიციურ პარტიაში მოღვაწეობა მაშინ, როცა თქვენი ძმა სახელისუფლო პარტიის ლიდერი იყო.
- უარის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა... მაშინ ვფიქრობდი, რომ ჩემი რესურსი საერთაშორისო მიმართულებით უნდა გამომეყენებინა, პარტიის მშენებლობაში კი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ ბევრად უკეთესი კადრები იყვნენ და ჩემი მუშაობა განსაკუთრებულ ცვლილებებს ვერ შეიტანდა. ბიძინა ივანიშვილს მაშინ სწორედ ასე დავშორდი და მუშაობა საერთაშორისო ინვესტიციების მიმართულებით გავაგრძელე. სხვათა შორის, ამის გამო მაშინ დავისაჯე კიდეც - საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელმა ნიკა გილაურმა სამსახურიდან გამათავისუფლა. მოკლედ გეტყვით: დღეს ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.
- ოპონენტები აპელირებენ, რომ გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას მისი მეგობრებითა და "ჯიპას" კადრებით აკომპლექტებს. თქვენც აღნიშნეთ, რომ მომავალ პრეზიდენტთან დიდი ხანია მეგობრობთ და ლექციებს "ჯიპაში" კითხულობდით...
- ზუსტად ვიცი, რომ გიორგისთვის კადრების შერჩევისას, პირველ რიგში, ადამიანის პროფესიული უნარებია განმსაზღვრელი.
ზოგადად, გუნდური პრინციპი მნიშვნელოვანია, მაგრამ ნამდვილად ვერ გავიზიარებ ოპონენტების აზრს, რომ მომავალი პრეზიდენტის ირგვლივ მხოლოდ "ჯიპას" კადრები შეიკრიბნენ. სხვათა შორის, "ჯიპა" დავით ბაქრაძემაც დაამთავრა. დღეს ეს ადამიანი გიორგი მარგველაშვილის კომპეტენციაზე საუბრობს, არადა, წლების წინ სწორედ მისი მოსწავლე იყო. წინასაარჩევნო კამპანიაში გიორგი მარგველაშვილს ის ადამიანები ეხმარებოდნენ, რომლებსაც ენდობოდა. ბევრი მასთან უანგაროდ იყო და არც ერთ მათგანს არ აქვს პრეტენზია, რომ აუცილებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უნდა დასაქმდეს.
რუსუდან შელია
გაზეთი "ვერსია"