Facebook-ზე სასულიერო პირთა და მორწმუნეების შეურაცხყოფა კანონით დაისჯება?

Facebook-ზე სასულიერო პირთა და მორწმუნეების შეურაცხყოფა კანონით დაისჯება?

სოციალურ ქსელებში ინტერნეტმომხმარებლების საკმაოდ დიდი ნაწილი განსაკუთრებით მაშინ აქტიურობს, როცა რელიგიასა და მასთან დაკავშირებულ სენსიტიურ თემებს განიხილავენ. ფეისბუქში შექმნილია როგორც რელიგიისა და პატრიარქის დამცველთა, ასევე მათი მოწინააღმდეგე ან, უბრალოდ, განსხვავებული შეხედულებების მქონე მომხმარებლების, ე.წ. გამქილიკებელთა გვერდები: "ჩვენ გვიყვარს საქართველოს პატრიარქი", "ღმერთო ტაბურეტკა გვესროლე", "ჯიპიანი მამაო", "მართლმადიდებლური მარგალიტები" და ა.შ. სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებლები საკმაოდ თამამად გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს და ხშირად რელიგიური სცენებისა და წმინდანების გაშარჟებულ ვერსიებსაც უზიარებენ ერთმანეთს. თუ მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ამას გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნევს, სხვები საკუთარი რწმენის შეურაცხყოფად აფასებენ.

ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცნობილი გახდა, რომ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, "შესაძლოა, ახალი მუხლი დაემატოს, რომელიც ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლას ეხება და ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს.

ამ მუხლის სამუშაო ვარიანტი ასეთია - "ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატება: რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვაში ან სხვაგვარ დამამცირებელ ქმედებაში, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას; ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლაში; რელიგიური შუღლის და სიძულვილის საჯაროდ გამოხატვაში ან ამგვარი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებაში; რელიგიური შენობების და სხვა სიწმინდეების წაბილწვაში, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთებაში ან მათ დაზიანებაში."

პროექტის თანახმად, ასეთი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე, ხოლო წლის განმავლობაში მისი განმეორების შემთხვევაში, პირი 1000- დან 1500 ლარამდე დაჯარიმდება, ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება.

ამერიკული სტანდარტით, გამონათქვამი, მოწოდება ან კრიტიკა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება აიკრძალოს, თუ საფრთხე მყისიერი და რეალურია. საინტერესოა, კონკრეტულად რა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს საფრთხე მყისიერი, ან რა მექანიზმით უნდა შეძლოს შსს-მ იმ დამნაშავეების დასჯა, ვინც, მაგალითად, "რელიგიურ შენობას ან სიწმინდეს წაბილწავს, მასზე წარწერას გააკეთებს ან დააზიანებს." ხშირად ასეთი ქმედების ჩამდენი ადამიანები საჯაროდ, დღისით და ყველას დასანახად ხომ არ მოქმედებენ?!

მოსალოდნელ ცვლილებას საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ამ ინიციატივის მოწინააღმდეგე საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათ შორის საია (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია), ამ ინიციატივას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ და პარლამენტს მოუწოდებენ, უარი თქვას კანონის მიღებაზე.

ამ თემაზე საიას იურისტი გიორგი გოცირიძე გვესაუბრა:

"არა მარტო საიას, არამედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, ვინც პარლამენტს გაუგზავნა მიმართვა ამ თემასთან დაკავშირებით, ეს კონსტიტუციური ცვლილებები ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სტანდარტებით (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით) დადგენილ გამოხატვის თავისუფლებას.

ადამიანის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით, გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მარტო ის მოსაზრება, რასაც საზოგადოებაში კეთილგანწყობით ხვდებიან, ან ნეიტრალურია, არამედ ისეთი მოსაზრებაც, რომელიც მთელი საზოგადოების ან მისი ნაწილისათვის შოკისმომგვრელი ან ამაღელვებელია. შესაბამისად, ადამიანის ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რწმენის თავისუფლება არ იცავს მორწმუნეებს მათ რელიგიურ მრწამსთან დაკავშირებით კრიტიკისაგან. ეს საკანონმდებლო ინიციატივა შეუთავსებელია გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებთან და მიგვაჩნია, რომ პარლამენტმა უარი უნდა თქვას აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიღებაზე.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინიციატივა არ არის სიძულვილის ენის ( hate speech) შესახებ კანონის მსგავსი, ვინაიდან ის ეხება მხოლოდ რელიგიურ ჯგუფებს. ამერიკული სტანდარტით, გამონათქვამი, მოწოდება ან კრიტიკა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება აიკრძალოს, თუ საფრთხე მყისიერი და რეალურია. რაც შეეხება "საჯაროდ გამოხატვას", აქ იგულისხმება როგორც საპროტესტო აქციები და მედია, ისე სოციალური ქსელები, მათ შორის, ფეისბუქი", - ამბობს გიორგი გოცირიძე.

საინტერესოა, თუკი პარლამენტი ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას დაამტკიცებს, რა ბედი ელის თამამ ფეისბუქ-მომხმარებელს - ჯარიმა, თუ 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა.

სალომე შიხაშვილი, ამბები.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია