რომელი კომპანიები გვიგზავნიან SMS რეკლამებს?

რომელი კომპანიები გვიგზავნიან SMS რეკლამებს?

საქართველოს მოსახლეობა ქართული მობილური ოპერატორების არასასურველი სარეკლამო სმს-ებისაგან შეწუხებულია. ყოველდღიურად თითოეული ჩვენგანი პირად მობილურ ტელეფონზე რამდენიმე სარეკლამო შინაარსის გზავნილს იღებს,  თუმცა მსოფლიოში გავრცელებული სმს-მარკეტინგი ქართველი მომხმარებლის უფლებების დარღვევის ხარჯზე ხდება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) იმ კომპანიების სიას აქვეყნებს, რომლებიც სპამ SMS რეკლამას მომხმარებლების ნებართვის გარეშე აგზავნიან. ესენია: Alltours, Alta, Amboli, ARAY Tomorrow, Baldi, Bosch, Carrefour, Chic Bebe, City Club, Club 71, Elit Electronics, GASA, Hinterior, KSB Bank, Lotus, MEDI, Megaline, Mnapoleone, Nissan, OK, RAK ceramics, Safilo, Salamander, Samsung, Smiley,Techno Boom,TK – Batumi, ტურისტული სააგენტო "Sakartvelo", Vivasun. TI-ის შეფასებით, აღნიშნული კომპანიები პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონს არღვევენ და მოუწოდებს მათ, იზრუნონ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვაზე.

კანონით, SMS-ების გამგზავნი პირი ვალდებულია მოიპოვოს მომხმარებლის თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების (სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი ნომერი და email) დამუშავებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მონაცემები მოპოვებული უნდა იყოს საჯარო წყაროებიდან. აღსანიშნავია, რომ "საჯარო წყაროს" ქართული კანონმდებლობა არ განმარტავს. ნებისმიერ შემთხვევაში, SMS-ების გამგზავნი პირი ვალდებულია შეატყობინოს მომხმარებელს, რომ მას აქვს უფლება, უარი თქვას შეტყობინებების მიღებაზე, რასაც კომპანიები, როგორც წესი, არ აკეთებენ.

SMS რეკლამების შესახებ განცხადება გაავრცელა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმაც. მან კომპანიებს არსებული საკანონმდებლო ნორმები შეახსენა და მათი დაცვისკენ მოუწოდა, ასევე, შესთავაზა კონსულტაციები. მაგრამ გაფრთხილების მიუხედავად კომპანიები განაგრძობენ SMS რეკლამებით მომხმარებელთა შეწუხებას. ისინი სარგებლობენ იმ ფაქტით, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი სრული ძალით მხოლოდ 2016 წელს ამოქმედდება და ინსპექტორს მხოლოდ მაშინ მიეცემა შემოწმების განხორციელებისა და სანქციების დაწესების უფლება.

მანამდე კი, ისღა დაგვრჩენია ამ კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის იმედად ვიყოთ. კომპანიების უპირველესი ინტერესი უნდა იყოს ის, რომ არ გაანაწყენონ და არ მოაბეზრონ თავი საკუთარ პოტენციურ კლიენტებს. ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია მომხმარებლების მხრიდან უკმაყოფილების საჯაროდ გამოხატვა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიესალმება პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის გაფრთხილებას კომპანიების მისამართით და მცდელობას მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა. ორგანიზაცია მოუწოდებს ინსპექტორის ოფისს გამოსცეს სპეციალური სახელმძღვანელო წესები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარმართოს დაინტერესებულმა მხარემ მობილური მარკეტინგი კანონთან შესაბამისობაში.

გაურკვეველი რჩება, თუ როგორ მოიპოვეს მობილური მარკეტინგის კომპანიებმა მოქალაქეთა ტელეფონის ნომრები და სხვა მონაცემები. მობილური კავშირის ოპერატორმა კომპანიებმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” განუცხადეს, რომ ისინი მომხმარებელთა ნომრებსა და მათ შესახებ ინფორმაციას მესამე მხარეს არ უზიარებენ და არც ყიდიან.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"ასევე ესაუბრა GeoSMS-ს და Paradox Georgia-ს - კომპანიებს, რომლებიც მობილური რეკლამების დაგზავნით არიან დაკავებულნი - სადაც კომპანიებმა დაადასტურეს, რომ მათ მობილური ტელეფონის ნომრებისა და მათთან დაკავშირებული სხვა მონაცემების რამდენიმე მილინიონიანი ბაზები აქვთ. თუმცა არც Paradox Georgia-მ და არც GeoSMS-მა ჩვენთან საუბარში არ დააზუსტა, თუ რა გზით მოხდა მათ ხელთ არსებული მონაცემების მოპოვება. კომპანიების წარმომადგენლების თქმით, კანონმდებლობა მათ არ ავალდებულებს წყაროს გამხელას და ათობით ათასი SMS-ის მომხმარებლების წინასწარი ნებართვის გარეშე დაგზავნა კანონს არ ეწინააღმდეგება.

ამასობაში კი, მომჩივან მოქალაქეებს შეუძლიათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გაუგზავნონ იმეილი მისამართზე: office@pdp.ge, ან დაურეკონ ნომერზე: (+995 32) 21 46 831. თქვენ ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ინსპექტორის ოფიციალურ გვერდს ფეისბუქზე. ზემოთხსენებული კომპანიების წარმომადგენლებმა შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: diana.chachua@transparency.ge.

მომზადებულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია