არჩილ კბილაშვილი სამოქალაქო სექტორში გადადის

არჩილ კბილაშვილი სამოქალაქო სექტორში გადადის

არჩილ კბილაშვილი სამოქალაქო სექტორში გადადის. როგორც მთავარმა პროკურორმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ბიძინა ივანიშვილთან ამ საკითხზე არაერთხელ უსაუბრია.

"როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლისა და სამოქალაქო სექტორში გადასვლის შესახებ განაცხადა, არაერთხელ მისაუბრია მასთან, რომ ჩემი საადვოკატო და საპროკურორო გამოცდილებით, მასთან ერთად დამეტოვებინა თანამდებობა, გადავსულიყავი სამოქალაქო სექტორში და მხარში ამოვდგომოდი აწ უკვე საზოგადო მოღვაწე ბიძინა ივანიშვილს. პრემიერის გადაწყვეტილება პოსტის დატოვების შესახებ საუკეთესოდ მიმაჩნია, ეს ზნეობრივი ნაბიჯია. ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე რთულ დროს საკუთარი სიცოცხლისა და სხვა პირადი სიკეთის მსხვერპლად გაღების ფასად ქვეყანა განსაცდელისგან იხსნა. მისი ბრძოლა ზნეობრივ იდეალს და არა ხელისუფლებაში მოსვლას ემსახურებოდა. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება ვაჟკაცური ნაბიჯია და დემოკრატია ახალ ხარისხში აჰყავს. ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლა რჩება მაგალითად, რომ მისი გუნდის ყველა წევრმა კარგად გააცნობიეროს, ხელისუფლებაში ყოფნა მათთვისაც დროებითია, საზოგადოებას არ მოწყდნენ და საზოგადოების წევრებად დარჩნენ", - განაცხადა კბილაშვილმა.

მთავარი პროკურორი ფიქრობს, რომ თანამდებობაზე ნაადრევად მოვიდა. კბილაშვილის თქმით, თანამდებობა მისთვის ღირებულებას არ წარმოადგენს.

"წინა ხელისუფლებას მართლმსაჯულების კარი რომ არ ამოეგმანა, არც პოლიტიკის და არც თანამდებობისკენ გამხედავი არ ვიყავი. თანამდებობაზე ყოფნა პრესტიჟია, მაგრამ იგი ჩემთვის ღირებულებას არ წარმოადგენს. არც იმას უარვყოფ, რომ პროკურატურის გარდაქმნის დროსთან დაკავშირებით ჩემი და პრემიერ ივანიშვილის მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ ეს ეხება დროს და არა პრინციპს. პრემიერი, ისევე როგორც მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ევროპული პროკურატურა უნდა შევქმნათ, ოღონდ მე შედარებით სწრაფი მოქმედებების მომხრე ვარ. დრო აჩვენებს, რამდენად ვცდებოდი. იმის გამო, რომ პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია, მთავარ პროკურორს ევალება, პრემიერის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას მისდიოს. სწორედ ამიტომ, ბიძინა ივანიშვილთან ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ შევთანხმდით, რომ პრემიერთან ერთად მეც დავტოვო თანამდებობა, როგორც მისმა თანაგუნდელმა და თანამოაზრემ და საქმიანობა გავაგრძელო სამოქალაქო სექტორში", - აღნიშნა კბილაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: არჩილ კბილაშვილი თანამდებობიდან გადადგა

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა