სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებს ეთანხმებიან

სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებს ეთანხმებიან

საქართველოს საპატრიარქოში ინტერრელიგიური ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. განხილვის თემა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები იყო. აღნიშნული ცვლილებები საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კონფესიების და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ გააცნო.

სამუშაო შეხვედრას მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებისა და სასულიერო პირების წარმომადგენლების გარდა, ასევე ესწრებოდნენ ლუთერანული ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის და მუსულმანთა სამმართველოს წარმომადგენლები.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის კოორდინატორმა "კავშირ XXI საუკუნის" ხელმძღვანელმა პაატა გაჩეჩილაძემ განაცხადა, 169-ე პრიმა მუხლმა გამოიწვია აჟიოტაჟი და აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში. მისი პირველადი ფორმულირება შეიცვალა და კანონმდებლებმა "ა" ქვეპუნქტი ამოიღეს, სადაც პირები, რელიგიური ორგანიზაციები, მორწმუნეები იყო ნახსენები და ამის გამო ყველაზე მეტი შენიშვნები იყო.

"კანონპროექტის ახალი რედაქცია ჩამოყალიბდა. ძირითადი აქცენტი რელიგიურ შუღლზეა გაკეთებული, სიძულვილის ენაზე, რელიგიური აღმსარებლობის ხელისშეშლაზე და თაყვანისცემის ობიექტების დაზიანებაზე", - აღნიშნა პაატა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, ევროპული კანონმდებლობა ანალოგიურ ქმედებებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ქართული კანონმდებლობა კი მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით შემოიფარგლება და დაწესდება ჯარიმები. კერძოდ, პირველ შემთხვევაში 300-დან 500 ლარამდე ოდენობით, ხოლო კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში 35-დღიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.

პაატა გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსაც და ევროკავშირის კანონმდებლობასაც ეხმიანება და ესატყვისება.

ასევე, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოსა და სომხური ეკლესიის წარმომადგენლებმა. ისინი კანონპროექტში შესატან ცვლილებებს ეთანხმებიან და დემოკრატიულად მიიჩნევენ.

გორისა და ატენის მიტროპოლიტის ანდრეა გვაზავას განცხადებით, ანალოგიური კანონმდებლობა ევროპის უმეტეს ქვეყნებში მოქმედებს, კანონში არის რამდენიმე მუხლი და ერთ-ერთი კრძალავს სიძულვილის ენას, მოწოდებას ძალადობისაკენ, რაც ყოვლად მიუღებელია.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხის ვაგიპ აქპეროვის განცხადებით, კანონმდებლობაში შესატანი ცვლილება დემოკრატიული და ჰუმანურია და მუსლიმები ამ ცვლილებებს მიესალმებიან.

"ამ კანონის არსებობის შემთხვევაში ნიგვზიანის და სამთაწყაროს ინციდენტები არ მოხდებოდა", - განაცხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა.

სომხური ეკლესიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ საჭირო არის კანონის იმპლიმენტაცია და ასევე მათ შს მინისტრის მოადგილეს შესთავაზეს კანონში შევიდეს ცვლილება არა მხოლოდ რელიგიური ნიშნით ჩადენილი ქმედებების დასჯის შესახებ, არამედ ეთნიკური ნიშნით ჩადენილი ქმედებებისთვისაც.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსს" სპეციალური მუხლი ემატება, რომელიც ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლას ეხება და ასეთ ქმედებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს.

აღნიშნული მუხლის სამუშაო ვარიანტი ასეთია - ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატება: რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვაში ან სხვაგვარი დამამცირებელ ქმედებაში, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას; ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლაში; რელიგიური შუღლის და სიძულვილის საჯაროდ გამოხატვაში ან ამგვარი ქვედებისკენ საჯაროდ მოწოდებაში; რელიგიური შენობების და სხვა სიწმინდეების წაბილწვაში, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთებაში ან მათ დაზიანებაში - პროექტის თანახმად, ასეთი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე, ხოლო წლის განმავლობაში მისი განმეორების შემთხვევაში პირი 1000- დან 1500 ლარამდე დაჯარიმდება ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება.

ადამიანის რწმენის და აღმსარებლობის ხელის შეშლასთან დაკავშირებული მუხლი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის" იმ პროექტს ემატება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს ივნისში წარუდგინა. კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში ასეთი ტიპის სამართალდარვევაზე არაფერი ეწერა და მუხლი პროექტს მოგვიანებით ჩაემატა.

კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით განხილვის საგანს წარმოადგენს. საკითხის ინიციატორებისა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სურვილია, რომ აღნიშნული მუხლის კენსჭისყრაზე დაყენებამდე, დაზუსტდეს მისი შესაბამისობა სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო აქტებთან.

ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობის ხელის შეშლის ქმედების განმახორციელებელი პირების წინააღმდეგ გადაწყვეტილებას პარლამენტი სწორედ ამის შემდეგ მიიღებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია