ვინ დაიკავებს მთავარი პროკურორის თანამდებობას - 5 სავარაუდო კანდიდატი

ვინ დაიკავებს მთავარი პროკურორის თანამდებობას - 5 სავარაუდო კანდიდატი

ვინ არის შესაფერისი კანდიდატურა? - პოლიტიკურ კულუარებში კბილაშვილის შემცვლელის ვინაობა უფრო აქტუალურია, ვიდრე მისი გადადგომის ჭეშმარიტი მიზეზები. როგორც "ვერსიისთვის" გახდა ცნობილი, საუბარია 5 კანდიდატურაზე: მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, მთავარი პროკურორის მეორე მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, თბილისის მთავარი პროკურორი მაია მწარიაშვილი, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი, დეპუტატი თინათინ ხიდაშელი და ექსპერტი კახა კახიშვილი.

პოლიტიკურ კულუარებში კბილაშვილის წასვლა ჯერ კიდევ მაშინ იწინასწარმეტყველეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, პროკურატურაში ბევრ საკითხს ლაშა ნაცვლიშვილი წყვეტს და ფაქტობრივად, ის მართავს უწყებასო. შესაბამისად, გაჩნდა მოლოდინი, რომ მთავარ პროკურორს მისი პირველი მოადგილე შეცვლის. ლაშა ნაცვლიშვილს სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის პროკურატურაში, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობდა, იყო უშიშროების მინისტრის მოადგილეც. პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, დეპუტატის მანდატი ჩაიბარა და რესპუბლიკურ პარტიაში გაწევრიანდა, თუმცა მოგვიანებით, პარტიის რიგები დატოვა. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატის მანდატი ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს პარტიული კვოტით მიიღო, თუმცა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა მას შემდეგ, რაც 30 ოქტომბერს შს მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. სწორედ ამ უწყებიდან გადავიდა ნაცვლიშვილი პროკურატურაში. ბატონი ლაშა არაერთხელ გაეხვია სკანდალში, მის წინააღმდეგ არაერთი ბრალდებაც გაჟღერდა და საქმე იქამდეც მივიდა, რომ ნაცვლიშვილს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაც დასწამეს. ამ ფონზე, კულუარებში ამბობენ, რომ შესაძლოა, ღარიბაშვილმა, მისი კანდიდატურის დაყენებისგან თავი შეიკავოს. ამბობენ იმასაც, რომ თავად გენერალ ნაცვლიშვილსაც, "რუხი კარდინალის" როლში ყოფნა უფრო ხიბლავს და თანახმაა, მთავარ პროკურორად მისი კადრი მაია მწარიაშვილი დაინიშნოს.

მაია მწარიაშვილის კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობის არაერთი წევრი მიესალმება. მასაც პროკურატურაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს - მთავარ პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილს ხელმძღვანელობდა და აქვს მოსამართლის გამოცდილებაც. პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ მწარიაშვილის კანდიდატურას რესპუბლიკელებიც ლობირებენ და მისი დასახელება-არდასახელების შემდეგ გამოჩნდება, გაიზრდება თუ არა კოალიციაში ამ პარტიის გავლენა. ეს იმ შემთხვევაშიც გაირკვევა, თუ კანდიდატად რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი დასახელდა, თუმცა ირინა იმერლიშვილის მტკიცებით, კატეგორიულად არ განიხილება სამართალმცოდნე დეპუტატის, თავის დროზე ღია საზოგადოება – საქართველოსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მმართველის, ამჟამად დეპუტატის, ხიდაშელის კანდიდატურა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე.

დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პროფესიით იურისტია. საკმაოდ საინტერესო საადვოკატო გამოცდილება აქვს. თავის დროზე სადაზღვევო კომპანია "არგანის" გენერალური დირექტორის მოადგილე გახლდათ სამართლებრივ საკითხებში. მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატშიც. არის ასოციაცია "კანონი ხალხისთვის" თავმჯდომარე, ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ფ/პ ზაქარია ქუცნაშვილის საადკოვატო ბიუროს უფროსი. ის გახლავთ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის დამფუძნებელი, მაგრამ ამის მიუხედავად, პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ ქუცნაშვილს არც ისე დიდი შანსი აქვს, მთავარი პროკურორი გახდეს – მის კანდიდატურას, სავარაუდოდ ისინი გადაწონიან, რომლებსაც პროკურატურაში მუშაობის გამოცდილება ასე თუ ისე აქვთ.

სათანადო გამოცდილება აქვს მთავარი პროკურორის მეორე მოადგილეს გიორგი გაბიტაშვილს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორად, იყო გორის რაიონულ პროკურატურაში პროკურორი, მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსად.

გამოცდილება აქვს ექსპერტ კახა კახიშვილსაც. კვალიფიციური იურისტი წლების განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში მოღვაწეობდა. სწორედ კახიშვილმა წამოწია პრემიერისა და ექსპერტების შეხვედრისას მთავარი პროკურატურის, როგორც სუსტი რგოლის თემა, როცა ისაუბრა, რომ უწყება ნაციონალებისდროინდელი კადრებითაა დაკომპლექტებული. კახიშვილი, წინა ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების პასუხისმებლობის დაყენების საკითხზეც აქტიურად საუბრობს და ამბობენ, რომ ის ივანიშვილის გუნდისთვის, საკმაოდ მისაღები კადრია. თუმცა, იქნება თუ არა ეს საკმარისი, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დასაყენებლად, დრო გვიჩვენებს. კანონით, მომავალი პრემიერი განსაზღვრავს, ვინ დაიკავებს აღნიშნულ პოსტს. ასე რომ, ახლა მთავარი სიტყვა ირაკლი ღარიბაშვილს ეთქმის.

ნინო ლურსმანაშვილი

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა