გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული სასკოლო ოლიმპიადა არ უნდა ჩაიშალოს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ივა მინდაძემ განუცხადა, ის მოსაწავლეები, რომლებმაც ოლიმპიადის ტესტები გუშინ საღამოს "ფეისბუქის" საშუალებით შეიტყვეს, პირველ ტურს კი დაძლევენ, მაგრამ მეორე და მესამე ტური გაუჭირდებათ.
"გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხისმგებელია მეორე და მესამე ტურის ჩატარებაზე, ხოლო პირველ ტურს ატარებს სკოლა. ჩვენ ვაწვდით ტესტებს რესურსცენტრებს გამოცდამდე სამი დღით ადრე და რესურსცენტრები შემდეგ ამ ტესტებს აწვდიან სკოლებს. სკოლა არის პასუხისმგებელი მათ შერჩევაზე, რეგისტრირებაზე, გასწორებაზე და ეს რამდენიმე წელია ასეთი ფორმით მიმდინარეობს", - აცხადებს მინდაძე.
მისივე თქმით, ძალიან უსიამოვნო ფაქტია, რომ ტესტები წინასწარ გახდა ცნობილი.
"მე არ მინახავს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული ტესტები, დღეს გავიგე ეს ამბავი და არ ვიცი ის ტესტებია თუ არა, მაგრამ, თუ ეს ის ტესტებია, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ არის არაკეთილსინდისიერი ადამიანი, რომელმაც ეს გააკეთა", - განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ.
მინდაძის თქმით, ტესტების გამოქვეყნება მოიტანს შედეგს, რომ პირველ ტურს გაცილებით ბევრი ბავშვი დაძლევს, ვიდრე ეს რეალურად შეეძლოთ.
"თუმცა ოლიმპიადას აქვს მეორე და მესამე ტური და იმ "ცუდ მოსწავლეებს", რომლებმაც არაკეთილსინდისიერად მოიპოვეს ტესტები, მეორე ტურის დაძლევა გაუჭირდებათ", - აღნიშნა მინდაძემ.
რაც შეეხება ტესტების გამჟღავნების გზებს, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილისთვის უცნობია, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ამ ტესტების გამოქვეყნება.
"სავარაუდოდ, ერთ-ერთ სკოლაში ტესტებზე ხელი მიუწვდებოდა არაკეთილსინდისიერ ადამიანს და სწორედ მისი საშუალებით მოხდა ტესტების გამჟღავნება. რაც შეეხება ჩაშლას, ოლიმპიადა 8 საგანში ტარდება და ალბათ, დიდი უმრავლესობა კეთილსინდისიერად წერს და არანაირ გარეშე დახმარებას არ იღებს. ამის გამო ჩაშლის იდეის მომხრე არ ვარ", - განაცხადა მინდაძემ.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ია ანთაძე კი მიიჩნევს, რომ დღეს დაწყებული სასკოლო ოლიმპიადა, რომლის ტესტების ნაწილი გუშინ საღამოს "ფეისბუქზე" გამოქვეყნდა, უნდა ჩაშლილიყო.
მისი თქმით, არ შეიძლება ბავშვების არათანაბარ პირობებში ჩაყენება.
"არ შეიძლება ბავშვები ჩააყენო არათანაბარ პირობებში, როდესაც ზოგიერთს მიუწვდება ხელი "ფეისბუქზე", ინტერნეტზე და წინასწარ შეუძლია ნახოს ტესტები, რაც მეორე დღეს უნდა დაწეროს და ზოგიერთი ბავშვი საერთოდ აზრზე არ იყოს. როგორც კი ამან გაჟონა, მაშინვე უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება მიღებული და ოლიმპიადა უნდა ჩაშლილიყო", - აღნიშნა ანთაძემ.
დღეს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური, მათემატიკის ოლიმპიადით დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროდან აცნობეს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა საქართველოს თითქმის ყველა სკოლაში ტარდება.