რა უთხრა ნიკა წულუკიძის ბებიამ შვილიშვილის ახალმოყვანილ ცოლს

რა უთხრა ნიკა წულუკიძის ბებიამ შვილიშვილის ახალმოყვანილ ცოლს

ნიკა წულუკიძის ბებია მერი დალაქიშვილი 74 წლისაა და თავის მეუღლესთან, სერგო ქონიაშვილთან ერთად თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში კერძო სახლში ცხოვრობს. ეზოში ბოსტნეული და ხეხილი ხარობს. შემოდგომის ერთ თბილ და მზიან დღეს შვილიშვილი ბებია-ბაბუას ესტუმრა. ნიკა და მერი ბებო ბაღში მოკალათდნენ. ორი თაობის წარმომადგენელს ერთმანეთან ურთიერთობასა და დამოკიდებულებაზე გავესაუბრე...

მერი:

- ნიკა ჩემი პირველი შვილიშვილია. სულ ექვსი შვილიშვილი მყავს. ნიკას დაბადება კარგად მახსოვს, ყველანი ძალიან გახარებულები ვიყავით. სამშობიაროდან რომ გამოვიყვანეთ, აღდგომა იყო. სტუმრები გვეწვივნენ. ნიკა საწოლზე დავაწვინეთ. ბავშვი გაშალეო, - გვთხოვდნენ. ასეც მოვიქეცი. ნიკამ მარჯვენა ფეხი ასწია და ააკანკალა, შესცივდა და ისევ შევფუთეთ. მახსოვს, როგორი ერთი ბეწო იყო, - 4 კილომდე იწონიდა...

ნიკა და მისი და ქრისტი სანამ სკოლაში წავიდოდნენ, ჩემთან ცხოვრობდნენ. მათ შორის ორი წელია სხვაობა. ნიკა პლეხანოვზე 24-ე სკოლაში სწავლობდა. სკოლიდან მე გამომყავდა. იმ პერიოდში ტრანსპორტი არ დადიოდა, ხალხს ფეხით სიარული უწევდა. ახმეტელის მეტროდან ჩვენს სახლამდე დაახლოებით ორ კილომეტრს ფეხით მოვდიოდით. ძალიან იღლებოდა და ხშირად მთხოვდა შეგვესვენა, ჩამოჯდებოდა. ზოგჯერ ხელშიც ამყავდა და ისე მომყავდა მთელი გზა. ერთხელ წავიყვანე სკოლაში და გზად კამფეტის ყიდვა მთხოვა. შევედი მაღაზიაში და "ბონიბონი" ვუყიდე. სიხარულისგან ხტუნვა-ხტუნვით გააგრძელა გზა. ამ დროს "ბონიბონს" ხუფი მოსძვრა და წითელ-ყვითელი კამფეტები ასფალტზე გაიშალა. ძალიან დაღონდა, გაჩერდა და აღარაფერს ამბობდა. მივტრიალდი და მეორეც ვუყიდე (იღიმის).

ნიკა:

- ერთხელ, მაშინ ბაღში დავდიოდი, თოვლის ბაბუამ საჩუქარი მომიტანა. ყუთში უამრავი რამ იდო, მათ შორის ჩირი. მე საერთოდ ყველაფერს ვინახავდი, არ ვჭამდი, მერე ან ჩემს დას ვაძლევდი, ან სხვებს. ბებიაჩემმა გახსნა ყუთი, წასძლია სულმა და შემიჭამა ჩემი ჩირი (იღიმის).

მერი:

- ვნახო-მეთქი, როგორია და გავსინჯე. ნიკამ, შენ ეს ჩირი როგორ აიღეო და ისე გადაირია, დაბრდღვნა აქაურობა! მამამისი ეუბნებოდა, ბებიაშენი შენზე გადაყოლილია და ეს ერთი ჩირი რა გახადეო. ეს მაინც თავისას არ იშლიდა. მინდოდა, მინდოდა, - ღრიალებდა. ბოლოს, როგორც იქნა, დაწყნარდა.

- ისე, მტირალა ბავშვი იყო?

- არა, არც მტირალა და არც ბუტია. გეტყვით, როგორი ბიჭი იყო. ჩვენი სახლის მეორე სართულზე ასასვლელ კიბეზე გააბამდა თოკს, რომელზეც დაკიდებდა ფარდას და თავად ზევით მოექცეოდა. ქვევით სკამებს დააწყობდა და ეძახდა ბავშვებს. ჩაამწკრივებდა და კონცერტებს უტარებდა. ხან უმღეროდა და ხანაც წიგნებს უკითხავდა. ნიკა დამჯერი ბავშვი იყო. ბავშვობაში ძროხაც კი მოუწველია.

ნიკა:

- დიახ, სოფელში. ძროხის მოწველაც ვიცი და ყველის ამოყვანაც. ერთხელ, ღანირში ჩავედი. მაშინ ჩემი მეორე ბებია უკვე გარდაცვლილი იყო და ძროხებს სხვები უვლიდნენ. ისე მოხდა, რომ ათი დღის განმავლობაში იქ ჩემ გარდა არავინ აღმოჩნდა, რომ ძროხა მოეწველა. ამას მე ვაკეთებდი და მერე ყველი რომ ამომყავდა, ნაირ-ნაირ ფორმას ვაძლევდი.

ბებო, ტელეფონზე რომ "გაშაყირებდი" , ის მოუყევი... თუმცა ამ ამბის წინაპირობას მე გეტყვით. ბებიაჩემის დედამთილი, ანუ ბაბუაჩემის დედა 106 წლისა გარდაიცვალა. ის ერთ-ერთ იაპონურ ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული, სადაც მასავით სამ საუკუნეს მოსწრე-ბული ადამიანები იყრიდნენ თავს. 1898 წელს იყო დაბადებული და 2004 წელს გარდაიცვალა. მერი ბებოს ვურეკავდი შეცვლილი ხმით და ვეუბნებოდი, იაპონიიდან ფულია გამოგზავნილი, ამა და ამ მისამართზე მობრძანდით და წაიღეთ-მეთქი. თან ვეუბნებოდი, ფული თქვენს მულს მიაქვს და თქვენც გეკუთვნით, მობრძანდით და გაგატანთ-მეთქი.

მერი:

- მე რა შუაში ვიყავი, არ ვიცი (იღიმის), არ წავსულვარ, მაგრამ მჯეროდა, რომ ასე იყო.

- ქალბატონო მერი, უფროსი თაობა ახალ თაობაზე სულ სხვადასხვაგვარად ჩივის. თქვენ ნიკას თაობას როგორ ახასიათებთ?

- თაობები იცვლება და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. თაობა კი არა, მთავრობა იცვლება და (იღიმის)... ჩვენი თაობა სხვაგვარად ცხოვრობდა, დღეს უფრო მეტი საშუალება აქვთ ახალგაზრდებს. კასპში გავიზარდე, კინოში კი დავდიოდით, მაგრამ თეატრები არ გვქონდა. თბილისში რომ წამოვედით, ჩემს შვილებს ყველგან ვუშვებდი. ნიკას დედამ უმაღლესში რომ ჩააბარა, პოლონეთში წავიდა. ყველას უკვირდა, როგორ გაუშვიო. სტუდენტები მიდიოდნენ და ჩემი შვილი მათთან ერთად თუ წავიდოდა, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავდი.

ბავშვობაში ნიკა ხშირად იყო ჩემთან და პატარაობისას მეუბნებოდა, ჩემს მშობლებზე ძალიან მიყვარხარო. ცოლს რომ მოვიყვან და შვილი მეყოლება, გოგო იქნება თუ ბიჭი, მაინც მერი უნდა დავარქვაო. ნიკამ ახლახან მოიყვანა ცოლი. ბიჭი თუ ეყოლათ, მერის ვერ დაარქმევს და გოგონას შემთხვევაში, ვნახოთ, თუ შეასრულებს პირობას...

ნიკა:

- მთავარია სახელი "მ" -ზე იწყებოდეს, არა, ბებო?

მერი:

- არავითარი "მ" , მერი უნდა დაარქვა!

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია