თანამედროვე ტექნოლოგიებმა შორ მანძილზე ურთიერთობა გააიოლა. ინტერნეტით შექმნილი ოჯახიც არავის უკვირს. მარია ვეტროვა ბელორუსია, გიორგი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნო და რადგან ვაჟს მასთან ჩასასვლელად ხელი შეეშალა, მთელი თავისი ავლადიდება უზარმაზარ ჩემოდანში ჩაალაგა და თვითონ ჩამოაკითხა საყვარელ ადამიანს. გაუცრუვდა თუ არა იმედები და მოსწონს თუ არა ქართველების რძლობა, ამის შესახებ თავად მოგვიყვება.
- ვცხოვრობდი მინსკში, მამასა და დასთან ერთად. დედა გარდამეცვალა, როცა 8 წლის ვიყავი და ბებია და მამა მზრდიდნენ. საქართველოში წამოსვლამდე ბანკში ვმუშაობდი. მე და გიორგიმ "დიადი" სოციალური ქსელით გავიცანით ერთმანეთი, 2 წლის განმავლობაში ვურთიერთობდით, დღის განმავლობაში გამუდმებით ვმესიჯობდით, საღამოობით, შინიდან უკვე იმის საშუალებაც მეძლეოდა, რომ კომპიუტერთან დავმჯდარიყავი და დილამდე ველაპარაკებოდით ერთმანეთს. მუდამ გამოუძინებელი ვიყავი. სამსახურში 30 ადამიანი რიგში იდგა, მე კიდევ ვმესიჯობდი. ქართული ტემპერამენტის ამბავი ხომ იცით, მესიჯზე დროულად თუ არ ვუპასუხებდი, სწყინდა და მსაყვედურობდა. ის კი არა, როდესაც შევუღლდით, ინერციით ვაგრძელებდით მესიჯობანას და გიოს სამსახურში ეჩხუბებოდნენ, - ხომ ჩამოვიდა, ახლა მაინც დაწყნარდი და მესიჯების წერას თავი დაანებეო.
სატელეფონო ანგარიში რამდენიმემეტრიანი სიგრძის რულონად მოდიოდა ხოლმე. ხშირად გიო იხდიდა ამ ფულს.
- ჩამოსვლა არ უნდოდა გიოს?
- რამდენჯერმე გადაწყვიტა, ჩამოსულიყო, მაგრამ ხელი შეეშალა. ხან ახლობელი ადამიანი გარდაეცვალა, ხან სხვა მიზეზი გამოჩნდა. წინასწარ უკვე მოლაპარაკებული ვიყავით, რომ ოჯახი უნდა შეგვექმნა... ძალიან მინდოდა, რაც შეიძლება მალე ჩამოსულიყო, მაგრამ არა და არ დაადგა საშველი. შემდეგ მეც გამზრდელი ბებია გარდამეცვალა და ფაქტობრივად, მარტო დავრჩი... ჩემი და მოსკოვშია გათხოვილი. შინ მხოლოდ მე და მამა დავრჩით. დეპრესიაში ჩავვარდი, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. ჩემს იმედად გიო მეგულებოდა. ამიტომ მის ჩამოსვლას ვეღარ დაველოდებოდი. სამსახურიდან წამოსვლაზე დავწერე განცხადება, ბილეთი ავიღე და გიოს ვუთხარი, - მოვდივარ-მეთქი.
- მამა როგორ შეხვდა მაგ ამბავს?
- გიოსთან ურთიერთობის შესახებ არავისთვის მითქვამს. ეს ჩემი საიდუმლო იყო. ამიტომ, ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემი გამომგზავრება. უზარმაზარი ჩემოდანი ვიყიდე, რაშიც მთელი ჩემი ავლადიდება უნდა ჩამელაგებინა და შინ ტაქსით მივიტანე. მამაჩემმა რომ დაინახა, გაოცდა - რად გინდაო? - მივდივარ-მეთქი, მხოლოდ მაშინ ვუთხარი. გამოფრენამდე 1 დღე იყო დარჩენილი. მხრები აიჩეჩა. მოკლედ მოვუყევი ყველაფერი. წინააღმდეგობა არ გაუწევია. პირველად ვიმგზავრე თვითმფრინავით. ძალიან მეშინოდა, მაგრამ გიოს გულისთვის ყველაფერს გავაკეთებდი. როდესაც ჩამოვფრინდი, ბარგის ასაღებად იქ დავდექი, სადაც ჩემი თვითმფრინავის რამდენიმე მგზავრი იდგა. ყველას ბარგი მოვიდა, ჩემ გარდა. ძალიან დიდხანს ველოდი ჩემს უზარმაზარ ჩემოდანს. აღმოჩნდა, რომ იქ სულ ტყუილად ვიდექი. თურმე ის მგზავრები იღებდნენ ბარგს, ვინც თბილისიდან თურქეთში აგრძელებდა გზას. ჩემი ბარგი რომ აღარ გამოჩნდა, ამის გამო ვნერვიულობდი, მაგრამ ის უფრო მაღელვებდა, გიოს არ ჰგონებოდა, რომ არ ჩამოვედი და შინ არ წასულიყო. კარგა ხანს ვალოდინე, გიოც ნერვიულობდა თურმე, რადგან გამოფრენამდე ველაპარაკე და იცოდა, რომ ნამდვილად უნდა ჩამოვსულიყავი. როგორც იქნა, ავიღე ბარგი და გარეთ გამოვედი. გიო უკვე შეშინებული იყო, სად დავიკარგე, ვერ გაეგო. მაშინვე ვიცანით ერთმანეთი... შინ მოვედით, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი დამხვდა - გიოს ნათესავები, მეგობრები და მეზობლები... ქორწინების ოფიციალურად გაფორმება ცოტა მოგვიანებით გვინდოდა, მაგრამ საქართველოში ცხოვრების უფლება რომ მომეპოვებინა, ამის გამო დავაჩქარეთ. კუდ-შიც კი დამიბარეს. დედამთილი გამომყვა. იცის, რომ ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და იფიქრა, რომ ჩემ გვერდით იქნებოდა, მაგრამ არ შემოუშვეს. მარტო შემიყვანეს და რამდენიმე საათის განმავლობაში დამკითხეს. დაწვრილებით გამომკითხეს ყველაფერი - გიოს ნათესავების სახელები, მისამართი, გიოს სამსახური... მისამართები არ ვიცოდი და ავუხსენი, რომელი ქუჩით როგორ მივდიოდი ხოლმე სახლში... ერთი სიტყვით, ტერორისტივით დამკითხეს და ცხოვრების უფლება მომცეს. მთელი საქართველო შემოვიარეთ მე და გიომ, ძალიან ბევრი ადგილი მოვინახულეთ. ძალიან მომწონს აქაურობა.
- მამა არ დაპატიჟეთ?
- კი, იყო ჩამოსული სიძისა და მისი ოჯახის გასაცნობად. ბელორუსიის პატარა "ნაწილი" ჩამომიტანა. ძალიან მენატრება იქაურობა. ერთი წელია, რაც აქ ვარ და ნოსტალგია მაწუხებს. მამა რომ აპირებდა ჩამოსვლას, ვთხოვე, იქიდან ბელორუსიული ძეხვი, შავი პური და სხვადასხვა ნუგბარი წამოეღო, - რაც ძალიან მენატრებოდა. შეშინდა - მშიერი ხარ? მანდ საკვები არ იშოვებაო? - დავამშვიდე, რომ ყველაფერი იშოვება, მაგრამ მშობლიური მენატრება-მეთქი. შავი პური აქაც არის, მაგრამ იქაურს სულ სხვა სუნი და გემო აქვს. მამა რომ ჩამოვიდა, ყველაფერი აინტერესებდა... ექსკურსიაზე დაგვყავდა. ერთხელ ცხვრის ხორცი მოინდომა და გარდაბანში წავედით საყიდლად. სამარშრუტო ტაქსიში რომ ავედით, ადგილები აღარ იყო და მძღოლმა უთხრა, - სავარძლის ქვევიდან ტაბურეტი გამოიღე და დაჯექიო... სკამებს შუა ტაბურეტზე მოუწია დაჯდომამ და გაოცებული იყო. ასეთი რამ არასოდეს უნახავს. ბათუმშიც გვყავდა. ყველაფერი ძალიან მოეწონა. ცოტა რთული ხასიათის ადამიანია, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველას დაუმეგობრდა და ბოლოს აღიარა კიდეც, რომ ქართველები ყველაზე კარგები არიან... წასვლა აღარც კი უნდოდა. იმის მერე ჩემოდნები სულ ჩალაგებული აქვს და მინიშნება უნდა მარტო, რომ ჩამოვიდეს. ახალი წლის მერე ველოდებით.
- როგორც ვხედავ, აქაურობას კარგად შეეგუე.
- დიახ. ყველაფერი მომწონს, თუმცა რაღაცებს ვერ ვეგუები. მაგალითად - მედიცინა რომ ფასიანია. ჩვენთან, ბელორუსიაში ისევ "საბჭოთა კავშირია". წარმოიდგინეთ, ძველი საბჭოთა წყობილება. ასეა ზუსტად. ხალხი ბინის რიგში დგას და 35 წლის ასაკისთვის თითქმის ყველას თავისი ბინა აქვს... უფასო სამედიცინო მომსახურებაა, უმუშევრობა ნაკლებადაა. ჩვენთან სამსახურის შოვნაც გაცილებით იოლია. კოლეჯი მაქვს დამთავრებული, უმაღლესი განათლება არ მიმიღია, მაგრამ ბანკში ვმუშაობდი. ჩვენი პრეზიდენტი ვერტმფრენით შემოიფრენს, მინდვრებს დაათვალიერებს და თუ სადმე დაუმუშავებელ მიწას ნახავს, პატრონს აჯარიმებს. სოფლის მეურნეობა ძალიან კარგადაა განვითარებული. ძალიან გამიკვირდა, საქართველოში ამდენი აუთვისებელი მიწა რომ ვნახე... ბელორუსიაში ახალგაზრდა წყვილი სოფლად ცხოვრებას თუ გადაწყვეტს, მას ყველანაირ პირობას უქმნიან. აძლევენ კეთილმოწყობილ სახლს, სამსახურს, თუ სურვილი აქვს - ტრაქტორს.
- აქ რით ხარ დაკავებული? სამსახური ხომ არ გიპოვია?
- არა, აქ ალბათ გამიჭირდება სამსახურის შოვნა. თან, ქართულიც არ ვიცი ჯერ. გადავწყვიტე, საქმე გამომეძებნა. ვისწავლე დეკუპაჟის გაკეთება. ჩვეულებრივი, ქაღალდის ხელსაწმენდი ლამაზი ნახატით, ეკვრება რაიმე ნივთის ზედაპირს და შემდეგ აკრილის ლაქით იფარება. ძალიან ლამაზია... ასევე ვქარგავ და აქსესუარებს ვაკეთებ. ჩვენს ქორწილში ჩემი გაკეთებული ვუალი მქონდა. ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, არ ვიცოდი, სად რა უნდა მეყიდა. გიოს რომ ვეკითხებოდი - მასეთი რაღაცები საქართველოში არ იყიდებაო, მპასუხობდა. ინტერნეტის საშუალებით დავადგინე საჭირო მაღაზიების მისამართები და რაც მჭირდებოდა, ყველაფერი შევიძინე. აღარ ვიცი, თავისუფალი დრო როგორ მოვკლა. ახლა ძალიან მინდა, თოჯინების კერვა და კალათების დაწვნა ვისწავლო. შემდეგ მაღაზიის გახსნაც მინდა, სადაც ჩემს ნაკეთობებს გავყიდი.
მარი ჯაფარიძე
(გამოდის ხუთშაბათობით)