ქალბატონი, რომელმაც თავის დაწვა სცადა, ახალი პარლამენტის შენობის გადაწვას აპირებს!

ქალბატონი, რომელმაც თავის დაწვა სცადა, ახალი პარლამენტის შენობის გადაწვას აპირებს!

ალბათ, გახსოვთ, შარშან ამ დროს ქუთაისში საშინელი ტრაგედია დატრიალდა - ციცინო ხარაბაძემ თავი დაიწვა. ამ ყველაფრის მიზეზი კერძო ვალი გახდა (40 ათასი დოლარი), მას იპოთეკით ჰქონდა დატვირთული სამი ბინა და ყველას კარგავდა. როგორც ტრაგედიის შემდეგ გახდა ცნობილი, ვინმე მიხეილ კალაჩიანთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში არაერთი დარღვევა აღმოჩნდა. რაც მთავარია, ციცინო ხარაბაძე ითხოვდა მხოლოდ ერთს, - არ გამომასახლოთ, ვალს ნელ-ნელა გადავიხდიო. თუმცა არც კალაჩიანი და არც აღმასრულებელი ამაზე არ წავიდნენ, რასაც მოჰყვა ის, რაც მთელმა საქართველომ ნახა.

ციცინო ხარაბაძე გადარჩა (თუ ამას გადარჩენა ჰქვია), მაგრამ დღეს იგივე მდგომარეობაშია, მას ისევ ემუქრებიან გამოსახლებით. ციცინომ ამ დღეებში დამირეკა:

- გელა, აღარ შემიძლია... მოვკვლავ მიხეილ კალაჩიანს, მადონა კაიკაციშვილს და ინგა სოფრომაძეს! ეს თაღლითების ბანდა ან რა სასიცოცხლოა? საერთოდ, აზრზე მოდით და ამ კერძო მევახშეებს პასუხი მოსთხოვეთ... მე სამართალს ვითხოვ, ხუთმაგი მაქვს გადახდილი ამ ბინებში, 4 ოჯახი მაგათ ხელში ვართ. სამართალს ვითხოვ, მეტს არაფერს!

- დამშვიდდი, შენ ხომ პარლამენტარები დაგპირდნენ დახმარებას?

- როცა საავადმყოფოში წამიყვანეს, მახსოვს, როგორ მოვიდნენ ელისო ჩაფიძე და გუბაზ სანიკიძე... ყველაფერი მესმოდა, გონება არ მქონდა გათიშული. ჩემიანებს ეუბნებოდნენ, ყველანაირად დავეხმარებითო. არაფერი, ეს ცარიელი სიტყვები აღმოჩნდა, ვთხოვ ბიძინას, შემხვდეს 15 წუთით... არანაირ დახმარებას არ ვითხოვ, უბრალოდ, მინდა, მომისმინოს. გავაფრენ სადაცააააა, უკვე აღარ ვარ ჭკუაზე! წავალ, პარლამენტის წინ დავჯდები... დედას გეფიცები, პარლამენტს გადავწვავ და მერე რაც უნდათ, ის გააკეთონ, ახლა უკვე ყველაფერზე ვარ წამსვლელი!

- დამშვიდდი, მე დავწერ შენს მდგომარეობაზე და ალბათ, მოგაქცევენ ყურადღებას.

- ძალიან ცუდად ვარ, მაგრამ მანამდე არ მოვკვდები, სანამ ამ ჩემს ბანდიტ მევახშეებს არ დავხოცავ... დაჭერასაც ვერ მოასწრებენ, ისე გავაკეთებ ამ ყველაფერს!

- ეგ არ არის გამოსავალი.

- მე გამოსავალი აღარ დამიტოვეს და ამიტომ ვფიქრობ ასეთ რაღაცებზე, მიშველეთ რამე, ასეთ მდგომარეობაში ვარ და ყოველდღე თავზე მადგას პოლიცია, უნდა გაგასახლოთო!

შარშან ამ დროსაც ასე მოხდა... ციცინო ხარაბაძემ დამირეკა და მითხრა, თავი უნდა დავიწვაო. ვერ დავიჯერე, მაგრამ ქუთაისში მაინც გადავრეკე ნანა თვალაბეიშვილთან, ჟურნალისტები მიდით, რა იცი, რა ხდება-მეთქი? მერე ავმა სულებმა ჭორები გაავრცელეს, ეს ზედელაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი იყოო. ესე იგი, მე ძალიან ნიჭიერი რეჟისორი ვყოფილვარ. ჰოდა, რაკი ზოგიერთი ავსული ასე ფიქრობს, წინასწარ გაფრთხილებთ: ციცინო ხარაბაძე აპირებს, პარლამენტის შენობასთან დაჯდეს, დაიწყოს შიმშილობა და უარეს შემთხვევაში, იგივე შენობა გადაწვას! მე პირადად მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", ელისო ჩაფიძეს და გუბაზ სანიკიძეს, სანამ მორიგი ტრაგედია დატრიალდება, გაერკვიეთ სიტუაციაში... ასევე, გაეცით პასუხი ხარაბაძეს, აპირებთ თუ არა დანაპირების შესრულებას?!

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "კვირის ქრონიკა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია