მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები მცირდება

მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები მცირდება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ სამართალდარღვევებზე, სახდელის ოდენობები მცირდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ამ ინიციატივის შედეგად აუცილებელი გახდა რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება ჯარიმის ოდენობების და მართვის უფლების ჩამორთმევის ვადების შემცირების მიზნით, კერძოდ:

კანონპროექტის მიხედვით, 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, სიჩქარის გადაჭარბებისათვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა (რადარები) – 100 ლარი განახევრდება და დამრღვევი მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ხოლო აღნიშნული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, არსებული საურავის ოდენობა 500 ლარის ნაცვლად 150 ლარამდე შემცირდება. ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს მართვის უფლება 2 წლის ნაცვლად 6 თვით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1500 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 500 ლარიანი ჯარიმით იქნება შესაძლებელი.

125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის, 10 ლარიან ჯარიმას და გადაუხდელობის შემთხვევაში 150 ლარიან საურავს ითვალისწინებს. ჯარიმის და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევ მძღოლს 1 წლის ნაცვლად მართვის უფლება 6 თვის ვადით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1000 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 500 ლარიანი ჯარიმით იქნება შესაძლებელი.

ასევე, 125-ე მუხლის მე-71 ნაწილით ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 100 ლარიანი ჯარიმა ნახევრდება და მისი ოდენობა 50 ლარი იქნება. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მძღოლს 500 ლარის ნაცვლად 150 ლარის ოდენობით დაერიცხება საურავი. ჯარიმის და საურავის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კი დამრღვევ მძღოლს მართვის უფლება 2 წლის ნაცვლად 1 წლის ვადით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1500 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 500 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით იქნება შესაძლებელი.

მცირდება აგრეთვე 125-ე მუხლის მე-72 ნაწილით განმეორებით ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 200 ლარიანი ჯარიმა და მისი ოდენობა 100 ლარი იქნება. ჯარიმის და საურავის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კი 2 წლის ნაცვლად მართვის უფლება 1 წლის ვადით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1500 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 1000 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით იქნება შესაძლებელი.

ასევე განახევრდა 116-ე, 117-ე, 1181-ე, 1182-ე, 1183-ე, 119-ე, 120-ე, 121-ე, 123-ე, 125-ე, 127-ე და 1271-ე მუხლებით დადგენილი ჯარიმების და საურავების გადაუხდელობის შემთხვევაში მართვის უფლების ჩამორთმევის ვადები და ჩამორთმეული მართვის უფლების ჯარიმით შეცვლის თანხები, კერძოდ: ამ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის ჯარიმის და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირს მართვის უფლება 1 წლის ნაცვლად 6 თვით ჩამოერთმევა, ხოლო 2 წლის ნაცვლად – 1 წლით. ჩამორთმეული მართვის უფლების ჯარიმით შეცვლის შემთხვევაში, თუ მართვის უფლება 6 თვით არის ჩამორთმეული, ჯარიმის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად 500 ლარი იქნება, ხოლო 1 წლით ჩამორთმევის შემთხვევაში 1500 ლარის ნაცვლად – 1000 ლარი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ