ბაიკერი, რომელმაც ჩამომხრჩვალი ნინო გვასალია იპოვა, პოლიციაში დაკითხეს

ბაიკერი, რომელმაც ჩამომხრჩვალი ნინო გვასალია იპოვა, პოლიციაში დაკითხეს

ისანი-სამგორის პოლიციაში გუშინ, გვიან ღამემდე კითხავდნენ ერთ-ერთ ბაიკერს, რომელმაც მუხათწყაროს ტყეში ჩამომხრჩვალი ნინო გვასალია იპოვა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი ტყეში ბაიკერებმა იპოვეს. ნინო გვასალიას ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში დღეს გადაასვენებენ. ექსპერტიზა უკვე დასრულებულია და დასკვნა უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.

22 წლის ნინო გვასალია სახლიდან 17 ოქტომბერს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სამართალდამცველები და მეგობრები მას თითქმის ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ.

როგორც ნინო გვასალიას დედამ, ლალი ცინცაძემ შვილის გაუჩინარების შემდეგ განაცხადა, გოგონამ თვითმკვლელობის სურვილი უმცროს ძმას გაუმხილა.

"წინა დღით უმცროსი ძმისთვის უთქვამს, ყველაფრით დავიღალე და თავი უნდა მოვიკლა, ოღონდ ისე, რომ ვერავინ მნახოსო. იმდენად სისულელედ მიიჩნია ბავშვმა დის ნათქვამი, რომ ყურადღების ღირსადაც არ ჩათვალა ამ თემაზე რეაგირება და ჩემთვისაც არაფერი უთქვამს მაშინვე", - განაცხადა ლალი ცინცაძემ.

ნინო გვასალიას უგზო-უკვლოდ დაკარგვასთან დაკავშირებით შსს-ს ისან-სამგორის სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების თანამშრომლებმა სამძებრო ღონისძიებები 17 ოქტომბერს დაიწყეს.

გამოძიების პირველ ეტაპზე სამართალდამცველებმა ამოიღეს და დაათვალიერეს დაკარგული გოგონას საცხოვრებელი სახლის მიმდებარე პერიმეტრზე არსებული კერძო დაწესებულებების, აფთიაქებისა და სხვა შენობების, ასევე, "300 არაგველის" და "ავლაბრის" მეტროსადგურების, "112"-ის სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული ჩანაწერები. ინფორმაცია იმ დღესვე მიეწოდათ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ყველა ოპერატიულ დანაყოფს და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს. სამართალდამცველებმა გადაამოწმეს საავადმყოფოები, გამოძიებაში ჩართული იყვნენ კინოლოგები. თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დაათვალიერეს მდინარე მტკვრის სანაპირო ტერიტორია.

22 ოქტომბერს სამაშველო სამსახურმა როგორც სახმელეთო, ისე წყალქვეშა საძიებო სამუშაოები ჩაატარა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის სანაპიროზე, ასევე კოჯრის, ტაბახმელას, ოქროყანის ტყის მასივების ტერიტორიაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა უგზო-უკვლოდ დაკარგული ნინო გვასალიას ფოტოსურათი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ