საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 18 მლნ დაუჯდება

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 18 მლნ დაუჯდება

რამდენია საქართველოს მოსახლეობა? – ამას მომდევნო წელს, მთავრობა დაადგენს. საქართველოში მორიგი საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება, შედეგებს კი 2015-ში, აღწერის ჩატარებიდან დაახლოებით ერთ წელში გავიგებთ. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. როგორც მოსახლეობის აღწერის სამთავრობო-საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, აღწერაზე 18 მილიონი ლარი დაიხარჯება, რომელშიც საქართველოს დონორი ორგანიზაციები დაეხმარებიან. მისივე თქმით, საყოველთაო აღწერისათვის განსაზღვრულ სამუშაოებში 20 ათასამდე ადამიანი დასაქმდება.

"მოსახლეობის აღწერა არის დღემდე უალტერნატივო სტატისტიკური მეთოდი, რომლის მიხედვითაც დგინდება არამხოლოდ მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა, არამედ მისი შემადგენლობა, შემოსავლები და ა.შ.", - განაცხადა ნარმანიამ.

საქართველოში აღწერა ბოლოს 2002 წელს ჩატარდა. როგორც ნარმანიამ განაცხადა, მოსახლეობის აღწერა ყოველ 10 წელიწადში უნდა ჩატარდეს, თუმცა საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ ეს პოლიტიკური მიზეზების გამო არ განახორციელა.

"ბოლოს აღწერა 2002 წელს ჩატარდა. როგორც გაერო-ს აქვს განსაზღვრული ყოველ 10 წელიწადში უნდა ჩატარდეს აღწერა, თუმცა ეს ყოფილმა ხელისუფლებამ არ განახორციელა. ამას პოლიტიკური სარჩული ედო. როგორც კი ჩვენ მოსახლეობის აღწერას ჩავატარებთ, ვნახავთ, რომ 2002 წელის მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით გაცილებით ნაკლებია საქართველოში ამ დროისთვის სახეზე მყოფილი მოსახლეობის რაოდენობა, რაც პირდაპირ დაკავშირებულია არჩევნებთან და საარჩევნო სიებთან. მეორე მხრივ, ეს დამატებით რესურსთან იყო დაკავშირებული. როგორც ჩანს, ამ ორი მომენტის გამო აღწერა წინა ხელისუფლებამ გადაავადა", - განაცხადა ნარმანიამ.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თამარ ხომასურიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მომდევნო წლის ბოლომდე არ ჩატარდებოდა აღწერა, საქართველოს აღწერების მსოფლიო სიიდან ამოვარდებოდა. გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოს მთავრობას აღწერის ჩატარებაში ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.

"იმისთვის, რომ შესადარისი იყოს აღწერის მონაცემები, აღწერას 10-წლიანი ციკლი აქვს. 2014 წლის აღწერა 2010 წლის ციკლში ხვდება. სასიხარულოა, რომ აღწერა ტარდება. რომ არ ჩატარებულიყო ის 2014 წლის ბოლომდე, საქართველო ამოვარდნილი იქნებოდა აღწერების მსოფლიო ციკლიდან. აქედან გამომდინარე, ამ აღწერის ჩატარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნა ხომასურიძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, თენგიზ ცეკვავას თქმით კი, ეს აღწერა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მოხდება სოფლის მეურნეობის აღწერაც.

საქართველოში საყოველთაო აღწერა ბოლოს 2002 წელს ჩატარდა. მაშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში 4 355 673 ადამიანი ცხოვრობდა. თუ რა მდგომარეობაა 12 წლის შემდეგ, ამას დაახლოებით 2 წელში გავიგებთ.

ლექსო ნაბახტეველი, ამბები.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია