ინტერვიუ ირაკლი ღარიბაშვილის მამასთან

ინტერვიუ ირაკლი ღარიბაშვილის მამასთან

გენერალი თამაზ თამაზაშვილი - საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, რომელიც სააკაშვილის სიკვდილის მანქანას ციხეში სასწაულებრივად გადაურჩა, არაერთხელ ყოფილა "ასავალ-დასავალის" სტუმარი, მაგრამ ამჯერად ის მარტო არ გახლავთ... დალოცვილ ქიზიყში, დედოფლისწყაროში ვეწვიეთ ბატონ თამაზს, რომელმაც სახლეულთან და მძახალთან - ბატონ ტარიელ ღარიბაშვილთან - ირაკლი ღარიბაშვილის მამასთან ერთად გვიმასპინძლა... ჩვენი საგაზეთო საუბარი მილოცვებით დაიწყო...

- ბატონო ტარიელ, გილოცავთ ვაჟიშვილის გაპრემიერებას, 31 წლის ახალგაზრდისთვის ეს წარმოუდგენელი წინსვლაა კარიერაში...

- იცოცხლეთ, დიდი მადლობა!...

- დაგვიხასიათეთ თქვენ ვაჟი, როგორი კაცია ირაკლი ღარიბაშვილი და რამდენად გეიმედებათ ის, როგორც საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი?

- როგორც მამას, ჩემი შვილისა მჯერა!.. ირაკლი სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა, სულ "ხუთებზე" დაამთავრა, შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბარა, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა, შემდეგ საფრანგეთში, სორბონას უნივერსიტეტში სწავლობდა...

- როგორც ვიცი, თქვენ არ გქონდათ იმის საშუალება, რომ ბატონი ირაკლი საფრანგეთში სასწავლებლად გაგეშვათ!..

- არა, ნამდვილად არ მქონდა, მეგობრებმა შემიგროვეს ფული, მეგობრები დამეხმარნენ!.. იქ უკვე ირაკლი თვითონ ირჩენდა თავს და ჩვენც გვეხმარებოდა აქეთ – მიმტანად მუშაობდა.

- ბატონო ტარიელ, ოდესმე წარმოიდგენდით, რომ თქვენი ვაჟი პრემიერ-მინისტრი გახდებოდა?

- არა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი!..

- ბატონი თამაზის ქალიშვილი - ქალბატონი ნუნუკა თამაზაშვილი როგორი რძალია?

- ძალიან კარგი რძალია!.. ჩვენი ოჯახები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, მძახლებს ერთმანეთში კარგი ურთიერთობა გვაქვს. ირაკლი და ნუნუკა როცა შეუღლდნენ, ჩემმა რძალმა ნუნუკამ მთხოვა – ტარიელ ძია, იქნებ სიგარეტი გადააგდოთო!.. - კი, ბატონო, ნუნუკა, ახლავე-მეთქი! ასე გადამაგდებინა ჩემმა რძალმა სიგარეტი (იცინის). იმის შემდეგ ცხრა წელი გავიდა და სიგარეტი აღარ მომიწევია. ძალიან კარგი შვილია, ძალიან კარგი ადამიანია...

- რას უსურვებთ თქვენს ვაჟს?

- წარმატებას ვუსურვებ!.. ქვეყნის სიყვარული და განათლება ირაკლის არ აკლია, ღმერთი იყოს მისი შემწე!.. მე მჯერა ჩემი შვილის, მჯერა, რომ ირაკლი ქართველ ხალხს იმედებს გაუმართლებს!..

- დიდი მადლობა!..

- მადლობა თქვენ!..

პატივცემულო მკითხველო, ამით მოკრძალებული ინტერვიუ საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის მამასთან - ბატონ ტარიელ ღარიბაშვილთან მორჩა; რაც შეეხება გენერალ თამაზ თამაზაშვილს, ის, როგორც რეჟიმის მიერ უსამართლოდ გამეტებული და გამწარებული, მხოლოდ ტკბილი სიტყვებითა და მილოცვებით არ დაკმაყოფილდა...

- ბატონო თამაზ, გილოცავთ სიძის გაპრემიერებას!.. ირაკლი, როგორც მომავალი პრემიერ-მინისტრი, თქვენს იმედებს გაამართლებს?

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის!.. ამ სიტუცაიაში, ამ "ნაცებთან" და ამ თავხედ ხალხთან ძალიან ძნელია... მართალია, არაფერი ძალა მაგათ არა აქვთ, მაგრამ ნერვებს გიშლიან - ჩააქვთ დასავლეთში ცუდი ინფორმაციები ქვეყანაზეც, კონკრეტულ ადამიანებზეც. მიუხედავად ამისა, ირაკლი თავს გაართმევს, აუცილებლად გაართმევს თავს, რადგან ტრადიციულ ქართულ ოჯახშია გაზრდილი, ქართული აზროვნების კაცია, სამშობლო უყვარს, ქართველი ხალხი უყვარს!.. ბოლოს და ბოლოს, ბიძინა ივანიშვილის გაზრდილია და...

- ბატონო თამაზ, ხალხი აღრენილია და ხშირად გაიგონებ ასეთ რამეს - "თუ ესენი არ დაიჭერენ სააკაშვილს, სააკაშვილი დაიჭერს ამათ!"

- როგორც პაპაჩემი მიტო ვერ ადგება, ისე სააკაშვილი ვერ მობრუნდება და ვერავის დაიჭერს, ეგ გამორიცხულია, მაგრამ, თუ სამართლიანობის აღდგენა არ მოხდა, ქვეყანაში კარგი სიტუაცია არ იქნება!..

- თქვენი გადასაწყვეტი რომ იყოს, სააკაშვილს დაიჭერდით?

- ჩემი ნება რომ იყოს, მიშას ახლავე დავიჭერდი, ერთ წამსაც კი არ დავფიქრდებოდი, მაგრამ ისინი სულ სხვანაირად აზროვნებენ... ნათქვამია, "მოჩქარეს მოუგვიანდესო!" მე ახლა ივანიშვილისნაირი ანალიზის უნარი რომ მქონდეს და ეგეთი სტრატეგი ვიყო, ვიქნებოდი იქ და არა აქ...

- ირაკლი რას ამბობს სააკაშვილის შესაძლო დაპატიმრების შესახებ, თუ ამაზე თქვენთან არ ულაპარაკია?

- არა, ჩემთან არ უსაუბრია... საერთოდ, ბიძინა ივანიშვილიც და ირაკლიც "ნაციონალებზე" და სააკაშვილზე მაგარი გამწარებულები არიან, მაგრამ ამ საქმეს გონიერი გადაწყვეტა უნდა!.. აბა, ის იყო კარგი, აფხაზეთის ომის დროს ჩვენები ტელევიზიით რომ აცხადებდნენ, ხუთი ტანკით და 10 ათასი კაცით მოვდივართო და ჩაგვისაფრდებოდნენ და გვხოცავდნენ? მაგას ხომ ვერ გამოაცხადებს ბიძინა ივანიშვილი? ერთხელ თქვა ბატონმა ბიძინამ, ეროპარლამენტი და დასავლეთი ჩვენთან ურთიერთობას წყვეტდა, არიქა, დემოკრატებს იჭერენო!.. ახალაია და მერაბიშვილი რომ დაიჭირეს, ხომ გახსოვთ, რა ამბავი ატეხეს? ნელ-ნელა ყველაფერი იქნება და სამართლიანობა აუცილებლად აღდგება, სხვა ვარიანტი არ არსებობს!..

- ბატონო თამაზ, თქვენ ხომ სააკაშვილის პირადი პატიმარი იყავით, ღვიძლი უნდოდათ დაეშალათ, ციხეში გიპირებდნენ მოკვლას. თქვენზე არ მოქმედებს, ისევ "ნაცები" რომ ასწავლიან მთელ ქვეყანას ჭკუას და თითს გვიქნევენ?

- ძალიან მოქმედებს!... მოქმედებს კი არა, რაღაცები მემართება... ისეთი სულელები არიან, ნაცვლად იმისა, რომ გაჩუმდნენ, კიდევ აქეთ ყაყანებენ და ხალხს აღიზიანებენ!.. ესენი საზიზღარი ადამიანები არიან!..

- უკანასკნელად დაახლოებით ორი თვის წინათ შევხვდით ჩვენ ერთმანეთს და თუ გახსოვთ, პრივატულ საუბარში გითხარით – საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი აუცილებლად ირაკლი ღარიბაშვილი იქნება-მეთქი!..

- კი, სწორი ანალიზი გააკეთეთ და მე აღვნიშნე კიდეც - დიტომ თქვა, აუცილებლად თქვენი სიძე იქნება პრემიერ-მინისტრიო!.. მე მაშინ გამიკვირდა ეგ ამბავი, შეიძლება, ირაკლი მაგ პოსტზე მოიაზრებოდა, მაგრამ არ მეგონა... თქვენ გამოცდილი ჟურნალისტი ხართ და როგორც აღმოჩნდა, სწორი ანალიზი გააკეთეთ!.. ეგ თქვენს გონიერებაზე მეტყველებს!..

- ბატონო თამაზ, ირაკლი აცნობიერებს იმას, რომ პრემიერობა მისთვის უდიდესი ტვირთია?

- კი, აცნობიერებს, როგორ არ აცნობიერებს!.. მართლაც ძალიან დიდი ტვირთია ახალგაზრდა კაცისთვის, მაგრამ ერთი კია - ირაკლი ისევ ისეთივე ირაკლი იქნება!.. ჩვენი ოჯახი, ჩემი ბავშვები სუყველანი ეგეთები არიან - მილიციის უფროსიც ვიყავი, სამმართველოს უფროსიც, მაგრამ ჩემი შვილები ჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ, ზემოდან არავისთვის გადაგვიხედავს!.. ირაკლიც ასეთია, ასეთივე ოჯახი აქვს და ასეთივე დედ-მამა ჰყავს!.. მეზობელი ჩვენთვის ისევ ის მეზობელია, ციხის მეგობარი ისევ ის ციხის მეგობარია და ა.შ. რაღაცას რომ მიაღწევენ და თვალები დაუმძიმდებათ ხოლმე, ასეთი რამ ჩვენში არ არსებობს, გამორიცხულია!..

- ირაკლის თუ დახმარებიხართ?

- რაში?

- საერთოდ, ცხოვრებაში!..

- ახლა ცხოვრებაში როგორ, თბილისში ჩემთან ცხოვრობდნენ ხუთი წელი, მაშინ ირაკლის და ნუნუკას თბილისში ბინა არ ჰქონდათ. მერე ირაკლი ბიძინასთან რომ გადავიდა, ძალიან კარგი ხელფასი ჰქონდა, კრედიტი გამოიტანა და რაღაცნაირად ბინა შეიძინეს!..

- თქვენ თუ გითხოვიათ ამ ბოლო დროს სიძისთვის დახმარება? სიძე ვალებს არ გიბრუნებთ?

- (იცინის) არა, არავითარი მაგისთანა... არანაირი ჩემი ვალი მაგას არა აქვს!.. ირაკლი არის ძალიან ერთგული, ოჯახის მოყვარული ბიჭი!..

- ქეიფი უყვარს?

- როგორც ყველა ქართველ კაცს, უყვარს სტუმარი, უყვარს ქეიფი, მაგრამ ზომიერად!..

- ბატონო თამაზ, თქვენ კარგად სვამთ... სიძე და სიმამრი ღვინის სმაში თუ გასჯიბრებიხართ ერთმანეთს?

- არა, არა, არ გავჯიბრებივართ იმიტომ, რომ ირაკლი სვამდა სამ-ოთხ ჭიქას, რადგან სულ გარბოდა და სულ სამსახურში მიიჩქაროდა. რომ ვეტყოდი, ცოტა ხნით დაიცადე-მეთქი, არა, სამსახურში მეჩქარებაო, ამბობდა...

- რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრად დასახელდა, ხალხთან ურთიერთობაში რას გრძნობთ, ადამიანების დამოკიდებულება თქვენს მიმართ ისევ ასეთია თუ რამე შეიცვალა?

- ყველა დაგვდევს და ვინც გაგანია "ნაციონალი" იყო, ისინიც კი გვეუბნებიან, "ქართულ ოცნებაში" ვიყავითო!.. ხომ იცით, მედროვე ადამიანები როგორები არიან, ცდილობენ, კონტაქტში შემოვიდნენ, მაგრამ, ღმერთის წყალობით, მე მაქვს იმის შინაგანი ინტელექტი და იმის ხედვა, გადავწყვიტო, ვინ მივიღო და ვინ - არა!.. ადამიანების დახმარება შემიძლია, მაგრამ ირაკლის ნამდვილად ვერ ვეტყვი, აბა, ესა და ეს კაცი აქ დანიშნე-მეთქი!... ისედაც გაიძახიან ეს უსინდისოები ჩემზე, თამაზ თამაზაშვილი კადრების შერჩევაში ერევაო. ეს გამორიცხულია!.. ამას არც ჩემს თავს ვაკადრებ და არც ირაკლის!.. თუ რაიმეს მკითხავს რომელიმე ზონდერის შესახებ, არ დავუმალავ და ვეტყვი - ზონდერია, ოხერია და მამაძაღლი-მეთქი! სულ ეგ არის...

- თქვენ რომ პრემიერ-მინისტრი იყოთ, შინაგან საქმეთა მინისტრად ვის დანიშნავდით?

- მე რომ ვიყო პრემიერ-მინისტრი და მამაჩემი ცოცხალი იყოს, მამაჩემს დავნიშნავდი შინაგან საქმეთა მინისტრად, რადგან მაგარი "ოპერის" ტვინი ჰქონდა მამაჩემს (იცინის). ამას ხუმრობით ვამბობ, რადგან პრემიერ-მინისტრი მე ვერ ვიქნებოდი!..

- ბატონო თამაზ, თქვენ გენერალი კაცი ხართ, ჯერ ისევ ახალგაზრდა და არ გაქვთ სურვილი, პოლიციას დაუბრუნდეთ?

- ეს ახალგაზრდები მშვენივრად მუშაობენ და არ მაქვს სურვილი, მანდ ჩავერიო... თუ რამეს შემეკითხებიან, მე გენერალი ვარ და, რა თქმა უნდა, ჩემს აზრს გამოვთქვამ. ადრე ჩვენ მუშაობის სხვა ტემპი გვქონდა, ახლა უკვე სხვა ტემპია. ნაძირალა "ნაციონალები" და განსაკუთრებით ირმა ნადირაშვილი რომ გაიძახის ჩემზე – იმაში ერევა და ამაში ერევაო, ნადირაშვილი კახელია, ჩვენ ვიცნობთ მაგის ნათესავებს და ვიცით, რას წარმოადგენდა და ადრე რა ჰქონდა... ან კიდევ ის ქალბატონი - გეგელია, ამ "ნაციონალების" მიერ დასმულ კითხვებს რომ ატრიალებს, იმას რატომ არ კითხულობს, ჩემს საწინააღმდეგოდ კლიპები ვინ შექმნა და უდანაშაულოდ რატომ დამაპატიმრეს?

- თუ სააკაშვილი არ დააპატიმრეს, რა შეიძლება მოხდეს?

- ეგ მომავლის თემაა... ჩემი აზრით, ეგ აუცილებლად მოხვდება საბრალდებო სკამზე!.. დიდი სურვილი მაქვს, რომ სააკაშვილი დაიჭირონ და მაგ ნაძირალამ, ბოლოს და ბოლოს, გაიგოს, რომ ქართველ ხალხთან აქვს საქმე!.. სააკაშვილს უნდოდა ქართველი კაცის გადაკეთება, მაგრამ მაგ ნაძირალამ კი არა, სხვა უფრო დიდმა ნაძირლებმა ვერ გადააკეთეს ქართველი კაცი იმიტომ, რომ სისხლში გვაქვს ვაჟკაცობა და ტრადიცია!.. ჩემს გვარს საერთოდ როგორ ახსენებს ეგ ნაძირალა? პაპაჩემის ბიძაშვილი - ვასო თამაზაშვილი უდიდესი ვაჟკაცი იყო... სრულიად ახალგაზრდა ერობის თავმჯდომარე გახდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, ხოლო როცა წითლები შემოვიდნენ, იარაღი აისხა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი გახდა. სამი თვე ქაქუცა ჩოლოყაშვილი ვასო პაპას სახლში იმალებოდა ქვემო მაჩხაანში. ის სახლი დღესაც არსებობს... თურქეთში ვერ გადავიდა, ცოლ-შვილი დაუჭირეს და სულ ბოლოს სოფლის საბჭოს შენობაში დახვრიტეს. ამ ნაძირალას - სააკაშვილს რა უფლება აქვს, ჩემი გვარი ახსენოს? მე არაფერს ვმართავ, ვინც მართავს, ძალიან კარგად მართავს და ის შენი "ნაციონალები" როგორც მართავდნენ ქვეყანას, ნაძირალა სააკაშვილო, ყველამ ვნახეთ!... ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანეთ, ამდენი ტერიტორიები დაგვაკარგვინეთ, ხალხს ცოლები გაუბახეთ, ამიტომაც აუცილებლად უნდა გასამართლდეთ, თქვე ნაძირალა სააკაშვილებო, წიკლაურებო, კანდელაკებო და მალაშხიებო!..

- ბატონო თამაზ, ბედნიერი კაცი ხართ?

- მე ბედნიერი კაცი ვარ იმიტომ, რომ შვილები ტრადიციულად აღვზარდე, ჩემი შვილები არ შეშინდნენ, ჩემი პატარა მარიამიც კი არ შეშინდა... არ შეშინდნენ ჩემი დები, არც ჩემი დისშვილები და არც ჩემი სანათესავო!.. სანათესავოში იყვნენ ადამიანები, რომლებიც შეშინდნენ და მათთან ურთიერთობა არც მაქვს!.. იყვნენ მეგობრები, რომლებმაც მიღალატეს, რომლებიც შეშინდნენ: და იმათთანაც არ მაქვს ურთიერთობა! ოცდაათ ვერცხლად კი არა, სამ ვერცხლად გაიყიდდნენ... ბედნიერი კაცი ვარ, რომ ჩემი მძახლები არ შეშინდნენ!..

- ციხეში, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ოდესმე იფიქრებდით, რომ სიტუაცია ასე შეიძლებოდა შემოტრიალებულიყო?

- ვიცოდი, რომ "ოცნება" გაიმარჯვებდა და გეტყვით, რატომ!.. 400 ათასამდე პრობაციონერი, 30 ათასამდე პატიმარი... ერთი თათარი აგენტი იჯდა ჩემთან ერთად, რომ გამოვა, მერე შეგახვედრებ, აი, მე და იმან რომ გადავთვალეთ ამ გამწარებული ხალხის ოჯახის წევრები, თითქმის 2 მილიონამდე ვიანგარიშეთ სულში ჩაფურთხებული ადამიანები, რომლებიც ამათი წინააღმდეგი იყვნენ! აქედან გამომდინარე, უკვე ვიცოდი, რომ ამათი საქმე დამთავრებული იყო!.. ეს გამწარებული ხალხი მაგათ კი ჰპირდებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ხმას ჩვენ მოგვცემდა!.. მე ეგ მჯეროდა!

დიტო ჩუბინიძე

გაზეთი "ასავალ-დასავალი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა