"დისკოს მოცეკვავის" ჯიმი საქართველოში ფილმის გადაღებას და სასტუმროს გახსნას გეგმავს

"დისკოს მოცეკვავის" ჯიმი საქართველოში ფილმის გადაღებას და სასტუმროს გახსნას გეგმავს

"დისკოს მოცეკვავიდან" საქართველოში ბიზნესის წარმოებამდე - ბოლივუდელი მსახიობი მითჰუნ ჩაკრაბორტი საქართველოში ინვესტიციის ჩადებას აპირებს. შესაძლოა, ეს სახელი და გვარი ყველასთვის არ იყოს ცნობილი, თუმცა ჯიმი ფილმით "დისკოს მოცეკვავე" ჩვენს ქვეყანაში კარგად იციან. "ჯიმი ჯიმი" და სხვა ფრაზები ამ ფილმიდან დღემდე პოპულარობით სარგებლობს. ჩაკრაბორტიზე შეყვარებული საქართველოში ბევრი იყო და ახლაც არიან. 

63 წლის ჩაკრაბორტის ინდურ ფილმებში 200-ზე მეტი მთავარი როლი აქვს შესრულებული. შექმნა საკუთარი სტუდია, თუმცა სამსახიობო კარიერა არ დაუმთავრებია. მის პოპულარობაზე იმ პრიზების და ჯილდოების რაოდენობაც მეტყველებს, რომელიც ჩაკრაბორტის აქვს მოპოვებული. ჩაკრაბორტი ბოლივუდში ერთ-ერთ გავლენიან ადამიანად ითვლება.

რაც შეეხება ბიზნესს, ჩაკრაბორტი საქართველოში ფილმის გადაღებასა და სასტუმროს აშენებას აპირებს. სწორედ ამ მიზნით იყო ჩამოსული მსახიობი და ბიზნესმენი რამდენიმე დღის წინ ჩვენს ქვეყანაში.

მისი ბიზნესპარტნიორია ქართული კომპანია "მეტრო". როგორც "ამბები.ge"-ს კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი მაქაცარიამ განუცხადა, ფილმს იანვარში ან თებერვალში გადაიღებენ.

"ახალი წლის შემდეგ, იანვარში ან თებერვალში იგეგმება ამ ფილმის გადაღება. მანამდე ჯგუფი ჩამოვა საქართველოში, რომ დამატებით ლოკაციები დაათვალიერონ კონკრეტული სცენებისთვის და ჩაატარონ კასტინგი. გადაწყვეტილება მიღწეულია, რომ საქართველოში მოხდება გადაღება. 15-20-დღე გადაღება იქნება საქართველოში, მაგრამ მეორე ოცი დღე - ინდოეთში. კონკრეტულად რა ადგილები შეირჩევა, რა ქალაქებში მოხდება გადაღება, ეს სია ჯერ არ არის დასრულებული, თუმცა კახეთის რამდენიმე ადგილი შევარჩიეთ", - განაცხადა მაქაცარიამ.

მისივე თქმით, ფილმს ორივე მხარე დააფინანსებს.

"საუბარია კოპროდუქციაზე. საქართველოში გადღების ხარჯებს ქართული მხარე დაფარავს. მსახიობების ჰონორარს, მგზავრობას, პიარსა და მარკეტინგს კი მითხუნ ჩაკრაბორტი და მისი სტუდია დააფინანსებს", - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.

მისივე ინფორმაციით, ფილმისთვის საბოლოო სცენარი ჯერჯერობით, შემუშავებული არ არის, თუმცა ჟანრი სასიყვარული იქნება.

"ფილმი იქნება სასიყვარულო, სადაც ასევე გამოვიყენებთ ჩხუბის მომენტებსა და სპეცეფექტებს. ჯერ სცენარი ბოლომდე არ არის მოფიქრებული. მასში ქართველი მსახიობებიც მიიღებენ მონაწილეობას. მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები ინდოელები იქნებიან, ქართველი მსახიობები კი ძირითადად მეორეხარისხოვან როლებზე და მასობრივ სცენებში დაკავდებიან", - აღნიშნა მაქაცარიამ.

რაც შეეხება სასტუმროს მშენებლობას, როგორც მაქაცარია აცხადებს, დეტალებზე წინასწარ ვერ ისაუბრებს, თუმცა თბილისში რამდენიმე ადგილი შერჩეულია.

"ჩვენ სხვადასხვა ადგილები დავათვალიერეთ თბილისში. არის რამდენიმე ვარიანტი, რომელზეც მიდის მსჯელობა ფასთან დაკავშირებით. უახლოეს ორ კვირაში ვფიქრობ, რომ კონკრეტული პასუხი იქნება. შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის სამინისტროშიც. გაგვაცნეს ბაზრის ზოგადი მიმოხილვა. ეკონომიკის სამინისტრომაც შემოგვთავაზა ადგილები", - აღნიშნა მაქაცარიამ.

ლექსო ნაბახტეველი, ამბები.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა