რა საქმეებზე შეაწმენდენ ხელს არჩილ კბილაშვილს?

რა საქმეებზე შეაწმენდენ ხელს არჩილ კბილაშვილს?

"ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი პრინციპულობით არ გამოირჩეოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თანამდებობიდან გაცილებით ადრე წავიდოდა.

"ეს კბილაშვილი გამოვიდოდა და ჟურნალისტებს ეტყოდა, ორ კვირაში ესა და ეს საქმე იქნება მზადო და მერე ავიწყდებოდა, რა თქვა. ჩვენ კი ამა თუ იმ დანაშაულის გახსნას ველოდით. თუმცა, ისე წავიდა ეს კაცი, სამოქალაქო საზოგადოებამ ვერ გავიგეთ პასუხი კითხვაზე: თუ ეს სისტემური დანაშაული იყო, რატომ არ წაეყენა ბრალი დამნაშავეებს?" - განაცხადა ხატიაშვილმა.

"ალია" კომენტარისთვის ზაზა ხატიაშვილს დაუკავშირდა.

- არჩილ კბილაშვილი იყო უპრინციპო პროკურორი, რომელმაც ვერანაირად ვერ შეძლო თავისი პრინციპების გატარება პროკურატურაში. ეს ადამიანი იყო ადვოკატი და როცა გახდა პროკურორი, ძალიან გაგვიხარდა. ერთი თვის დანიშნული იყო ამ პოსტზე, როცა ევროსასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება "დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ". ამ საქმის მიხედვით მოქალაქე დვალიშვილი ჩიოდა, რომ ის წყალტუბოს პოლიციაში აწამეს და შემდეგ ძირს დაასხეს "კოკა-კოლა" და ეს ნაწამები კაცი აიძულეს, ენით აელოკა სითხე. მე ვიყავი მისი ადვოკატი და 2012 წელს 18 დეკემბერს ევროსასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომ დვალიშვილთან მიმართებაში დაირღვა კონვენციის მესამე მუხლი. ამის შემდეგ უკვე 19 თებერვალს დვალიშვილმა მიმართა მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს და მოითხოვა, რომ დასჯილიყვნენ პოლიციელები მალხაზ მჟავია, რეზო ქობულია, ქორიძე, აფციაური და ღაჭავა. პირადად მე მივმართე არჩილ კბილაშვილს, მითხრა, ყველაფერი კარგად იქნებაო.

გავიხედე და რევაზ ქობულია, ვინც აწამა დვალიშვილი, დაინიშნა პოლიციის სამმართველოს უფროსად წყალტუბოში. რა გამოდის? მთავარი პროკურორი ვერ აძლევს დამნაშავეს პასუხისგებაში? ეს არ არის უპასუხისმგებლობა?

ასევე, უპრინციპობა გამოიჩინა კბილაშვილმა მაშინ, როცა მერიის მაღალჩინოსნებს დაადეს ხელბორკილი და შემდეგ რომ გაათავისუფლეს, ხომ გახსოვთ? მაშინ პრემიერს თქვენმა ჟურნალისტმა გელა ზედელაშვილმა ჰკითხა ეს რანაირად მოხდაო და პრემიერმა დაადასტურა, რომ ნამდვილად დააკავეს ეს პირები, მაგრამ თან უპასუხა, ჩვენ არ გვაწყობდა, რომ რასმუსენის სტუმრობის დროს ამ ხალხს ბორკილები ჰქონოდათ დადებულიო. ანუ, პრემიერმა დაადასტურა ხალხის დაკავება, ხომ? მაგრამ უკანონო დაკავება ნიშნავს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ვინმე დაჯდა საბრალდებო სკამზე? პირველი პირები არ უნდა მიცემულიყვნენ პასუხისგებაში? ამას აკეთებდა სააკაშვილი, როცა ფარავდა მერაბიშვილისა და ადეიშვილის დანაშაულს, მოხდა თუ არა იგივე ამჟამადაც? აქედან გამომდინარე, რახან იგივე მოხდა, პასუხი არავინ აგოს?

ავიღოთ მამუკა მიქაუტაძის საქმე, რომელიც შეიყვანეს მოწმის სტატუსით და საიამ დადო თავისი დასკვნა, რომ მიქაუტაძეს ჰქონდა ზემოქმედების კვალი, ამაზე პასუხი აგო ვინმემ? ამას გააკეთებდა ძალიან პრინციპული კი არა, ნახევრად პრინციპული პროკურორიც კი, და ამაზე საქმეს აღძრავდა. რა გამოდის? მე სააკაშვილი რატომ მოვიშორე? იმიტომ რომ ასეთ რამეებს აკეთებდა და ახლა მთავარი პროკურორი აკეთებს იგივეს? ესაა უბედურება. აქედან გამომდინარე, რახან ეს ადამიანი ვერაფერს აკეთებდა და ასე იქცეოდა, ის თავისი ნებით გადადგებოდა? რა თქმა უნდა, არა.

- მაშინ რა მოხდა?

- რა მოხდა და უთხრეს, დამთავრდა შენი ფოტომოდელობა კბილაშვილოო და ძალით გადააყენეს, რადგან გადადგომასაც ვაჟკაცობა და გაბედულება უნდა. ეს ხელისუფლება მოვიდა გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, გამცემლიძის საქმით და, როცა გირგვლიანის საქმეზე ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანებს ბრალს უყენებენ და ის არ სრულდება, რა გამოდის? სააკაშვილი რასაც არ აკეთებდა პირველ წელს, ის გააკეთა ივანიშვილმა. გაკვირვებული ვარ, რატომ არის გაჩუმებული ხალხი? ყველა გაჩუმებულია, მარტო ზაზა ხატიაშვილი ყვირის, რომ საქართველოში ადამიანები არ აწამონ.

- უკვე რიტორიკულ კითხვად იქცა: რატომ არ მიდის ეს საქმეები ბოლომდე, როცა ლამის ყველამ ყველა დეტალი ვიცით? პროკურატურა რატომ არ ძრავს ამ საქმეებს ადგილიდან?

- იქ არიან ის პროკურორები, მე და შენ, ჩემო კარგო, დასაჭერად რომ დაგვდევდნენ. ისინი უფრო მაღალ თანამდებობებზე არიან და ვინ უნდა დაიჭირონ, თავის თავს ხომ არ დაიჭერენ? ეს იყო საარჩევნო აფიორა, რაც პრემიერმა გააკეთა: შეჰპირდა ხალხს ერთს და გააკეთა მეორე. უფრო მეტს გეტყვით, როცა "ოცნება" ხელისუფლებაში მოდიოდა, ხალხს უთხრეს, შეიქმნება მართლმსაჯულებაში ხარვეზების დამდგენი კომისია და ყველა დაზარალებულის საქმე განიხილებაო. ამას მარგველაშივლის არჩევნების წინაც ჰპირდებოდნენ ხალხს. ამას რა სჭირდება – ბიუჯეტის შევსება, განსაკუთრებული ფინანსების მოზიდვა, თუ რა?

- კარგია, ამაზე რომ დაიწყეთ საუბარი, როგორც ცნობილი გახდა, მთავრობამ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ კანონპროექტი დაიწუნა და პარლამენტი მას არ განიხილავს. რა ხდება, არ არის მართლმსაჯულებაში ხარვეზები?

- მაგას გეუბნებით: ანუ, გამოდის, მთავრობამ დაბლოკა ეს კანონი, ხომ? ხალხი მოატყუეს და ამით მიაცემინეს ხმა. ეს ადამიანები მარგველაშვილს დასდევდნენ უკან, ხმა მაგიტომ მისცეს და გადაყრილები არიან, აბა, რა! თვითონ მოსხდნენ სკამებზე, ფეხი ფეხზე გადაიდეს და მიდიიიი... რაც იყო "ნაციონალების" დროს. მეტსაც გეტყვით, ადვოკატთა კანონში შედის ცვლილება, სადაც მე-7 მუხლში განსაზღვრული იყო, რომ ადვოკატმა უნდა შეინახოს პროფესიული საიდუმლოება. ამ კანონს უმატებენ მესამე პუნქტს, რის მიხედვით, პროფესიულ კანონში ისეთი ცვლილება შედის, სააკაშვილს რომ არ გაუკეთებია. ცოტა გადავხტი და ლაპარაკია კანონზე "უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ". წავიკითხავ: "საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარიგების თაობაზე ადვოკატი ინფორმაციას აწვდის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს". გესმით, რა ხდება ანუ, ადვოკატმა თავისი კლიენტი უნდა გაყიდოს და ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ფინანსურ სამსახურს, რომ გარიგებაში მონაწილეობს. გამოდის, ადამიანი გარიგებას ვერ დადებს, რადგან ნებისმიერ გარიგებას ესენი გახდიან საეჭვოს. ვხვდები არასამთავრობო სექტორს და გვინდა რამე დავუპირისპიროთ ამას. ამაზე სამოქალაქო საზოგადოება არის გაჩუმებული და მე გაოცებული ვარ. რა გამოდის? პრინციპში იქმნება პოსტსაბჭოური ქვეყანა, სადაც გაკონტროლდება ყველაფერი ერთი ადამიანის მიერ, პრეზიდენტი იქნება, თუ ვინ, რა მნიშვნელობა აქვს. კანონში ასეთი ცვლილებები რომ შედის, კარგს რას ელოდებით?

- ადვოკატები ამ კანონით უნდა შეიზღუდოთ, გეთანხმებით.

- შევიზღუდოთ? ეს არის ადვოკატთა განადგურება და ადვოკატებისგან ჩამშვებების შექმნა, თან კანონმდებლობის ენაზე. ანუ, ადვოკატი უკვე ვალდებული იქნება ინფორმაციის გადაცემაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადვოკატს ან დაიჭერენ, ან ეთიკის კომისიის მიერ გაირიცხება.

- რა ეტაპზეა ეს პროექტი პარლამენტში?

- ერთი მოსმენით უკვე განიხილეს და ოთხშაბათს, 13 ნოემბერს იხილავენ მეორე მოსმენით. ეს არის საშინელება. აპრილში, როცა "პროკურატურის შესახებ" კანონი შედიოდა, როცა დამნაშავე პროკურორების საქმეს იუსტიციას ართმევდნენ და პროკურატურას მიჰქონდა, მაშინ ვიძახდი: ხმა ამოიღეთ, დავიღუპეთ, საპროკურორო სახელმწიფო იქმნება-მეთქი. ერთ ყურში შეუშვეს და მეორე ყურში გაუშვეს. ერთადერთი "ალია" მომეხმარა და, როცა მოწმის დაკითხვა უნდა მომხდარიყო პოლიციაში, ეს დავბლოკეთ, მაგრამ ახლა რა კანონებს მიიღებენ კიდევ, არ ვიცი.

- რაც ამ ბოლო დროს ცვლილებები განხორციელდა პროკურატურაში, როგორ შეაფასებდით ამას?

- ვალდებულები არიან, მთავარი პროკურორის ცვლილებების შემთხვევაში, მოადგილეებიც გაათავისუფლონ. მაგრამ ლაშას დააბრუნებენ: ან ახლიდან დანიშნავენ, ან სხვა უკეთეს ადგილას გადაიყვანენ. ნაცვლიშვილი საკმაოდ სკანდალური პირია სამოქალაქო საზოგადოებისთვის და, როგორც ასეთი, მოისროლონ, არა მგონია. ეს საცოდავი კბილაშვილი იყო ერთი წესიერი, ბუნჩულა კაცი და ასევე საცოდავადაც წავიდა. ახლა მაგას შეაწმენდენ ხელს და მაგას დააბრალებენ ყველაფერს, აგერ ნახავთ.

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა