ბაჩო ახალაია - პირობას ვდებ, არავის შერჩება პოლიციელზე ხელის აღმართვა

ბაჩო ახალაია - პირობას ვდებ, არავის შერჩება პოლიციელზე ხელის აღმართვა

ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი პირდაპირ არის კავშირში ხელისუფლების ზედმეტად ლიბერალურ დამოკიდებულებასთან კრიმინალის მიმართ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ახალაიას განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა.

"ჩემთვის უმძიმესია იმის გააზრება, რომ დღეს ქვეყანაში კანონიერი ქურდები და ამ სამყაროს სხვა წარმომადგენლები ახერხებენ შური იძიონ სამართალდამცავებზე, ადამიანებზე ვინც ბოლო წლების მანძილზე თავდაუზოგავად შრომობდა და იბრძოდა საზოგადოების სიმშვიდისათვის და მათი კრიმინალისაგან დასაცავად. მიმაჩნია, რომ ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი პირდაპირ არის კავშირში ხელისუფლების ზედმეტად ლიბერალურ დამოკიდებულებასთან კრიმინალის მიმართ და უფრო მეტიც, ვთვლი, რომ კანონიერი ქურდები წახალისებულნი არიან სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

უდაოა, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ სახელმწიფომ უარი თქვა პოლიციელების დაცვაზე. გაჩნდა განცდა, რომ პოლიციელის შეურაცხყოფა ყველა იმ ადამიანს შეუძლია, ვისაც ჯიბეში 100 ლარი უდევს.

მინდა თანავუგრძნო დაზარალებულ პოლიციელს, მის ოჯახს და გამოვთქვა იმედი უახლოეს პერიოდში სწორედ რიგით სამართალდამცავებთან ერთად კვლავ შევძლებთ ქვეყნის დაცვას, როგორც საგარეო, ასევე საშინაო საფრთხეებისაგან. ვდებ პირობას, არავის შერჩება პოლიციელზე ხელის აღმართვა და დღეს თუ ხვალ უმკაცრესად აგებენ პასუხს კანონის წინაშე", - აღნიშნულია ახალაიას განცხადებაში.

ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დღეს დაჭრილი იპოვეს. უცნობმა პირებმა მას ყური მოაჭრეს, სცემეს, საპატრულო პოლიციის ფორმა გახადეს და ადგილზე დატოვეს. მას სავარაუდოდ, ფეხიც აქვს მოტეხილი. შემთხვევა ზუგდიდში, კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილი პოლიციელი ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ