ხვალ მთელი ქვეყნის რკინიგზა გაჩერდება

ხვალ მთელი ქვეყნის რკინიგზა გაჩერდება

რკინიგზაში გაფიცვისთვის ემზადებიან. იმ შემთხვევაში, თუ რკინიგზის ხელმძღვანელობა "საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების" მიერ წამოყენებულ პირობებს არ დააკმაყოფილებს, ხვალიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, სარკინიგზო მომოსვლა შეწყდება. პროფკავშირებში ამბობენ, რომ ისინი მოთხოვნებს არ შეცვლიან და თუ დღეს რკინიგზის ხელმძღვანელობისგან პასუხს არ მიიღებენ, ხვალ უკვე მოქმედებაზე გადავლენ.

ხელფასების მომატებისა და შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი აქცია ერთი წლის წინაც გამართეს. 2012 წლის ოქტომბერში რკინიგზის პირველი სამმართველოს მახარისხებელი დეპო, რომელიც თბილისის გარეუბანში, "აფრიკის" სახელით ცნობილ დასახლებაში მდებარეობს, ორი საათით საპროტესტო მოძრაობის ცენტრად იქცა. აქციაში მონაწილე 100-მდე ადამიანმა, ძირითადად, მემანქანეებმა, მათმა თანაშემწეებმა და ზეინკლებმა დეპოს სრული პარალიზება მოახდინეს.

იმ დღეს რკინიგზაზე ორი საათით გაჩერდა მოძრაობა, მათ შორის, ხაშურისა და სამტრედიის დეპო. ამ ორი საათის განმავლობაში არც ერთი ელმავალი არ გასულა დეპოდან, თუმცა შემდეგ გაფიცვა შეწყდა.

გაფიცვის საფრთხე და უფრო მასშტაბური დღესაც არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ "საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირები" ადმინისტრაციისგან შესაბამის პასუხს არ მიიღებენ, უკვე ხვალიდან რკინიგზაზე მოძრაობა მთელი საქართველოს მასშტაბით გაჩერდება.

სათოთხმეტნოემბრო გაფიცვასთან დაკავშირებით ინფორმაცია რკინიგზელებმა გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ხუთშაბათს შეწყდება როგორც ტვირთის გადაზიდვა, ისე მგზავრების გადაყვანა.

პროფკავშირების ინფორმაციით, შპს "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელობა ორი კვირაა მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას თავს არიდებს და აცხადებს, რომ კომპანია რკინიგზელების აღნიშნული სამი ძირითადი მოთხოვნის გათვალისწინებას არ აპირებს. რკინიგზელები ადმინისტრაციას ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, გამჭვირვალე საპრემიო სისტემის დაწესებას და დანამატების სტაჟისა და კვალიფიკაციის მიხედვით გაცემას სთხოვენ.

"კოლექტივის მიერ გაფიცვის უფლების მისაღებად შრომის კოდექსით გათვალისწინებული 21-დღიანი ვადა წინა კვირას ამოიწურა. მიუხედავად ამისა, შრომითი დავის სამ საკვანძო საკითხთან დაკავშირებით – ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, სამართლიანი და გამჭვირვალე საპრემიო სისტემის დაწესება, დანამატების გაცემა სტაჟისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით - შეთანხმების მიღწევისა და შესაბამისად გაფიცვის თავიდან აცილების მიზნით, "რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა" შპს "საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციას დამატებით 10-დღიანი კონსულტაციების გამართვა შესთავაზა. აღნიშნული ვადა სწორედ 14 ნოემბერს იწურება", - განაცხადეს პროფკავშირში.

მათი ინფორმაციით, შპს "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელობა ორი კვირაა მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას თავს არიდებს. "ნაცვლად გაფიცვის თავიდან აცილებისა, ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირისგან პროფკავშირის ლიდერების მიმართ მუქარაც გაისმა. გამოვლინდა პროფკავშირის წევრების შეკრებისათვის ადმინისტრაციის მხრიდან ხელის შეშლის ფაქტებიც. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონდომება, რომელიც დაძაბულობის განმუხტვისაკენაა მიმართული, ჯერჯერობით მიზანს ვერ აღწევს," - აცხადებენ პროფკავშირში.

"რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების" მოთხოვნას ეთანხმება პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია. "ხელისუფლება თავს იწონებს ახალი შრომის კოდექსით, მაგრამ რეალურად კანონის აღსრულების მაქანიზმი არ არსებობს. სამწუხაროა, რომ ადმინისტრაცია უარს აცხადებს ისეთი ელემენტარული პირობების შესრულებაზე, რაც ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში დაკმაყოფილებული უნდა იყოს", - აცხადებს გოჩა ალექსანდრია.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ "საქართველოს რკინიგზაში". როგორც "რეზონანსს" რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ჯერ მათთან არ შეუტანიათ განაცხადი გაფიცვაზე.

"შეხვედრები იყო, მაგრამ გაფიცვას რაც შეეხება, ჯერ უნდა შემოიტანონ განაცხადი. რადგან განაცხადი შემოსული არაა, შესაბამისად, კომენტარსაც ვერ გავაკეთებთ", - განაცხადეს "საქართველოს რკინიგზაში".

გაფიცვის იდეას არ ეთანხმება რკინიგზელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვალერიან მაყიშვილი და ამბობს, რომ რკინიგზელებმა, გაფიცვის ნაცვლად, ადმინისტრაციისგან რკინიგზის განვითარება უნდა მოითხოვონ.

"გაფიცვა არავისთვის კარგის მომტანი არ არის, ამიტომ უპრიანი იქნება, თუ რკინიგზელები გაფიცვაზე უარს იტყვიან და მოითხოვენ თავად იმ დარგის განვითარებას. დღეს რკინიგზაში არაფერი კეთდება, რომ ის განვითარდეს, საიჭროა, ამ სფეროში პროფესიონალების დასაქმება მოხდეს. მაშინ გაიზრდება შემოსავლებიც და, რა თქმა უნდა, ხელფასებიც. ვიმეორებ, დღეს გაფიცვა გამოსავალი არ არის", - განუცხადა "რეზონანსს" მაყიშვილმა.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია